სტარტი "დორტმუნდსაც" კარგი გამოუვიდა და "ბაიერნსაც" - თუმცა რეკორდმაისტერმა დებიუტანტი "ფიურტი" გაანადგურა, მოქმედ ჩემპიონს კი, "ვერდერის" სახით, გაცილებით რთული მეტოქე ჰყავდა.
ახალი სეზონი ჩემპიონმა პარასკევს გახსნა და ისეთი ემოციური გამარჯვება მოიპოვა, კლოპს რომ უყვარს ხოლმე: დორტმუნდელები მარკო როისის გოლით იგებდნენ, საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე კი ბრემენელთა ჩეხმა ახალწვეულმა თეოდორ გებრე სელასიემ წონასწორობა
გიოტცე ისედაც დორტმუნდის პუბლიკის უსაყვარლესი ფეხბურთელია, იმ საღამოს კი მთავარი თემა როისი გახლდათ - ფეხბურთელი, რომელშიც "ბორუსიამ" 17 მილიონი ევრო გადაიხადა, პირველივე ოფიციალურ მატჩებში ბრწყინვალედ გამოიყურება.
შაბათ-კვირას საფეხბურთო გერმანია სწორედ როისზე ლაპარაკობდა: ლეგენდარულმა გიუნტერ ნეტცერმა "ბილდის" სვეტში გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვს მარკოს და მარიოს ძირითად შემადგენლობაში გამწესება უკვე კატეგორიულად მოსთხოვა, ჩვენს გერმანელ კოლეგებს კი არც ის გამორჩათ, როისმა გოლი ლეო მესის სტილში, ცისკენ აღმართული საჩვენებელი თითებით რომ იზეიმა.
"როცა მოედანზე გასახურებლად შევედი, თმები ყალყზე დამიდგა. დორტმუნდში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ამიხდა. გოლი გერმანიის თასის მატჩშიც გავიტანე და ბუნდესლიგის პირველ ტურშიც - ასეთ ბრწყინვალე დასაწყისზე კი ნაღდად არ მიოცნებია. ამ სტადიონზე "ბორუსიას" მეტოქის კარში გოლის გატანა მართლა ზღაპარი ყოფილა," - აღნიშნა მატჩის შემდეგ როისმა.
"ვერდერის" გოლმა გული მატკინა, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ასეთი მოგება მიყვარს - ემოციური, ჟრუანტელის მომგვრელი. როისმა ძალიან კარგად ითამაშა და გოლი მისთვის დამახასიათებელ სტილში გაიტანა. იმედია, ასე გააგრძელებს," - ეს კლოპის სიტყვებია.
ბაიერნმა ომახიანად დაიწყო
"ბაიერნმა" ამას წინათ ნავსი გატეხა და "დორტმუნდი" სუპერთასზე დაამარცხა. ახლა კი მიუნხენელების მიზანი ისაა, რომ გერმანიის ჩემპიონი ბოლოს და ბოლოს ბუნდესლიგაშიც დაჯაბნონ.
შაბათს რეკორდმაისტერს დებიუტანტი "ფიურტის" სახით იოლი მეტოქე ჰყავდა და მართალია, საბოლოოდ დამაჯერებლად, 3:0 მოიგო, მაგრამ ჰაინკესის ბიჭებს თავიდან მაგრად გაუჭირდათ.
თავად განსაჯეთ: პირველ ტაიმში "ფიურტი" "ბაიერნს" მედგრად უძალიანდებოდა, ბავარიელები კი საგოლე მომენტსაც კი ვერ ქმნიდნენ და ტაიმი ერთობ მოულოდნელი გოლით მოიგეს: "ფიურტის" კართან დანიშნული კუთხური მიუნხენელთა ახალწვეულმა ჯერდან შაჩირიმ მოაწოდა და ბურთი მეორე ახალწვეულ დანტეს თავზე დაასვა. ამ უკანასკნელის დარტყმას შმიდტგალი ძლივს გაუმკლავდა და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ადგილზე გაჩნდა თომას მიულერი, რომელმაც ანგარიში გახსნა.
"ბაიერნის" პირველ მატჩს წინ სამწვრთნელო დისკუსიები უძღოდა - ამას წინათ პრეზიდენტ ული ჰიონესს წამოსცდა, ამ სეზონის შემდეგ, ალბათ, ახალ სპეციალისტს მოვიყვანთო, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ "ბაიერნის" ვარსკვლავები პენსიაზე გამსვლელ "დონ იუპს" ისე აღარ დაუჯერებდნენ, როგორც იმ შემთხვევაში, ულის ასეთი რამ რომ არ ეთქვა, მაგრამ 67 წლის ჰაინკესმა სჯა-ბაასს ბოლო ამ განცხადებით მოუღო: "ფაქტია, რომ მომავალ ზაფხულს კონტრაქტი მიმთავრდება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მივდივარ. გამორიცხული არაა, რომ ხელშეკრულება 2014 წლამდე გავაგრძელო."
ასე იქნება თუ ისე, "ბაიერნი" უკვე უკიდურესად ვალდებულია, ამ სეზონში მინიმუმ ერთი ტიტული მაინც მოიგოს და ეს, პირველ რიგში, გერმანიის ჩემპიონობა უნდა იყოს.
თუკი პირველ ტაიმში თვლემდნენ, "ფიურტთან" მატჩის მეორე ნახევარში ბავარიელებმა უკვე ჩვეულ სტილში ითამაშეს და მიუხედავად იმისა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერის, მარიო გომესისა და ფრანკ რიბერის სახით სამი ლიდერი აკლდათ, ჯუჯა მეტოქეს არაფერი გააბედინეს და კიდევ ორი გოლი გაუტანეს: ჯერ ახალწვეულმა მარიო მანჯუკიჩმა გაიხარა, მერე კი რობენის ჩაწოდება ფიურტელთა ცენტრალურმა მცველმა კლაინემ უნებლიე ავტოგოლით დააგვირგვინა. ამრიგად, 0:3 და "ბაიერნის" პირველი მისია ასი პროცენტით შესრულებულია.
გლადბახს არანგომ მოაგებინა
მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" წინა კვირაში მთელ საფეხბურთო გერმანიას იმედები გაუცრუა - ლუსიენ ფავრის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ რაუნდში შინ კიევის "დინამოსთან" 1:3 დამარცხდა და "გლადბახს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ახლა სასწაული თუ მოახვედრებს.
ერთგული ფანების თვალში ნაწილობრივი რეაბილიტაცია მიონხენგლადბახელებმა ბუნდესლიგის პირველ ტურში მოახერხეს, დაამარცხეს რა "ჰოფენჰაიმი" - გუნდი, სადაც ასევე სასოწარკვეთა სუფევს (მიზეზი: "ჰოფემ" გერმანიის თასის პირველ ეტაპზე "ბერლინერთან" სამარცხვინო კრახი განიცადა).
"გლადბახის" მთავარი შემოქმედი ხუან არანგო გახლდათ, რომელმაც ჯერ მაიკ ჰანკეს გაატანინა, მერე კი თავად გაიტანა გოლი (საჯარიმო დარტყმით), რომელმაც "ბორუსიას" პირველი სამი ქულა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც კიევის "დინამოსთან" მატჩში, ფავრის შეგირდებს მეორე ტაიმის დასაწყისში ამჯერადაც "ჩაეძინათ", რის გამოც რობერტო ფირმინიოს გოლით დაისაჯნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, არანგოს ინდივიდუალური კლასის ხარჯზე ეს მატჩი მაინც მოიგეს.
ჰამბურგის გამოსწორება არ იქნება...
გერმანელი ექსპერტების წინასწარმეტყველება მართლდება: საქმეს მართლაც ისეთი პირი უჩანს, რომ "ჰამბურგი" ამ სეზონშიც ბედოვლათი გუნდი იქნება.
HSV ერთადერთი კლუბია, რომელიც ელიტიდან არასდროს გავარდნილა და მართლა დიდია იმის შანსი, რომ ამ უძვირფასეს ამბავს ბოლო საიუბილეო, 50-ე სეზონში მოეღოს.
ჯერჯერობით ყველაფერი აქეთ მიდის, რადგან "ჰამბურგი" გერმანიის თასზე მიღებული "ცივი შხაპის" (2:4 მესამებუნდესლიგელ "კარლსრუესთან") შემდეგ, ბუნდესლიგის პირველ ტურში, საკუთარ მოედანზე "ნიურნბერგთან" დამარცხდა (0:1) და რომ არა მეკარე რენე ადლერის კარგი თამაში, ფრანკები ჩრდილოელებს კიდევ 2-3 გოლსაც გაუტანდნენ. სწორედ ამიტომ გამართეს "ჰამბურგის" ფანებმა მატჩის შემდეგ სტვენის კონცერტი...
"ეს არის უკლასო გუნდი, რომელსაც ვერც ვერაფერს მოვთხოვთ! ფეხბურთელები მუდმივად ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებენ, მოსაწონს კი არაფერს აკეთებენ," - წუხდა მატჩის შემდეგ "ჰამბურგის" ცოცხალი ლეგენდა, 75 წლის უვე ზეელერი.
გამარჯვებული დებიუტანტები
ბუნდესლიგის პირველ ტურში მინიმუმ ერთი დებიუტანტი მაინც იმარჯვებს ხოლმე, ამჯერად კი ორმა მოიგო.
"ფორტუნას" გამარჯვებას სენსაციას ვერ ვუწოდებთ, რადგან დიუსელდორფელებმა აუგსბურგში მოიგეს (2:0), აი, "აინტრახტმა" კი, ბევრისთვის მოულოდნელად, "ლევერკუზენი" დაამარცხა. თანაც, ფრანკფურტელებმა პირველი ტაიმი წააგეს და მეორე ნახევარში თამაში აიგნერისა და ლანიგის გოლებით შეატრიალეს.
"ფორტუნას" გმირი კი დანი შაჰინი გახდა, რომელმაც "აუგსბურგს" დუბლი შეუსრულა და არა მარტო ამ მატჩის, არამედ, ზოგადად, პირველი ტურის ერთ-ერთი გმირია.
შაბათსვე "ფრაიბურგი" და "მაინცი" ფრით (1:1) გაიყარნენ, ხოლო "ვოლფსბურგმა" კი 90-ე წუთზე გატანილი გოლით შტუტგარტიდან სამი ქულა წაიღო. ეს ერთადერთი გოლი გასულ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ბას დოსტმა გაიტანა და დაამტკიცა, რომ ფელიქს მაგათს მასში მილიონები ტყუილად არ გადაუხდია.
დოსტის გოლამდე შვაბებს ჰქონდათ საუკეთესო შანსი, მაგრამ ვედად იბიშევიჩის თერთმეტმეტრიანი ვოლფსბურგელთა მეკარე დიეგო ბენალიომ მოიგერია, რამაც მაგათის ბიჭებს ფრთები შეასხა: დოსტმა საპირისპირო კარის დალაშქვრა ზუსტად ორ წუთში მოახერხა.
გერმანია. ბუნდესლიგა. I ტური
ბორუსია (დ)-ვერდერი 2:1
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - კირხი (82. პერიშიჩი), სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი (71. ლაიტნერი), კელი - ბლაშჩიკოვსკიმ, როისი, გროსკროიტცი (78. გიოტცე) - ლევანდოვსკი.
ვერდერი (4-1-4-1): მილიტცი - გებრე სელასიე, სოკრატისი, პრიოდლი, იგნიოვსკი (66. პეტერსენი) - ფრიტცი - დე ბრუინი, იუნუზოვიჩი, ჰანტი (87. ფიულკრუგი), ელია - არნაუტოვიჩი.
გოლები: 1:0 როისი (11), 1:1 გებრე სელასიე (75), 2:1 გიოტცე (81)
გაფრთხილება: გიუნდოგანი, კელი - იგნიოვსკი, იუნუზოვიჩი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 19(6)-10(3); ბურთის ფლობა: 53%-48%.
მაყურებელი: 80 645
ბორუსია (მ)-ჰოფენჰაიმი 2:1
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ბრუვერსი, დემსი - ნორდტვეიტი, ჯაკა - რინგი (62. ჰერმანი), არანგო - ჰანკე (74. ჰრგოტა), ლ. დე იონგი (80. დე კამარგო).
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): ვიზე - ბეკი, დელპიერი, კომპერი, ჯონსონი - ვაისი (82. სალიჰოვიჩი), რუდი - ვუკჩევიჩი, რობერტო ფირმინიო (68. უსამი) - ვოლანდი, დერდიოკი (80. შიპლოკი).
გოლები: 1:0 ჰანკე (33), 1:1 რობერტო ფირმინიო (66), 2:1 არანგო (79)
გაფრთხილება: იანჩკე, ჯაკა
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 9-6; თამაშგარე: 4-7; კარში დარტყმა: 7(3)-14(8); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 50 146
ფრაიბურგი-მაინცი 1:1
ფრაიბურგი (4-1-3-2): ბაუმანი - ჰიონი, გინტერი, დიანიე, ზორგი - შუსტერი - შმიდი, მაკიადი (46. ფლუმი), პუცილა (79. კალვენტე) - მ. კრუსე, გუედე (72. ფრაისი).
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - ბუნგერტი (76. პოსპეხი), კირხჰოფი, ნოვესკი, მ. კალიჯური - ბაუმგარტლინგერი, სოტო - ჩუპო-მოტინგი, ივანშიტცი (71. ედე), ნ. მიულერი (88. რისე) - სალაი.
გოლები: 1:0 მ. კრუსე (49), 1:1 ივანშიტცი (65-პენ)
გაფრთხილება: ნ. მიულერი, კირხჰოფი
კუთხური: 9-8; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 8(4)-8(3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 22 500
აუგსბურგი-ფორტუნა 0:2
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, ს. ლანგკამპი, სანკო, ოსტრცოლეკი - ბაიერი, ოტლი - მუსონა (83. პეტრჟელა), კოო (74. იორლი), მორავეკი (46. სიო) - ბონსე.
ფორტუნა (4-2-2-1-1): გიფერი - ლეველსი, მალეზასი, ლანგენეკე, ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ო. ფინკი - რ. კრუსე (83. გარბუშევსკი), ბელინგჰაუზენი - ვორონინი (92. ხუანანი) - რაფაელი (60. შაჰინი).
გოლები: 0:1 შაჰინი (68), 0:2 შაჰინი (79)
გაფრთხილება: მორავეკი, ოსტრცოლეკი, სიო - ბოძეკი, შაჰინი
კუთხური: 3-0; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16(4)-9(4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 30 401
ჰამბურგი-ნიურნბერგი 0:1
ჰამბურგი (4-2-2-1-1): ადლერი - დიკმაიერი, ბრუმა, მანსიენი, აოგო - სკიელბრედი (70. ბაისტერი), ვესტერმანი - სალა (58. ტეშე), იანსენი - სონი (70. რუდნევსი) - ბერგი.
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, კლოზე, პინოლა - ბალიჩი, სიმონსი - ფრანტცი (76. გებჰარტი), კიოტაკე, ესვაინი (90. მაკი) - პოლტერი (64. პეკჰარტი).
გოლი: 0:1 ბალიჩი (68)
გაფრთხილება: ვესტერმანი, ბაისტერი, იანსენი, ტეშე - პინოლა, ბალიჩი
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 11(5)-18(8); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 50 123
ფიურტი-ბაიერნი 0:3
ფიურტი (4-2-3-1): გრიუნი - ნერიგი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - ფიურშტნერი, პრიბი - კლაუსი, ტირალა (69. შტიბერი), სარარერი - ფალი (62. აზემი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - ლუის გუსტავო, კროოსი (88. ტიმოშჩუკი) - თ. მიულერი, შაჩირი (72. შვაინშტაიგერი), რობენი - მანჯუკიჩი (81. პისარო).
გოლები: 0:1 თ. მიულერი (43), 0:2 მანჯუკიჩი (59), 0:3 კლაინე (78-საკ. კარში)
გაფრთხილება: ფალი, კლაინე - ლუის გუსტავო, ბოატენგი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6(2)-19(9); ბურთის ფლობა: 28%-72%.
მაყურებელი: 18 000
აინტრახტი-ლევერკუზენი 2:1
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - როდე (77. ლანიგი), შვეგლერი - აიგნერი (88. კიოლერი), ა. მაიერი, ინუი (75. ჩელოცი) - ოუშენი.
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - შვააბი, ვოლშაიდი, ტოპრაკი, კადლეცი - რაინარტცი (84. ჟუნიორ ფერნანდესი) - ლ. ბენდერი, როლფესი - ბელარაბი (69. კასტრო), შიურლე - კისლინგი.
გოლები: 0:1 კისლინგი (29), 1:1 აიგნერი (57), 2:1 ლანიგი (82)
გაფრთხილება: ანდერსონი - შვააბი, კისლინგი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 15-22; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 20(4)-19(10); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 27 950
შტუტგარტი-ვოლფსბურგი 0:1
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ჰუგლანდი, ტასკი, მასა, ბოკა - კვისტი (91. ნიდერმაიერი), გენტნერი - ჰარნიკი, ჰაინალი (46. თორუნი), ტრაორე (63. კაკაუ) - იბიშევიჩი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, პოგატეცი, როდრიგესი - კნოხე (63. პოლაკი), მ. შეფერი - დეჟაგა (67. ვიერინია), დიეგო, ოლიჩი - დოსტი (92. კიაერი).
88-ე წუთზე იბიშევიჩმა (შტუტგარტი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლი: 0:1 დოსტი (90)
გაფრთხილება: ტასკი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 16-23; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 10(5)-13(3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 48 280
ჰანოვერი-შალკე 2:2
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, ფელიპე (77. ნიკჩი), პანდერი - ანდრეასენი, პინტუ (69. ჰუშტი) - შტინდლი, შმიდებახი - შლაუდრაფი, ია კონანი (65. სობიეხი).
შალკე (4-1-2-1-2): ჰილდებრანდი - უჩიდა, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ნოიშტედტერი - ჯონსი, დრაქსლერი (80. ბარნეტა) - ჰოლტბი - მარიკა, ჰუნტელაარი.
გოლები: 1:0 ფელიპე (43), 1:1 ჰუნტელაარი (52), 1:2 ჰოლტბი (64), 2:2 ნიკჩი (80)
გაფრთხილება: შტინდლი - დრაქსლერი, ჯონსი, ჰოლტბი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12(2)-15(7); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 49 000
მომდევნო ტური
31 აგვისტო. მაინცი-ფიურტი.
1 სექტემბერი. შალკე-აუგსბურგი, ლევერკუზენი-ფრაიბურგი, ვერდერი-ჰამბურგი, ნიურნბერგი-ბორუსია (დ), ჰოფენჰაიმი-აინტრახტი, ფორტუნა-ბორუსია (მ).
2 სექტემბერი. ვოლფსბურგი-ჰანოვერი, ბაიერნი-შტუტგარტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"