ფრანკფურტის სათაო ოფისში გამართული ოფიციალური შეხვედრის შემდეგ საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა იოახიმ ლიოვი თავის შტაბთან ერთად კიდევ ერთხელ შეაქო და განაცხადა, რომ ბუნდესმწვრთნელისა და მისი გუნდის მუშაობით კმაყოფილია.
სხვა რამ არც იყო მოსალოდნელი, რადგან ჯერ კიდევ იტალიასთან განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ ითქვა, რომ გერმანული ფეხბურთის შეფები ლიოვის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელთა თავკაცი
"სამწვრთნელო შტაბისგან შესანიშნავი ანალიზი მოვისმინეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სწორ გზაზე ვდგავართ," - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნირსბახმა.
"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ანალიზი მხოლოდ ფორმალობა იყო, ძალიან ცდება. ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი განვიხილეთ. მინდოდა, რომ პრეზიდიუმს ყველაფერი დეტალურად სცოდნოდა," - ეს კი თავად ლიოვის სიტყვებია, რომელმაც საფეხბურთო კავშირის ბოსებს სამომავლო გეგმები და კონცეფციაც წარუდგინა.
ბუნდესგუნდი ახალ სანაკრებო სეზონს არგენტინასთან ტესტ-მატჩით იწყებს, მერე კი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც დაიწყება.
"მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარმატების მიღწევა იოლი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ პრობლემები არ შეგვექმნება," - აღნიშნა ნირსბახმა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები C ჯგუფში ფარერებთან, ირლანდიასთან, ავსტრიასთან, ყაზახეთსა და შვედეთთან ერთად იასპარეზებს.
არგენტინასთან შვაინშტაიგერის და ლამის გარეშე?
გერმანია არგენტინას ამხანაგურად 15 აგვისტოს გაეჯიბრება და გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი იოახიმ ლიოვს ორი მიუნხენელი ფეხბურთელის დასვენებას სთხოვს.
რეკორდმაისტერისთვის ყველაზე მთავარი ახლა ბასტიან შვაინშტაიგერის ჯანმრთელობის საკითხია, რომელსაც არგენტინასთან თამაში შეუძლია, მაგრამ მისი მოედანზე გასვლა მცირე, მაგრამ მაინც რისკთან იქნება დაკავშირებული, რადგან ტრავმა არ მოუშუშებია.
მიუნხენერ აბენდცაითუნგის ინფორმაციით, ზამერი ლიოვს გერმანიის ნაკრების კაპიტნის, ფილიპ ლამის დასვენებასაც სთხოვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"