ამრიგად, "ბორუსიამ" ეს უმნიშვნელო, მაგრამ მაინც თასი ვერ შეინარჩუნა. ნახევარფინალში დამარცხებული "ბაიერნი" კი მესამე ადგილს დასჯერდა - რეკორდმაისტერმა საპრიზო ადგილისთვის გამართულ მატჩში ტურნირის მეოთხე მონაწილე და მასპინძელი "ჰამბურგი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ბორუსია (დ)-ვერდერი 3:3 (პ.ს. 4:5)
ბორუსია დ. (4-2-3-1): ლანგერაკი - ჰალსტენბერგი, გიუნტერი (40. ოვომოიელა), ჰუმელსი (31. სუბოტიჩი), კირხი (40. პიჟჩეკი) - კელი, ლაიტნერი -
ვერდერი (4-2-3-1): ვოლფი - გებრე სელასიე, პრიოდლი, ლუკიმია, იგნიოვსკი - ფრიტცი, ექიჩი (40. იუნუზოვიჩი) - ელია, არნაუტოვიჩი, დე ბრუინი (40. ჰანტი) - ფიულკრუგი.
გოლები: 0:1 ფიულკრუგი (3), 0:2 ექიჩი (5), 1:2 როისი (22), 2:2 ლევანდოვსკი (24), 3:2 ლევანდოვსკი (25), 3:3 ჰანტი (49-პენ).
პენალტების სერია: 0:0 სუბოტიჩი (მეკარე), 0:1 ჰანტი, 1:1 ჰალსტენბერგი, 1:1 ფრიტცი (მეკარე), 2:1 კელი, 2:2 ვურტცი, 3:2 ოვომოიელა, 3:3 იუნუზოვიჩი, 4:3 პერიშიჩი, 4:4 ფიულკრუგი, 4:4 გროსკროიტცი (მეკარე), 4:5 პრიოდლი.
"ვერდერმა" "ლიგა ტოტალის თასზე" პირველად იასპარეზა და დებიუტი წარმატებული გამოუვიდა.
შესაბამისად, კმაყოფილი იყო ბრემენელთა მთავარი მწვრთნელი თომას შააფი, რომელმაც განსაკუთრებით მეკარე აქო:
"ბიჭებმა მასიამოვნეს! დიდი ხანია, ასეთი რამ არ მითქვამს და მიხარია, რომ მაქვს მიზეზი, ჩემი ფეხბურთელები შევაქო. ვოლფი ძალიან კარგი მეკარეა და ეს დაამტკიცა კიდეც.
პენალტების სერიაში გამარჯვება მისი დამსახურებაა. მართალია, ეს არ არის მსოფლიო თასი, მაგრამ ჩვენთვის ნებისმიერ თასს და ტიტულს, მით უმეტეს, სეზონის წინ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს".
"ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი კი თავისი შეგირდების თამაშით იმედგაცრუებული დარჩა: "თუ რომელიმე მათგანი ფიქრობს, რომ გერმანიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაშიც ასე უნდა ითამაშოს, მე მათ მშვიდ ძილს და ტკბილ სიზმრებს ვუსურვებ.
ერთ მატჩში სამი გოლის გაშვება კატასტროფის ტოლფასია და თან რა გოლები მივიღეთ? უკანა ხაზი არაერთხელ ჩავარდა, რაც ძალიან არ მომწონს," - განუცხადა კლოპმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
მატჩი დორტმუნდელი მცველების შეცდომებითა და "ვერდერის" სწრაფი გოლებით დაიწყო. ბრემენული კლუბის წინახაზელები მოქმედი ჩემპიონის მცველებს მთელ რიგ ეპიზოდებში კატა-თაგვობანას ეთამაშებოდნენ.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ კლოპმა ძირითადი შემადგენლობის მცველებიდან სასტარტოში მხოლოდ მატს ჰუმელსი ათამაშა. "ბორუსიას" დაცვა იმდენად უსუსურად გამოიყურებოდა, რომ ბრემენელებს საწყის წუთებში კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლოთ.
დაახლოებით მე-20 წუთიდან კი "დორტმუნდი" ათამაშდა და 4 წუთში 3 გოლი გაიტანა: ეს პატარა სასწაული მარკო როისის იდეალურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დაიწყო, რასაც რობერტ ლევანდოვსკის სწრაფი დუბლი მოჰყვა და "დორტმუნდმაც" თამაში შეატრიალა. შესაბამისად, ცხადია, რომ დაცვაში "ვერდერსაც" პრობლემები აქვს.
მეორე ტაიმში საგიჟეთი აღარ გაგრძელებულა - გუნდები გაცილებით დისციპლინირებულ ფეხბურთს თამაშობდნენ და საგოლე მომენტებმაც იკლო. ბრემენელთაგან ანგარიში შეცვლაზე შესულმა აარონ ჰანტმა გაათანაბრა.
ბოლო წუთზე მორიტც ლაიტცნერს "დორტმუნდისთვის" გამარჯვების მოტანა შეეძლო, მაგრამ ვერ ივარგა, რის გამოც გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო, რომელშიც, როგორც უკვე ვთქვით, უკეთესი ნერვები ბრემენელებს აღმოაჩნდათ.
მატჩი მესამე ადგილისთვის
ჰამბურგი-ბაიერნი 0:1
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი, ბრუმა, აოგო (32. იანსენი) - ვესტერმანი, სკიელბრედი (53. ბერგი) - ილიჩევიჩი, ტეშე (52. არსლანი), ბაისტერი (45. სონი) - რუდნევსი.
ბაიერნი (4-2-3-1): შტარკე - ლამი (31. ბოატენგი), ვან ბუიტენი, დანტე, ჩანი - შვაინშტაიგერი (19. კროოსი), ტიმოშჩუკი - ვაიზერი, შაჩირი, რიბერი - მანჯუკიჩი.
გოლი: 0:1 ვაიზერი (25)
ნახევარფინალში დამარცხებულები, "ბაიერნი" და "ჰამბურგი", ერთმანეთს მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და რეკორდმაისტერმა იოლად გაიმარჯვა.
მართალია, ბავარიელებმა ჰამბურგელებს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანეს, რომელიც ახალგაზრდა ნახევარმცველის, ვაიზერის ანგარიშზეა, მაგრამ მაინც თამამად უნდა ვთქვათ, რომ "ჰამბურგს" ამ მატჩის მოგების შანსი არ ჰქონდა. მეტიც: მიუნხენელებს კიდევ რამდენიმე გოლის გატანა მართებდათ, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენეს.
არიენ რობენის არყოფნაში ძალიან კარგი იყო ახალწვეული ჯერდან შაჩირი, რომელმაც ფლეიმეიქერის პოზიციაზე ითამაშა და იუპ ჰაინკესს თავი მოაწონა. ფრანკ რიბერისთან ერთად შვეიცარიელმა "ჰამბურგის" მცველებს ბევრი პრობლემა შეუქმნა.
სამაგიეროდ, "ბაიერნისთვის" სერიოზული პრობლემა ტრავმიანობაა: გუშინდელ ნომერშიც ვწერდით, რომ მარიო გომესი საოპერაციოა (მას "ჰამბურგთან" არც უთამაშია და გუშინ გაირკვა, რომ თვენახევარი დაისვენებს), ბასტიან შვაინშტაიგერი კი უკვე მე-20 წუთზე გახდა შესაცვლელი და მას ზუსტ დიაგნოზს ამ დღეებში დაუსვამენ, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული არაფერია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"