საფეხბურთო გერმანიის დარდები: იოგის წყალი შეუდგა?

AutoSharing Option
იოახიმ ლიოვის ფორმაციის გერმანიის ნაკრებმა ქვეყანას და ქომაგებს არაერთი ულამაზესი თამაში და გამარჯვება აჩუქა.

იოგიმ ჩამოაყალიბა გუნდი, რომლის წინაშეც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე მთელი მსოფლიო ძრწოდა. ლიოვის ბუნდესგუნდმა ზედიზედ 15 ოფიციალური მატჩი მოიგო და დაამყარა მსოფლიო რეკორდი, რომლითაც გერმანელები სამართლიანად ამაყობენ.

52 წლის სპეციალისტი, რომელმაც თავის დროზე იურგენ კლინსმანი შეცვალა, ბუნდესნაკრებს უკვე 6 წელიწადია ავარჯიშებს და ამ ხნის მანძილზე საფეხბურთო გერმანიაში მის მიმართ მხოლოდ ქება-დიდება ისმოდა. ლიოვი ყველას უყვარდა, ყველა აქებდა, ყველა აფასებდა.

რატომ ვლაპარაკობთ წარსულ დროში? არა, იოახიმი ჯერ
კიდევ ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელია და რამდენადაც ცნობილია, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელები მას ძველებურად ენდობიან, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ 28 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, იტალიის ნაკრებთან განცდილმა მარცხმა (1:2) იოგის გარშემო ბევრი რამ შეცვალა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: თავის დროზე, ასევე ყველასათვის საყვარელი კლინსმანის გარშემოც იტალიასთან წაგებამ შეცვალა ბევრი რამ - 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალში გერმანელები იტალიელებთან რომ დამარცხდნენ, სწორედ მას მერე აირია მონასტერი და ფაქტობრივად იმ მატჩს გადაჰყვა კლინსიც.

ამაში გასაკვირი არაფერია: გერმანელებს ყველაზე მეტად იტალიელებთან წაგება არ უყვართ.

დაპირისპირება გიგანტებთან
ლიოვი იტალიასთან წაგებას არ გადაჰყოლია, რადგან ამ ექვსი წლის მანძილზე კლინსმანზე მეტი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა, მაგრამ გერმანიაში აღარავინ უარყოფს იმას, რომ ევრო 2012-ის ნახევარფინალში წაგების შემდეგ ლიოვს ექსპერტების დიდი ნაწილი უკვე ალმაცერად უყურებს.

სწორედ ამიტომ განრისხდა იოგი ასე ძალიან და ამიტომ შემოელანძღა როგორც ექსპერტები, ისე ის ჟურნალისტებიც, რომლებიც ბოლო დროს მედგრად აკრიტიკებდნენ.

ექსპერტებზე რომ ვლაპარაკობთ, გერმანული ფეხბურთის ისეთ კორიფეებს ვგულისხმობთ, როგორებიც არიან გიუნტერ ნეტცერი, ოლივერ კანი, მათიას ზამერი, შტეფან ეფენბერგი, ფრანც ბეკენბაუერი და ა.შ.

ჟურნალისტებზე რომ არაფერი ვთქვათ, მარტო ამ ხალხის წინააღმდეგ გალაშქრებაა ლიოვის მხრიდან ერთობ სარისკო ნაბიჯი.

ამას მოჰყვა არგენტინასთან ოთხშაბათს გამართული ტესტ-მატჩი და მორიგი წაგება - ბუნდესგუნდი საკუთარი პუბლიკის წინაშე 1:3 დამარცხდა.
შესაბამისად, იოგის მიმართ კრიტიკამ იმატა. მეტიც: თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ბუნდესმწვრთნელად მუშაობის 6-წლიან პერიოდში ლიოვი ასე და ამდენად არასდროს გაკრიტიკებულა.

აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ გერმანიაში ლიოვის პირველ კრიზისზე ალაპარაკდნენ. კრიზისი კი, მოგეხსენებათ, გერმანელებს ყველაზე მეტად არ უყვართ - იმიტომ, რომ არ არიან მიჩვეულები კრიზისებს.

აბობოქრებული იოახიმის მიუღებელი მონოლოგი
ექსპერტებისა და ჟურნალისტების შემდეგ, იოგის კრიტიკას უკვე ფანებიც მოჰყვნენ - პირველ რიგში იმიტომ, რომ ლიოვმა არაფრით აღიარა შეცდომები და ზემოთ ხსენებულ პრესკონფერენციაზე ჯიუტად იმეორებდა, ჩემს მიერ არჩეული გზა სწორია, ჩემი ყველა გადაწყვეტილება მართებულიაო.

გაზეთმა "ფრანკფურტერ რუნდშაუმ" ბუნდესმწვრთნელის არ გამოსვლას "მიუღებელი მონოლოგი" უწოდა, "ალგემაინე ცაითუნგი" კი "აბობოქრებულ იოახიმზე" წერდა - ოდნავადაც არ არის თვითკრიტიკულიო.

არგენტინასთან მატჩის შემდეგ, გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ოლივერ კანმა კბილებში გამოსცრა, დროა, ჩვენი მწვრთნელი ბევრ რამეზე დაფიქრდესო და გუნდის თამაშს უსისხლო და ზედმეტად ნაზი უწოდა.

იოახიმის გაკრიტიკების შანსი ხელიდან არც გერმანიის საფეხბურთო კავშირის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ამჟამად კი "ბაიერნის" მენეჯერმა მათიას ზამერმა გაუშვა, რომელიც ამ თემას რეკორდმაისტერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოეხმაურა:

"არ ვიცი, რა ვუწოდო ჩვენი სანაკრებო ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას. დეფინიციის მოძებნა მიჭირს!

შემიძლია ვთქვა, რა დონეზეა ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი ან არგენტინა, გერმანიის ნაკრებზე საუბარი კი მიჭირს," - აცხადებს 44 წლის ზამერი, რომელსაც, მართალია, ლიოვი გულზე არასდროს ეხატებოდა, მაგრამ ასეთი, ან ამდაგვარი რამ აქამდე არასდროს უთქვამს.

რატომ "აიმღვრა წყალი" ლიოვის გარშემო? 2006 წლის მუნდიალზე მესამე ადგილის დაკავებით გერმანიაში ყველა ბედნიერი იყო, ევრო 2008-ზე ფინალში წაგებამ ბევრი გააბრაზა, მაგრამ გერმანელები მაინც კმაყოფილები იყვნენ, 2010 წლის მუნდიალზე ბუნდესგუნდმა ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა, არგენტინას და ინგლისს "გადაუარა" და მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა, რის გამოც გერმანელთა კმაყოფილება გაგრძელდა, მაგრამ წელს ალემანები თავიანთი გუნდისგან მხოლოდ ტიტულს, ან მინიმუმ ისევ ფინალში გასვლას, იტალიის ნაკრების დამარცხებას მაინც ელოდებოდნენ.

ტრაგედია კი უფრო იმიტომ შეიქმნა, რომ ლიოვმა და მისმა გუნდმა საფეხბურთო გერმანია თითქოს დაავალდებულეს, მაინც კმაყოფილები უნდა იყოთო. სწორედ ეს ვერ აიტანეს კანმა, ზამერმა და სხვებმა. სწორედ ამიტომაა ლიოვის გარშემო სიტუაცია დაძაბული.

7 სექტემბერს ბუნდესგუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ფარერებთან მატჩით იწყევს. გერმანელები, რა თქმა უნდა, მოიგებენ - ალბათ დიდი ანგარიშით და რაც არ უნდა მოხდეს, იოგის გუნდს ამ ციკლის დაძლევა და მუნდიალის საგზურის მოპოვება არ გაუჭირდება.

მერე, 2014 წელს გერმანია ალბათ ისევ შეხვდება ესპანეთს ან იტალიას და... სწორედ ამაზე ფიქრობს ახლა საფეხბურთო გერმანია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული