დავიდ ალაბა და რაფინია დაშავდნენ

AutoSharing Option
20 ივლისს "ნაპოლისთან" გამართული ტესტ-მატჩი "ბაიერნს" ძვირად დაუჯდა - ჯერ ერთი, მიუნხენელები 2:3 დამარცხდნენ და გარდა ამისა, ხსენებულ შეხვედრაში მარცხენა მცველი დავიდ ალაბა დაუშავდათ.

რეკორდმაისტერის ექიმებმა 20 წლის ავსტრიელს შაბათს დეტალური გამოკვლევა ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ ალაბა "ბაიერნს" მინიმუმ თვენახევარი ვეღარ დაეხმარება, რაც ბავარიელებისთვის სერიოზული დარტყმაა, რადგან მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ალაბას ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებდა. "ბაიერნის" ექიმები დღეს გადაწყვეტენ, გაუკეთონ თუ არა დაშავებულს ოპერაცია.

ალაბასთან ერთად, ტრავმირებულია ბრაზილიელი მარჯვენა მცველი რაფინიაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაინკესის შესაძლო გეგმა, ფილიპ ლამი
დროებით მარჯვნივ გადაეყვანა, ხოლო მარცხნივ რაფინიას ეთამაშა, უკვე ჩაშლილია.

მიუნხენური კლუბის ოფიციალური განცხადებით, ბრაზილიელი ვერც გერმანიის თასის პირველ ეტაპზე ("რეგენსბურგი"-"ბაიერნი", 20 აგვისტოს) იასპარეზებს და რეკორდმაისტერს ბუნდესლიგის პირველ ტურშიც ("ფიურტი"-"ბაიერნი", 25 აგვისტოს) ვერ დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ რაფინიაც "ნაპოლისთან" შეხვედრაში დაშავდა, ოღონდ, ალაბას შემთხვევისგან განსხვავებით, მის ტრავმაში ბრალი არცერთ ნეაპოლელ ფეხბურთელს არ მიუძღვის. "ბაიერნის" სამედიცინო შტაბის განცხადებით, რაფინია ლაზარეთში მინიმუმ ერთ თვეს დაჰყოფს.

"ბაიერნი" დღეს ჩინეთში, ხუთდღიან ტურნეზე მიდის და ამრიგად, ბასტიან შვაინშტაიგერისა და ფილიპ ლამის შემდეგ, ალაბა და რაფინიაც მიუნხენში რჩებიან.

რეკორდმაისტერი ჩინეთში ორ ტესტ-მატჩს გამართავს: სამშაბათს პეკინში "გოუანს" შეხვდება, ხოლო ორი დღის შემდეგ გვანჯუში "ვოლფსბურგს" გაეჯიბრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული