ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელ მარკო როისზე დორტმუნდში უდიდეს იმედებს ამყარებენ. რას ფიქრობს თავად მარკო, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ჰერ როის, იურგენ კლოპის ალიყურების ატანა რომ მოგიწევთ, იცით?
- (იცინის) ჰო, ვიცი, რომ იურგენს მწარე ხელი აქვს. ბიჭებმა თავიდანვე მითხრეს, ისეთ დროს და ისეთ მომენტში შემოგარტყამს, ყველაზე ნაკლებად რომ ელოდებიო. ერთი-ორჯერ უკვე მითავაზა. ალიყურების არ მეშინია, მაგრამ
მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ უკვე მაღალი კლასის ფეხბურთელი ვარ და რომ "დორტმუნდში" გადმოსვლას ვიმსახურებდი. მინდა, "ბორუსიამ" გერმანიაში ტიტული შეინარჩუნოს და ჩემპიონთა ლიგაშიც ღირსეულად ითამაშოს. დორტმუნდი ჩემთვის დიდი გამოწვევაა და თავს ნამდვილად არ დავზოგავ.
- თქვენი აზრით, "ბორუსია" "ბაიერნს" წელსაც გაამწარებს?
- "დორტმუნდი" არის გუნდი, რომელსაც თავისი საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის განსაკუთრებული სტილი აქვს. ორი წელია, BVB "ბაიერნს" ყველგან და ყოველთვის უგებს და რატომ ვერ უნდა გავამწაროთ რეკორდმაისტერი წელსაც? ცხადია, რომ "ბაიერნი" უფრო ძლიერი იქნება, მაგრამ არც ჩვენ ვართ სუსტები.
თუმცა შვებულებაში ყოფნისას წავიკითხე, რომ ჩემი ახალი თანაგუნდელები მიზნად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ისახავენ და მათ მეც ვეთანხმები. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ისევ აუცილებლად ჩემპიონები უნდა გავხდეთ, რადგან ტიტულის ზედიზედ მეორედ შენარჩუნება უკვე მართლა ძალიან ძნელია - მით უმეტეს, ბუნდესლიგაში.
- რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის "შალკესთან" დუელებს?
- დორტმუნდში გავიზარდე, ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს და რა თქმა უნდა, ვიცი, რასაც ნიშნავს აქაურებისთვის რურის დერბი. "შალკესთან" თამაშებს ახლა უკვე მოუთმენლად ველი.
- წინა სეზონში "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, რაც ფანებს გულში ხინჯად აქვთ ჩარჩენილი. როგორ ფიქრობთ, "დორტმუნდი" ამჯერად ევროპაშიც "დაიქუხებს"?
- ჩემი აზრით, "დორტმუნდმა" ჩემპიონთა ლიგაში საკმაოდ კარგად ითამაშა და ჯგუფში არცერთ მეტოქეზე უარესად არ გამოიყურებოდა. რამდენიმე მატჩში კი აშკარად არ გაუმართლა. თუმცა ეს ალიბად არ გამოდგება, რადგან გერმანიის ჩემპიონი ევროსარბიელზე გაცილებით უკეთესად უნდა გამოიყურებოდეს.
ვფიქრობ, ამჯერად გაცილებით უკეთ ვითამაშებთ და ჯგუფურ ეტაპსაც აუცილებლად გადავლახავთ, რადგან ბიჭები უფრო გამოცდილები არიან. მთავარია, მოვახერხოთ და ჩემპიონთა ლიგაშიც "ბორუსიასთვის" დამახასიათებელი ფეხბურთი ვითამაშოთ. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მინიმუმ მერვედფინალში გავალთ.
- "დორტმუნდმა" "გლადბახს" თქვენს სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადაუხადა. წნეხს გრძნობთ?
- არა! იმიტომ, რომ ვიცი, ამდენი ვღირვარ. თანაც, მშობლებმა ისე აღმზარდეს, რომ თავში ავარდნა არ მჩვევია. ყოველთვის მიწაზე ვარ და ცაში არ დავფრინავ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"