ალბათ შექმნილი სიტუაციის ლოგიკური შედეგია ის, რაც ჰაინკესმა 20 ივლისს, ტრენტინოს შეკრების ბოლო დღეს თქვა - "ბაიერნის" თავკაცმა ხმა აიმაღლა და ისეთები ილაპარაკა, მისგან ნაკლებად რომ მოელოდნენ.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას "დონ იუპმა" საუბარი გუნდის მოტივირებით დაიწყო და თქვა,
"გასულ სეზონში ისევ უტიტულოდ დავრჩით, რაც "ბაიერნისთვის" კატასტროფის ტოლფასია. შესაბამისად, ფეხბურთელებს ვარჯიშებზე გაორმაგებულ მონდომებას ვთხოვ.
შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ზოგიერთი მათგანის განწყობა და საქმისადმი მიდგომა არ მომეწონა და ეს თითოეულს პირდაპირ ვუთხარი".
ამის შემდეგ, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ჰაინკესს ზამერზე ჩამოუგდეს სიტყვა და სწორედ აქ აფეთქდა იუპი:
"მათიას ზამერი "ბაიერნში" მხოლოდ ჩემი თანხმობის შემდეგ დაინიშნა. დღეს ვერცერთი თავმომწონე კლუბის ვერცერთი ხელმძღვანელი ვერ დანიშნავს მენეჯერსა თუ სპორტულ დირექტორს მთავარი მწვრთნელის თანხმობის გარეშე.
მოკლედ, რომ არა ჩემი "ჰო", მათიასი "ბაიერნში" არ დაინიშნებოდა", - ლამის ყვიროდა მიუნხენელთა თავკაცი.
ბოლო დროს გერმანულ პრესაში მის მიმართ კრიტიკამ იმატა, რაზეც ბავარიელთა დამრიგებელს ასეთი პასუხი აქვს:
"გასულ სეზონში 73 ქულა ავიღეთ, 2010-ში კი "ბაიერნი" 70 ქულით ჩემპიონი გახდა. ჩვენ 18 მატჩში შევინახეთ კარი მშრალად, შარშან კი მხოლოდ 8 შეხვედრაში არ გავუშვით გოლი. ამასთან, წელს უფრო უკეთესი ბურთების შეფარდება დავაფიქსირეთ, ვიდრე შარშან და მიუხედავად ამისა მაინც მაკრიტიკებთ? განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ" გვაჯობა.
მესმის, რომ ეს "ბაიერნია" და ვიცი, რომ "ბაიერნი" წარმატება თუ წარუმატებლობა მხოლოდ ტიტულებით განისაზღვრება, მაგრამ ძალიან მწყინს, როცა შესრულებულ სამუშაოს არ მიფასებენ".
ჩინეთში შვაინისა და ლამის გარეშე
მოლოდინი გამართლდა: "ბაიერნი" ჩინურ ტურნეზე ბასტიან შვაინშტაიგერის გარეშე მიდის. ეს საბოლოოდ 20 ივლისს დადასტურდა და გაირკვა ისიც, რომ რეკორდმაისტერს ჩინეთში არც კაპიტანი ფილიპ ლამი გაჰყვება.
"ბაიერნის" ოფიციალური განცხადების თანახმად, შვაინშტაიგერს ახლა ტრავმა არ აწუხებს, ჩინეთში კი მხოლოდ იმიტომ არ მიჰყავთ, რომ ექიმებმა მისი წაყვანა სარისკოდ მიიჩნიეს და შვაინის დასვენება ურჩიეს.
გადაღლილობაა ლამის არწაყვანის მიზეზიც.
"ფილიპმა ბოლო წლებში თითქმის ყველა მატჩი ჩაატარა და დასვენება არც მას ეყო. გაუმართლებელ რისკზე წასვლა კი არ გვინდა", - აღნიშნა ჰაინკესმა. შვაინიცა და ფილიპიც ამ დღეებში მიუნხენში ინდივიდუალურად ივარჯიშებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"