გერმანიის თასი. I ეტაპი - შოკისმომგვრელი პირველი რაუნდი

AutoSharing Option
გერმანიის თასის პირველი ეტაპი მთელ საფეხბურთო გერმანიას სიგიჟემდე უყვარს. რატომ? მიზეზი მარტივი და ყველასათვის გასაგებია: პირველ რაუნდში ძლევამოსილი და სახელოვანი გუნდები უსუსურ კლუბებს სტუმრობენ, რაც მათთვის არა მარტო დიდი გამოცდილების მიღების შანსი, არამედ ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაულიცაა ხოლმე.

ამასთან ერთად, უსუსური და ყველასათვის უცნობი გუნდები თითქმის ყოველთვის ახერხებენ სენსაციების მოხდენას.

წელს გერმანიის თასის პირველი ეტაპი, რომელიც გასულ უქმეებზე ჩატარდა, განსაკუთრებით სენსაციური გამოდგა, რადგან გათამაშებას პირველი ბუნდესლიგის ერთბაშად ექვსი (!) წარმომადგენელი გამოეთიშა.

"ჰოფენჰაიმმა", "ფიურტმა", "ჰამბურგმა", "ვერდერმა", "აინტრახტმა" და "ნიურნბერგმა" უდიდესი სირცხვილი ჭამეს!
სამარცხვინო მარცხი განიცადა მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებულმა "ჰერტამაც" - დისკვალიფიცირებული ლევან კობიაშვილის გუნდი მეოთხელიგელ "ვორმატია ვორმსთან" 1:2 დამარცხდა.

პარასკევს პირველი ბუნდესლიგა იწყება და თუ ელიტელებმა განცდილი კრახების მიზეზები არ გააანალიზეს, ახალ სეზონში ექვსივეს მძიმე სტარტის საფრთხე ემუქრება.

როისი: პირველი შანსი, პირველი გოლი
გერმანიის ჩემპიონმა თასის პირველი ეტაპი უპრობლემოდ გადალახა - დორტმუნდის "ბორუსიამ" "ობერნოილანდი" 3:0 დაამარცხა.

დორტმუნდელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მაინც ის იყო, რომ გუნდის ახალწვეულმა "გლადბახიდან" 17.5 მილიონ ევროდ შეძენილმა მარკო როისმა პირველივე ოფიციალურ მატჩში პირველივე საგოლე მომენტი, "ბორუსიას" ფორმით გატანილი პირველი გოლით დააგვირგვინა - როისმა ეს მატჩის დაწყებიდან 9 წუთსა და 52 წამში მოახერხა: რობერტ ლევანდოვსკისთან ხეირიანი კომბინაციის გათამაშების შემდეგ საჯარიმოში შეიჭრა, ობერნოილანდელთა მეკარე მილო მანდიჩი მოატყუა და ბურთი კარში უპრობლემოდ შეაგდო.

"მიხარია, რომ პირველივე ოფიციალურ მატჩში თავი გამოვიჩინე. ეს ჩემთვის და განსაკუთრებით გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გოლი იყო," - აღნიშნა მარკომ ნამატჩევს.

გოლის შემდეგ როისმა ძალების დაზოგვა დაიწყო - ბრემენის გარეუბნელ ბიჭებთან მეტი მონდომება საჭირო აღარც იყო. სამაგიეროდ, მისმა თანაგუნდელებმა გაიტანეს: ანგარიში ორამდე იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ პირველივე ტაიმში გაზარდა, ხოლო მეორე ნახევარში ივან პერიშიჩმაც იხეირა და საბოლოო ანგარიში, 0:3 დააფიქსირა.

როგორც მოსალოდნელი იყო, დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა როისი გამთამაშებლად გაამწესა, მეორე ტაიმში კი ახალგამოჯანმრთელებული მარიო გიოტცეთი შეცვალა. ამ დროს ობერნოილანდის სტადიონზე (20 000 ფანს იტევს) შეკრებილი "ბორუსიას" ქომაგები (18 000!!!) როისის გვარს სკანდირებდნენ და მარკოც უკვე მოუთმენლად ელის პარასკევს, როცა "დორტმუნდი" ბუნდესლიგის პირველ ტურში "ვერდერს" უმასპინძლებს და ბრემენულ გუნდს უკვე 80 000 ქომაგის თვალწინ დაუპირისპირდება.

ოლიჩი უკვე ვოლფსბურგის გოლიჩია
მერე რა, რომ მეექვსე ლიგის წარმომადგენელს ხვდებოდა - ბრწყინვალე იყო "ვოლფსბურგიც". ფელიქს მაგათის "მგლებმა" "შიონბერგი", რომლის ყველასათვის უცნობი ფეხბურთელები სახელოვან მეტოქეს მაგრად ემუქრებოდნენ, 5:0 გაანადგურა. ხუთიდან სამი გოლი კი ვოლფსბურგელთა ხორვატი ახალწვეულის, "ბაიერნიდან" გადაბირებული ივიცა ოლიჩის ანგარიშზეა.

"ამ სეზონში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გვინდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზანს მივაღწევთ კიდეც," - თქვა მატჩის შემდეგ 32 წლის თავდამსხმელმა.

15-თვიანი პაუზის შემდეგ "ვოლფსბურგის" ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგო, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 43-ე წუთზე სოლორეიდი გოლითაც დააგვირგვინა.

მეხუთე გოლიც ახალწვეულის ანგარიშზეა: 7 მილიონად შეძენილმა გოლეადორმა ბას დოსტმა "ვოლფსბურგის" ფორმით პირველად გაიხარა.

შიონბერგელები კი გულნატკენები მხოლოდ დიდი ანგარიშით წაგების გამო როდი დარჩნენ - ვოლფსბურგელთაგან მაისურების გაცვლა მხოლოდ ორმა მოთამაშემ, ტრეშმა და ვიერინიამ მოინდომეს...

ელიტელთაგან იოლად მოიგეს "შტუტგარტმა", "შალკემ", "ჰანოვერმა" და "ლევერკუზენმაც".

შვაბებმა "ფალკენზეე-ფინკენკრუგი" 5:0 გაანადგურეს და ხუთიდან ორი გოლი მარტინ ჰარნიკის ანგარიშზეა; შარშან შერცხვენილმა "ლევერკუზენმა" 4:0 მოუგო იენის "კარლ ცაისს"; "ჰანოვერმა" 6:1-ით შეარცხვინა "ნიოტინგენი" (შლაუდრაფმა და პინტუმ დუბლები შეასრულეს); გელზენკირხენელებმა კი ზაარბრიუკენში გაისეირნეს - 5:0: ორ-ორი გოლი იულიან დრაქსლერისა და ჩიპრიამ მარიკას ანგარიშზეა, ერთხელ კი კირიაკოს პაპადოპულოსმა იხეირა.

რაც შეეხება შერცხვენილებს...
"ვერდერმა" სატრანსფერო ბაზარზე შესაშურად იაქტიურა და მაღალი დონის ახალი ფეხბურთელები გადაიბირა, რომელთაგანაც "მიუნსტერთან" (მესამე ბუნდესლიგა) სათასო მატჩში ოთხივე მთავარმა შენაძენმა (ელია, პეტერსენი, გერბე სელასიე, დე ბრუინი) იასპარეზა და მიუხედავად ამისა, ბრემენელები ჯუჯა მეტოქესთან 2:4 (დამატებით დროში) დამარცხდნენ, "მუსიკოსების" მთავარმა მწვრთნელმა თომას შააფმა კი ორთვიანი ხალისიანობის შემდეგ კვლავ ცხვირი ჩამოუშვა.

"ვერდერის" მეკარე სებასტიან მილიტცს ოთხიდან სამი გოლი 30 წლის მეთიუ ტეილორმა გაუტანა, რომელიც 2003/2004 წლებში კალიფორნიულ "ორენჯ ქაუნთი ბლუში" იურგენ კლინსმანის თანაგუნდელი გახლდათ...

"ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ენერგიულად არ ვითამაშეთ. შეტევაში არა გვიშავდა, უკანახაზელებს კი პირველიდან ბოლო წუთამდე ეძინათ," - ხასიათი წაუხდა შააფს, რომელსაც ხეირიანი ტრანსფერებისა და წარმატებული მოსამზადებელი შეკრების შემდეგ გერმანიის თასის პირველი ეტაპის უპრობლემოდ გადალახვის იმედი ჰქონდა.

ამრიგად, "ვერდერი" გერმანიის თასიდან უკვე ზედიზედ მეორედ გავარდა პირველივე რაუნდში - შააფის ბიჭები შარშან ამ დროს ასევე მესამებუნდესლიგელ "ჰაიდენჰაიმთან" (1:2) შერცხვნენ. ბრემენელთათვის პოზიტიური მხოლოდ ის იყო, რომ ელიამ და ფიულკრუგმა გოლები გაიტანეს, რაც თავდაჯერებისთვის წაადგებათ.

ფაქტია, რომ ბუნდესლიგის პირველი ტურისთვის "მუსიკოსები" (პარასკევს დორტმუნდში ჩადიან) უმძიმესი წნეხის ქვეშ მოექცნენ.

ჰოფენჰაიმის აშკარა დასაჯერებელი კრახი
პრინციპში, უფრო უარესი რამ დაემართა "ჰოფენჰაიმს" - ელიტელი "სოფლელები" მეოთხელიგელ (ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონალლიგა) "ბერლინერთან" 0:4 განადგურდნენ. სწორედ ამიტომ გრგვინავდა "ჰოფეს" თავკაცი მარკუს ბაბელი მატჩის შემდეგ და ისეთ სიტყვებს ხმარობდა, როგორებიცაა "შოკისმომგვრელი", "უსისხლო", "სამარცხვინო", "კოლექტიური თვლემა" და "კლასიკური დაცემა".

ფაქტია, რომ პირველი ბუნდესლიგის წარმომადგენელი მანამდე მეოთხელიგელთან ასე არასდროს განადგურებულა. ფაქტია ისიც, რომ "ჰოფენჰაიმს" (შემადგენლობის ღირებულება 86.95 მილიონი ევრო) ევროპალიგის საგზურის მოპოვება უნდა, ხოლო "ბერლინერის" (შემადგენლობის ღირებულება 1.4 მილიონი ევრო) მიზანი კი ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონალლიგაში მე-9 ადგილის დაკავებაა...

"ჰამბურგი" რომ უბედური გუნდია, ვიცოდით, მაგრამ თუ ტორსტენ ფინკის ბიჭები ამ სეზონსაც სამარცხვინო წაგებით დაიწყებდნენ, ნამდვილად არ გვეგონა - ჩრდილოელები მესამე ბუნდესლიგაში დაქვეითებულ "კარლსრუესთან" 2:4 დამარცხდნენ.

"ჰოფენჰაიმის" დარად, მეოთხელიგელთან შერცხვა "ნიურნბერგიც" - დიტერ ჰეკინგის ბიჭები "ჰაველსესთან" 2:3 დამარცხდნენ. ელიტაში აღზევებულმა "ფიუტმა" კი "ოფენბახთან" წააგო (0:2)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული