როგორც იქნა: ლუუკ დე იონგი "გლადბახშია"!

AutoSharing Option
მიონხენგლადბახის "ბორუსია" და "ტვენტე" ლუუკ დე იონგის შესახებ მოლაპარაკებებს დიდხანს, რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდნენ და საუბრები რამდენჯერმე შევიდა ჩიხში, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც ისე დამთავრდა, რომ სამივე მხარე კმაყოფილი დარჩა: 18 ივლისს გადაწყდა და საბოლოოდ დადასტურდა, რომ 21 წლის ჰოლანდიელი გოლეადორი კარიერას "გლადბახში" გააგრძელებს.

"გლადბახი" და "ტვენტე" საბოლოოდ 15 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, ხოლო დე იონგი გერმანულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ლუუკი მიონხენგლადბახური კლუბის უდიდეს ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდა.

"ბორუსიას" მხრიდან დე იონგის ტრანსფერი
გუშინ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა დაადასტურა: "როგორც იქნა, ლუუკის გადმოსვლა გადაწყდა. ლუუკი გუნდს პარასკევს შეუერთდება. მისი სახით უნიჭიერესი თავდამსხმელი შეგვემატება, რომელიც მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უკვე საკმაოდ გამოცდილი და თამამად ვიტყვი, ჩამოყალიბებული გოლეადორია".

მიონხენგლადბახელებმა დე იონგი გუშინვე წარადგინეს. "მიხარია, რომ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც მინდოდა. "გლადბახში" გადმოსვლის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავი.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი ნაბიჯია. მიონხენგლადბახური კლუბის ხელმძღვანელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ტრანსფერი შემდგარიყო. ბუნდესლიგაში თამაში გაცილებით რთულია, თუმცა მე მაქსიმალურად მოვინდომებ და იმედი მაქვს, რომ "გლადბახიდან" ჰოლანდიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაშიც დავიმკვიდრებ ადგილს", - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე დე იონგმა.

კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ ლუუკ დე იონგმა ჰოლანდიის ჩემპიონატის 31 მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა და სწორედ ამიტომ იბრძოდა მისი გადაბირებისთვის "გლადბახის" თავკაცი ლუსიენ ფავრი ასე თავგამოდებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიონხენგლადბახელებს რამდენიმე სერიოზული კონკურენტი ჰყავდათ და საბოლოოდ გადამწყვეტი როლი თვითონ ფეხბურთელის სურვილმა ითამაშა, რომელმაც თქვა, მხოლოდ "გლადბახში" თამაში მინდაო.

დე იონგს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზეც იმყოფებოდა, თუმცა ჰოლანდიის ნაკრების არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, განსაკუთრებული მონდომებით ინგლისური კლუბები იწვევდნენ, მაგრამ ფორვარდმა არჩევანი "გლადბახზე" შეაჩერა, რადგან მიაჩნია, რომ "ბორუსიაში" განვითარების უკეთესი პერსპექტივა აქვს. მისი თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისიც იყო, რომ "გლადბახი" ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.

რაც შეეხება გაწელილ მოლაპარაკებებს: "ტვენტე" თავიდან 20 მილიონ ევროს ითხოვდა და ენსხედელთა ბოსები ამბობდნენ, ერთ ცენტსაც არ დავაკლებთ, რადგან რამდენიმე კლუბი მზადაა, ამაზე მეტიც გადაგვიხადოსო, მაგრამ მერე დე იონგმა აღნიშნა, რომ კარიერის რუსეთში გაგრძელებას (რუსული კლუბები "ტვენტეს" 25 მილიონს სთავაზობდნენ) კატეგორიულად გამოვრიცხავო და "ტვენტე" იძულებული გახდა, 15 მილიონს დათანხმებულიყო.

ლუუკ დე იონგის ტრანსფერის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ "გლადბახი" ახალი სეზონისთვის უკვე სრულ მზადყოფნაშია - ფავრი და ებერლი სხვა ფეხბურთელების დამატებას არ გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ მანამდე "გლადბახმა" გრანიტ ჯაკა ("ბაზელიდან", 8.5 მილიონად), ბრანიმირ ჰრგოტა ("იონკოპინგსიდან", 400 000), ალვარო დომინგესი ("ატლეტიკოდან", 7 მილიონი) და პენიელ მლაპა (ჰოფენჰაიმიდან, 2.5 მილიონი) გადაიბირა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ სენსაციური სეზონის შემდეგ მიონხენგლადბახი მარკო როისმა (დორტმუნდის "ბორუსიაში" 17.1 მილიონ ევროდ გაიყიდა) და დანტემ ("ბაიერნში", 4.7 მილიონი) დატოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული