მიუნხენის "ბაიერნს" ბასტიან შვაინშტაიგერი ადარდებს

AutoSharing Option
მიუნხენსა და ზოგადად, საფეხბურთო გერმანიაში ბასტიან შვაინშტაიგერის გამო ახლა უკვე სერიოზულად ნერვიულობენ.

27 წლის ნახევარმცველი გასულ სეზონში ტრავმებით დაიტანჯა, ევროპის ჩემპიონატზეც ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა და ტრავმა ახლაც არ აქვს ბოლომდე მოშუშებული.

ორშაბათს "ბაიერნი" ჩინეთში მიდის და გუშინ გავრცელებული ცნობების თანახმად, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რეკორდმაისტერი შვაინშტაიგერს ამ ტურნეში არ იახლებს.

"მიუნხენერ მერკურის" ინფორმაციით, ბასტიანმა "ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესს თავად სთხოვა, აზიაში ნუ წამიყვანთო. "ბილდი" კი იუწყება, რომ ბავარიელები შვაინის მიუნხენში დატოვებენ, სადაც ინდივიდუალურად მოემზადება. გამორიცხული არ არის, რომ მიუნხენში სხვა ფეხბურთელებიც დარჩნენ...

"ფეხბურთელს
არავისთვის არაფერი უთხოვია. ვინ უნდა წავიდეს ჩინეთში და ვინ რჩება მიუნხენში, ამას მხოლოდ მწვრთნელი და შემდეგ ხელმძღვანელები ვწყვეტთ, - აცხადებს ბავარიელთა ახალი სპორტული დირექტორი მათიას ზამერი, - შექმნილ ვითარებას ამ დღეებში გავაანალიზებთ და შემდეგ გადავწყვეტთ, უნდა წამოვიდეს თუ არა ჩინეთში ესა თუ ის მოთამაშე".

"ჩვენთვის ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ახალ სეზონს ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად კარგად მომზადებული და ჯანმრთელი შეხვდეს. ბასტიანს მძიმე სეზონი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ კარგად დაისვენა, მენტალურად არ არის ისეთ დონეზე, როგორსაც ჩვენ მისგან ვითხოვთ.

მასზე განსაკუთრებით ვიზრუნებ და დარწმუნებული ვარ, რომ ახალ სეზონში ფანები ისევ ძველ შვაინშტაიგერს იხილავენ," - ეს ჰაინკესის სიტყვებია.

ორი ვარიანტია: შვაინის მიუნხენში დატოვების მიზეზი ან რისკის თავიდან აცილებაა, ანაც ფეხბურთელის ტრავმა, რომელსაც არ ახმაურებენ. "ბაიერნის" ფანებს ნერვიულობის მიზეზი ორივე შემთხვევაში აქვთ...

მანჯუკიჩმა და პისარომ დონ იუპი აღაფრთოვანეს
ზოგადად, ბავარიული გიგანტის 67 წლის მწვრთნელი ბევრ რამეშია დარწმუნებული - გარდა სრულყოფილი შვაინშტაიგერის დაბრუნებისა, ჰაინკესს ისიც სჯერა, რომ ახალი თავდამსხმელები მარიო მანჯუკიჩი (26 წლის) და კლაუდიო პისარო (33) რეკორდმაისტერს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ, რაც სეზონის დაწყებისთანავე გამოჩნდება.

"გავრისკავ და ვიტყვი: გასულ სეზონში მანჯუკიჩი და პისარო ჩვენი ფეხბურთელები რომ ყოფილიყვნენ, მინიმუმ ერთ ტიტულს მაინც მოვიგებდით. მათ ყველაფერი შეუძლიათ, რაც კარგ თავდამსხმელს უნდა შეეძლოს: აქვთ ტექნიკა, კარგი დარტყმა, საგოლე ალღო, შესანიშნავად თამაშობენ თავით და ბრძოლისუნარიანებიც არიან.

მარიო გომესს არ ვაკნინებ, ის ჩვენი მთავარი გოლეადორია, მაგრამ მისი ალტერნატივები ძალიან გვჭირდებოდა - განსაკუთრებით ისეთ მეტოქეებთან, რომლებიც დაცვით ფეხბურთს გვეთამაშებიან.

ასეთ დროს ორი ასეთი ჯოკრის ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ბედნიერებაა," - ამბობს ჰაინკესი "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული