ლოთარ მათეუსი მიუნხენის "ბაიერნს" აკრიტიკებს

AutoSharing Option
ორი წელია, "ბაიერნი" უტიტულოდ რჩება, რაც მიუნხენური გრანდისთვის შეურაცხმყოფელია - რეკორდმაისტერისთვის დაუწერელ კანონად იქცა ის, რომ გერმანიაში აუცილებლად პირველი უნდა იყოს, ჩემპიონთა ლიგაში კი მინიმუმ ნახევარფინალში უნდა გადიოდეს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბავარიელებმა ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2001 წელს მოიგეს, მათთვის უკვე ევროპის ელიტურ საკლუბო ლიგაში პირველობაც აუცილებელია.

ამიტომაცაა, კლუბის ხელმძღვანელებმა ტრანსფერებში ფულის თამამად ხარჯვა რომ დაიწყეს და რამდენიმე საშუალოდ პომპეზური გარიგების შემდეგ ესპანელ ხავი მარტინესში 40 მილიონი ევროს გადახდას რომ აპირებენ.

"ბაიერნის" ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ბასკი ფეხბურთელის ყიდვის შემთხვევაში
მიუნხენური კლუბი ახალი სეზონს იდეალურად მომზადებული შეხვდება.

"ბაიერნისა" და ზოგადად გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსი კი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ბილბაოელი რეკორდმაისტერს ისეთ წარმატებას მოუტანს, როგორსაც მიუნხენში ვარაუდობენ.

გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი მათეუსი მიიჩნევს, რომ ხავი მარტინესში 40 მილიონი ევროს გადახდა გაუმართლებელი რისკია.

ხავი მარტინესი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ...
"ამ ფეხბურთელს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რაც ნამდვილად არ არის ბევრი ისეთი მოთამაშისთვის, რომლის სანაცვლოდ 40 მილიონის გადახდა იგეგმება.

ამასთან, მარტინესს არც ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. მესმის, რომ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ნიჭიერება კიდევ დიდხანს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ ფეხბურთელში 40 მილიონი უნდა გადაიხადო, - აცხადებს მათეუსი და დასძენს, - მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ხავი მარტინესი ახალგაზრდა, კარგი ფეხბურთელია, რომელსაც აქვს მოედნის ხედვა და კარგი ტექნიკა".

ლოთარის კრიტიკა არა თვითონ ესპანელი ფეხბურთელისკენ, რომელსაც მათეუსი ბევრს არაფერს უწუნებს, არამედ, პირველ რიგში, "ბაიერნის" ხელმძღვანელებისკენაა მიმართული: "გასაგებია, რომ კარგი ფეხბურთელები ძვირად ფასობენ, მაგრამ ჩვენ 40-მილიონიან ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.

თანაც, მარტინესი საყრდენი ნახევარმცველია, ამ პოზიციისთვის კი მიუნხენელებმა ამას წინათ ლუის გუსტავო შეიძინეს და ბრაზილიელში 15 მილიონი გადაიხადეს, მანამდე კი უკრაინელი ანატოლი ტიმოშჩუკი, რომლის ტრანსფერიც ასევე ძვირი, დაახლოებით 10 მილიონი დაჯდა.

არა მგონია, გამართლებული იყოს ის, რომ "ბაიერნი" ყოველ წელიწადნახევარში ახალ საყრდენ ნახევარმცველს ყიდულობს და მათ სანაცვლოდ 10, 15 ან სულაც 40 მილიონს იხდის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული