გადაწყდა: ხავი მარტინესი მიუნხენის "ბაიერნში"!

AutoSharing Option
გერმანულმა ტაბლოიდმა "ბილდმა" 15 აგვისტოს, გვიან ღამით გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანეთის ნაკრებისა და ბილბაოს "ატლეტიკის" 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი ხავი მარტინესი კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს.

ბავარიულ გრანდს ახალგაზრდა, უნიჭიერესი ფეხბურთელის ყიდვა დიდი ხანია უნდა და როგორც ჩანს, რეკორდმაისტერის ქომაგების მოლოდინს ბოლო მოეღო: "ბილდის" ცნობით, "ბაიერნი" ბასკურ კლუბს 40 მილიონი ევროს გადახდაზე დათანხმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხავი მარტინესი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდება!

ღირს თუ არა მარტინესი
40 მილიონი?
გერმანელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხავი მარტინესში 40 მილიონი ევროს გადახდა გამართლებული ნაბიჯია, რადგან 1.90 მეტრის სიმაღლის მქონე ნახევარმცველი უნიჭიერესი და უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია, რომელსაც დაცვაშიც შეუძლია თამაში, არის უაღრესად ბრძოლისუნარიანი, აქვს კარგი ტექნიკა და შესანიშნავად თამაშობს თავით.

ხავი მარტინესი "ბილბაოში" 17 წლის ასაკში, "ოსასუნადან" გადავიდა და მაშინ ბასკებს მისი ტრანსფერი 6 მილიონი ევრო დაუჯდათ.

დღეს უკვე 23 წლის მარტინესი ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში კი აქამდე არ ათამაშებდნენ.

თუმცა ახლა "ფურია როხაში" გაახალგაზრდავების პროცესი იწყება და ვისენტე დელ ბოსკემ არაერთხელ თქვა, რომ მარტინესს მის გეგმებში უმთავრესი როლი აქვს.

ესპანელი "ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესის 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში "ექვსიანის" პოზიციაზე, ბასტიან შვაინშტაიგერის მეწყვილედ მოიაზრება.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენელები ბასკებთან ვაჭრობას ცდილობდნენ, მაგრამ "ბილბაოს" პრეზიდენტმა ხოსუ ურუტიამ ქვა ააგდო, თავი შეუშვირა და 40 მილიონ ევროს ცენტიც არ დააკლო.

რაკი ბავარიელებს მისი ყიდვა ძალიან უნდოდათ, ბოლოს და ბოლოს ამ თანხის გადახდაზე დათანხმდნენ, თუმცა ესპანურ და გერმანულ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ხავი მარტინესი 40 მილიონიდან 10 მილიონს თვითონ, ეტაპობრივად აანაზღაურებს.

როგორ? აგიხსნით: ხავი გერმანულ გრანდთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და "ბილდის" ცნობით, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს თავიდან შეთანხმებულზე 2 მილიონით ნაკლებ წლიურ ხელფასზე დათანხმდა...

ამრიგად, "ბაიერნმა" ზაფხულის ჯერჯერობით ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი სრულყო, რაც ლოგიკურიცაა:

ზედიზედ ორ სეზონში უტიტულოდ დარჩენის გამო ბავარიელებს იმიჯი შეელახათ და შესაბამისად, ჯიბეზე ხელი გვარიანად გაიკრეს.

გამოდის, რომ საერთო ჯამში რეკორდმაისტერმა ტრანსფერებში დაახლოებით 70 მილიონი ევრო დახარჯა.

"ბაიერნმა" მანამდე ჯერდან შაჩირი, კლაუდიო პისარო, მარიო მანჯუკიჩი, დანტე, ტომ შტარკე და მიტჩელ ვაიზერი გადაიბირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული