სწორედ ნახევარი საუკუნეა, რაც ეს ლიგა საფეხბურთო სამყაროს აღაფრთოვანებს და ევროპული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია.
ახალი სეზონისთვის მთავარი კითხვა ასე ჟღერს: "დორტმუნდი" თუ "ბაიერნი"?
არის კიდევ რამდენიმე, ნაკლებად პოპულარული, მაგრამ აქტუალური კითხვებიც: ნუთუ "ჰამბურგი", რომელსაც 50-ივე სეზონი ელიტაში აქვს გატარებული, ისევ გადარჩენისთვის იბრძოლებს?
როგორ წარმოაჩენს თავს "გლადბახი" წინა სეზონში მოხდენილი სენსაციის შემდეგ? რომელი გუნდი
კარგია, რომ ამ კითხვებზე პასუხების გაცემის პროცესი იწყება!
დებიუტანტი რეკორდმაისტერის წინააღმდეგ: ვაი ფიურტის ბრალი?
"გროითერ ფიურტი" ბუნდესლიგის რიგით 52-ე წევრია - კლუბი, რომელიც არსებობის ისტორიაში პირველად მოხვდა გერმანიის ელიტაში.
შესაბამისად, მაიკ ბიუსკენსის გუნდისთვის ახალი, დიდი თავგადასავალი იწყება - ოღონდ მთავარი დამრტყმელი ძალის, გოლეადორ ოლივიე ოუშენის გარეშე, რომელიც გასულ სეზონში 17 გოლით მეორე ბუნდესლიგის თანაბომბარდირი გახდა (ფრანკფურტელ მაიერთან და პადერბორნელ პროშვიტცთან ერთად).
ამრიგად, "ფიურტს" წინა ხაზზე მთავარი "ხარი" აკლია - გამწევი ძალა, რომელიც ბურთს დაიჭერს, გაანაწილებს ან კარში დაარტყამს.
ბიუსკენსს ჰყავს ჯერალდ ასამოა, მაგრამ ეს უკანასკნელი დიდი ხანია, ვეღარ დგას მოწოდების სიმაღლეზე და ფაქტია, რომ მაიკი ჯერალდის იმედად ვერ იქნება.
"ფიურტი" გერმანიის თასს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა (წააგო მესამელიგელ "ოფენბახთან"), რაც ბიუსკენსისთვის პირველი გაფრთხილება უნდა ყოფილიყო. თანაც, დებიუტანტს პირველივე ტურში უძლიერესი მეტოქე ჰყავს - დამშეული მიუნხენის "ბაიერნი".
ბავარიელებს ამ მატჩში ფრანკ რიბერი არ ეყოლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალწვეულ ჯერდან შაჩირის ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.
ზედიზედ ორ სეზონში უტიტულოდ დარჩენის შემდეგ, რეკორდმაისტერში კბილებს ილესავენ, სასწრაფოდ ტიტული სჭირდებათ. "ბაიერნს" ჰყავს ახალი სპორტული დირექტორი მათიას ზამერი, რომელზეც ბავარიული გრანდის ქომაგები და ბოსები უდიდეს იმედებს ამყარებენ;
"ბაიერნს" ჰყავს ახალი თავდამსხმელებიც - კლაუდიო პისარო და მარიო მანჯუკიჩი, რის გამოც მარიო გომესის ტრავმა მიუნხენში მტკივნეულად აღარ აღიქვეს;
და რაც ყველაზე საინტერესოა, "ბაიერნი" ცდილობს ხავი მარტინესის გადაბირებას, რომელიც 40 მილიონი ევრო ღირს.
მიუნხენელებმა როგორც იქნა, დაამარცხეს "დორტმუნდი" (სუპერთასზე) და ბუნდესლიგის სტარტს ჩინებული განწყობით ხვდებიან.
მაშასადამე, ვაი "ფიურტის" ბრალი? ვნახოთ...
გლადბახი წნეხის ქვეშ, ჰოფენჰაიმი
მიონხენგლადბახის "ბორუსია" წინა სეზონის მოულოდნელი აღმოჩენაა და ძალიან საინტერესოა, როგორ წამოაჩენენ თავს ლუსიენ ფავრის ბიჭები ამ სეზონში.
ფაქტია, რომ "გლადბახი" გერმანიის ჩემპიონატის სტარტზე "მეცხრე ციდან მიწაზე დაბრუნებული" ხვდება - მიონხენგლადბახელები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ რაუნდში, კიევის "დინამოსთან" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდნენ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მთავარ ოცნებას ვერ აიხდენენ.
კიეველებთან წაგების შემდეგ, ფავრმა ფანებს და ბოსებს გაახსენა ის, რომ გუნდმა ზაფხულში წამყვანი ფეხბურთელები ნოიშტედტერი, დანტე და რაც მთავარია, ლიდერი მარკო როისი დაკარგა, რასაც შვეიცარიელმა მწვრთნელმა "ამპუტაცია" უწოდა.
მწვრთნელს მენეჯერი მაქს ებერლიც დაეთანხმა და აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯაკას, დე იონგის, მლაპას და დომინგესის სახით საკმაოდ კარგი ფეხბურთელები შევიძინეთ, ამ სეზონში მე-8 ადგილითად კმაყოფილი ვიქნებიო.
არ შევცდებით, თუ დავძენთ, რომ მესამე ადგილის დაკავების შემდეგ მერვე ადგილით კმაყოფილება კაპიტულაციას ნიშნავს.
"გლადბახის" მეტოქე დღეს "ჰოფენჰაიმია" - გუნდი, რომელმაც გერმანიის თასზე რეგიონალლიგელ "ბერლინერთან" კრახი განიცადა. ამ წაგებით განრისხებული მწვრთნელი მარკუს ბაბელი ფეხბურთელებს მისდგა და ამ დღეებში მათ გამოცოცხლებას ცდილობდა. რამდენად გამოუვიდა ეს ბაბელს, ამას 25 აგვისტოს გასამართ შეხვედრაში შევიტყობთ.
გაგახსენებთ, რომ "ჰოფეს" გამოცდილი ტიმ ვიზეს სახით ახალი მეკარე ჰყავს, რომელიც, ცოტა არ იყოს, თამამად ამბობს, ჩვენი მიზანი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება უნდა იყოსო...
დინოზავრს ისევ უჭირს
"ჰამბურგი"-"ნიურნბერგი" გერმანიის თასის პირველ რაუნდში შერცხვენილი გუნდების დაპირისპირებაა.
"ბუნდესლიგის დინოზავრი" "ჰამბურგი", რომელსაც 1963 წლიდან დღემდე ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი, 1662 მატჩი აქვს ჩატარებული, ამ სეზონშიც ელიტიდან გავარდნის ერთ-ერთ უპირველეს კანდიდატად მოიაზრება. "ჰამბურგმა" ხარისხიანი ფეხბურთელები (გერერო, იაროლიმი, პეტრიჩი) დაკარგა და მათ ნაცვლად ისეთი მოთამაშეები (შარნერი, ხრიზანტუსი, რუდნევსი, ბაისტერი) გადაიბირა, რომლებსაც ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი.
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ჰამბურგელებმა თასზე, "კარლსრუესთან" მარცხისგან ტრაგედია არ შექმნეს. სპორტული დირექტორი ფრანკ არნესენი ფანებს აგვისტოს ბოლომდე "ერთი მაგარი ფეხბურთელის მოყვანას" დაპირდა. შ
ესაძლოა, ეს ჩრდილოგერმანული კლუბის ქომაგების უსაყვარლესი მოთამაშე რაფაელ ვან დერ ვაარტი იყოს.
"ნიურნბერგი" თასზე რეგიონალლიგელ "ჰაფელსესთან" დამარცხდა, თუმცა ამის გამო სასოწარკვეთა არც ფრანკებს ეტყობათ. გაგახსენებთ, რომ გუნდი დატოვეს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა ჰეგელერმა და ვოლშაიდმა, სამაგიეროდ, "ნიურნბერგმა" გებჰარტის, პოლტერისა და კიოტაკეს სახით პერსპექტიული ბიჭები გადაიბირა.
ფრაიბურგი სეზონს ტრავმებით ხვდება
"ფრაიბურგი", რომელიც პირველ ტურში "მაინცს" მასპინძლობს, სეზონს სავსე ლაზარეთით იწყებს. მწვრთნელი კრისტიან შტრაიხი უაღრესად შეწუხებულია იმით, რომ კალიჯური, როზენტალი და მუიჯა ტრავმირებულები არიან - ჩვენნაირი გუნდისთვის ეს კატასტროფააო, ამბობს "ფრაის" მწვრთნელი.
"მაინცი" ახალ სეზონს ტრადიციული ამბიციებით ხვდება, ხოლო სამუდამო კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაიცვას კარნავალელთა კარი, პასუხი ავტომატურად გაეცა: ჰაინც მიულერი მძიმედ დაშავდა და რამდენიმე კვირას ლაზარეთში გაატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "მაინცის" მეკარე საწყის ტურებში კრისტიან ვეტკლო იქნება.
შეგახსენებთ, რომ "მაინცი" ალაგუიმ, შტიბერმა, გავრანოვიჩმა, ზიდანმა და ფათიმ დატოვეს. ჟუნიორ დიასი (ბრიუგედან) და ედე (უნიონიდან) საიმედო ახალწვეულები არიან.
შარშანდელი დებიუტანტი "აუგსბურგი", რომელიც ყველასათვის მოულოდნელად ელიტაში დარჩა, ახალ დებიუტანტს, დიუსელდორფის "ფორტუნას" მასპინძლობს. აუგსბურგელებს მარკუს ვაინცირლის სახით ახალი და ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა (37 წლისაა) მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც ბერლინის "ჰერტაში" გადაბარგებული იოს ლუჰუკაი შეცვალა.
ახალწვეულებიდან ყველაზე ხეირიანი არისტიდ ბონსეა - თავდამსხმელი, რომელიც გერმანიის ჩემპიონატის მოყვარულებს "მაინციდან" გეხსომებათ. ამ უკანასკნელმა თასზე, "ვილჰელმსჰაფენთან" მოგებულ მატჩში დაამტკიცა, რომ "აუგსბურგისთვის" დიდი ძალა იქნება.
სიახლეებია "ფორტუნაშიც": დიუსელდორფელთა მთავარი შენაძენი უკრაინელი თავდამსხმელი ანდრიი ვორონინია. "ფორტუნას" მნიშვნელოვნად გააძლიერებს შტეფან რაიზინგერიც, რომელმაც თასზე, "ბურგჰაუზენს" გადამწყვეტი გოლი გაუტანა.
მწვრთნელ ნორბერტ მაიერს კაპიტან ლამბერტცის არყოფნა ადარდებს, რომელიც ტრავმირებულიცაა და წინა სეზონიდან, "ჰერტასთან" სკანდალური მატჩის შემდეგ პეტარდის ანთების გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციაც გადმოჰყვა.
საღამოს მატჩი: აინტრახტი-ლევერკუზენი
გერმანიაში ტურის ტოპ-მატჩებად 25 აგვისტოს საღამოს თამაშებს მიიჩნევენ ხოლმე. პირველ ტურში ასეთი შეხვედრა ელიტაში დაბრუნებული "აინტრახტისა" და "ლევერკუზენის" დაპირისპირებაა.
ფრანკფურტელებისთვის სეზონი კოშმარულად დაიწყო: არმინ ფეეს გუნდი თასზე "აუესთან" დამარცხდა და "აინტრახტმა" თასის პირველი რაუნდი 12 წლის შემდეგ პირველად ვერ გადალახა. ფრანკფურტელებს დაცვაში უჭირდათ და უკანა ხაზი კარლოს სამბრანოთი გააძლიერეს.
"ლევერკუზენმა" თასის პირველი ეტაპი ამჯერად უპრობლემოდ გადალახა (4:0 კარლ ცაისთან), რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერი" ახალ სეზონს კარგი განწყობით ხვდება - შეგახსენებთ, რომ შარშან "ლევერკუზენმა" სეზონი თასზე დრეზდენის "დინამოსთან" განცდილი კრახით (3:4) დაიწყო.
"ბაიერის" თავკაცები, საშა ლევანდოვსკი და სამი ჰიიპია სეზონს იმედიანად ხვდებიან და ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ.
ვოლფსბურგი დიდი გამოცანაა
გერმანიის საფეხბურთო ლიგამ "შტუტგარტი"-"ვოლფსბურგის" მატჩი ევროპალიგის გამო 25 აგვისტოს გადმოიტანა. შვაბებმა მოსკოვის "დინამო" 2:0 დაამარცხეს და კარგ ხასიათზე არიან.
მწვრთნელმა ბრუნო ლაბადიამ ზაფხულში დელპიერი, ბულარუზი, გებჰარტი და შიბერი დაკარგა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, "შტუტგარტში" მაინც დიდი კონკურენციაა. ეს განსაკუთრებით წინა ხაზის მარცხენა ფრთას ეხება, სადაც ლაბადიას განსაკუთრებით დიდი არჩევანი აქვს (თორუნი, ოკაზაკი, ტრაორე).
"ვოლფსბურგის" თავკაცმა ფელიქს მაგათმა სეზონის წინ, როგორც ყოველთვის, სატრანსფერო კარუსელი დაატრიალა: "მგლებმა" ნალდო, ოლიჩი, პოგატეცი, პილარი, ფაგნერი, პეკარიკი, დოსტი, ლაკიჩი და პანევიტცი გადაიბირეს. გუნდში დაბრუნდა დიეგოც - "დესპოტიო ფელიქსს" სხვა გზა არ ჰქონდა და ბრაზილიელ გამთამაშებელს შეურიგდა.
სამაგიეროდ, წავიდნენ მანჯუკიჩი, კრისი, პოლტერი, სალიჰამიჯიჩი, ჰიტცლშპერგერი, თუნჯაი, სიო, სისოკო და ბენ ხალიფა.
ჯამში, "ვოლფსბურგს" ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს. თუმცა, ამდენი ცვლილების ფონზე არც ისაა გამორიცხული, რომ "მგლებმა" ევროპალიგაშიც კი ვერ შეაღწიონ.
"შტუტგარტის" მატჩის შაბათს გადატანამ ის გამოიწვია, რომ 26 აგვისტოს მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართება: "ჰანოვერი"-"შალკე".
"წითლებმა" ევროპალიგაზე პოლონურ "ვროცლავთან" დიდი ომი გადაიტანეს და 5:3 მოიგეს. თუმცა მწვრთნელი მირკო სლომკა ყოფილ გუნდთან თამაშის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი - ბიჭები დაღლილები არ არიან და წესით, "შალკესთან" მედგრად ვიბრძოლებთო.
გელზენკირხენულ კლუბში პირველი მეკარის წოდება 33 წლის ტიმო ჰილდებრანდმა მოიპოვა, რომელმაც უნერშტალი და ფერმანი დაჯაბნა.
გერმანია. ბუნდესლიგა. I ტური
24 აგვისტო
დორტმუნდი-ვერდერი 2:1
გოლები: 1:0 როისი (11), 1:1 სელასიე (75), 2:1 გიოტცე (81)
25 აგვისტო
ბორუსია (მ)-ჰოფენჰაიმი 17:30
ფრაიბურგი-მაინცი 17:30
აუგსბურგი-ფორტუნა 17:30
ჰამბურგი-ნიურნბერგი 17:30
ფიურტი-ბაიერნი 17:30
აინტრახტი-ლევერკუზენი 20:30
შტუტგარტი-ვოლფსბურგი 22:45
26 აგვისტო
ჰანოვერი-შალკე 19:30
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"