"ბორუსია" მაშინ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას რელეგაციაზე გადაურჩა, მომდევნო სეზონში კი ფურორი მოახდინა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ახლა მიონხენგლადბახელებმა რამდენიმე ძალიან საინტერესო ტრანსფერი გაჩარხეს და ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადებიან.
ლუუკ დე იონგის ტრანსფერის შემდეგ "გლადბახს" გერმანიაში უკვე ძალიან სერიოზულად უყურებენ. 21 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რომელიც "ბორუსიამ" "ტვენტედან" 15 მილიონ ევროდ იყიდა, ლუსიენ ფავრის
"გლადბახმა" ახალ ფეხბურთელებში უკვე 35 მილიონი ევრო დახარჯა მაშინ, როცა "ბაიერნს" 29.7, ხოლო ჩემპიონ "დორტმუნდს" კი 26.4 მილიონი აქვს დახარჯული.
"ჩვენ ვთქვით, რომ ტრანსფერებიდან აღებულ ფულს ისევ ტრანსფერებში დავხარჯავდით და დანაპირები შევასრულეთ. თანაც, დანტესა და მარკო როისში აღებულ ფულზე გაცილებით მეტი დავხარჯეთ, რადგან გვინდა, რომ შარშანდელზე ძლიერი გუნდი გვყავდეს.
ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და გაისად ისევ მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა", - აცხადებს მიონხენგლადბახელთა მენეჯერი მაქს ებერლი.
დე იონგამდე მან "გლადბახში" ცენტრალური მცველი დომინგესი (23 წლის, "ატლეტიკოდან"), ნახევარმცველი ჯაკა (19/ბაზელიდან), ფორვარდები მლაპა (21/ჰოფენჰაიმი) და ჰრგოტა (19/იონკოპინგსი) ჯამში 20 მილიონად შეიძინა. ახლა კი ამ თანხას "ტვენტესთვის" დე იონგში გადახდილი 15 მილიონიც დაემატა.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, ტრანსფერებში დახარჯული ფულის მიხედვით "გლადბახი" ევროპაში მეოთხე ადგილზეა, ჩამორჩება რა მხოლოდ პსჟ-ს (90 მილიონი), "ჩელსის" (49.8) და "იუვენტუსს" (45.9).
როგორ და საიდან ახერხებს ამდენი ფულის დახარჯვას "გლადბახი", რომელიც 14 თვის წინ კინაღამ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა?
შეგახსენებთ, რომ "ბორუსიამ" მარკო როისში (დორტმუნდში გადავიდა) 17.5 მილიონი ევრო აიღო, ხოლო დანტეს (ბაიერნში) სანაცვლოდ - 4.6 მილიონი. ამას გარდა, თუ "გლადბახი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, პრემიებისა და სატელევიზიო შემოსავლების სახით ჯამში მინიმუმ 20 მილიონს მიიღებს...
რას ელიან კონკურენტები გლადბახისგან?
ზემოთ ვთქვით, რომ გერმანიაში ამ "გლადბახს" უკვე სერიოზულად უყურებენ. ექსპერტების აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა, რომ ფავრის გუნდი მომავალ სეზონშიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, ზოგიერთი კი იმაზეც ფიქრობს, რომ მიონხენგლადბახელებს გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეუძლიათ.
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი:
"გლადბახმა" ჯაკას, დომინგესისა და დე იონგის სახით სამი შესანიშნავი ფეხბურთელი იყიდა. თამამად ვიტყვი, რომ ეს გუნდი თეორიულად უკვე გრანდია".
"შალკეს" თავკაცი ჰუუბ სტევენსი:
"მიონხენგლადბახელებს შეუძლიათ იამაყონ ამ ტრანსფერებით და თამამად შეუძლიათ იმის თქმა, რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებენ. განსაკუთრებით ლუუკ დე იონგი გამოადგებათ, რომელიც ახალგაზრდა და უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავია".
"ლევერკუზენის" სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი:
"გლადბახის" სატრანსფერო აქტივობებიდან ჩანს, რომ ამ გუნდს მომავალ სეზონშიც მაღალი ამბიციები ექნება. ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორად მოიქცნენ, როისში და დანტეში აღებული თანხები გუნდის გაძლიერებას რომ მოახმარეს".
ფრანკფურტის "აინტრახტის" მწვრთნელი არმინ ფეე:
"მიონხენგლადბახელებმა ძალიან კარგად ივაჭრეს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონშიც საუკეთესოთა შორის იქნებიან".
"ვერდერის" სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი:
"გლადბახის" ახალწვეულების გვარებს თუ გადავხედავთ, თამამად უნდა ვთქვათ, რომ ამ გუნდის ხელმძღვანელებმა ძალიან კარგად იმუშავეს.
სხვა საქმეა, მოახერხებენ თუ არა ახალწვეულები იმედების გამართლებას. თუ გაამართლეს, "ბორუსიამ" შეიძლება ჩემპიონობისთვისაც კი იბრძოლოს".
"ჰოფენჰაიმის" მწვრთნელი მარკუს ბაბელი:
"გლადბახისგან" უკვე ყველაფერს უნდა ველოდოთ. მაქს ებერლი და ლუსიენ ფავრი იდეალურად მუშაობენ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"