"შალკემ" და "დორტმუნდმა" იბრაჰიმ აფელაის დაუმიზნეს

AutoSharing Option
ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, "ბარსელონას" ახალ თავკაც ტიტო ვილანოვას ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი იბრაჰიმ აფელაი აღარ სჭირდება და ამ უკანასკნელს შეუძლია, ახალი გუნდი მოძებნოს.

"ელ მუნდო დეპორტივოს" ინფორმაციით, 26 წლის აფელაის მთხოვნელების რიგი დაუდგა. ყველაზე მეტად კი გერმანული კლუბები, ერთმანეთის მოსისხლე მტრები, ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია" და გელზენკირხენის "შალკე" აქტიურობენ.

თავად აფელაიმ არაერთხელ თქვა, თუ "ბარსადან" წავალ, მხოლოდ ისეთ გუნდში გადავალ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებსო და ამ მხრივ ვერც "დორტმუნდს" დაუწუნებს რამეს და ვერც "შალკეს" - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში ორივე
კლუბს გარანტირებული აქვს.

დორტმუნდელები შინჯი კაგავას "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ, ყოველი შემთხვევისთვის, ერთ კარგ შემტევ ნახევარმცველს ეძებენ. "შალკეს" კი ასეთი ფეხბურთელი ძალიან სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ გელზენკირხენელებს აფელაის გადაბირება ჯერ კიდევ მაშინ უნდოდათ, როცა ეს უკანასკნელი "ეინდჰოვენში" ასპარეზობდა, მაგრამ მაშინ "შალკეს" "ბარსელონამ", რა თქმა უნდა, აჯობა.

"ელ მუნდო დეპორტივო" იმასაც წერს, რომ "დორტმუნდის" და "შალკეს" მთავარი კონკურენტები მილანის "ინტერი" და ლონდონის "არსენალი" არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული