გერმანია. ბუნდესლიგა. I ტურის შეჯამება: მარკო და მარიო დაძმობილდნენ

AutoSharing Option
ბუნდესლიგის პირველი ტურის მთავარი გმირები, რა თქმა უნდა, მოქმედი ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია" და ზედიზედ ორ სეზონში უტიტულოდ დარჩენის გამო ალესილი "ბაიერნი" იყვნენ.

ორივე ფავორიტმა მოიგო: "ბორუსიამ" გაძლიერებული "ვერდერი" მარკო როისისა და მარიო გიოტცეს კლასით დაამარცხა, რეკორდმაისტერმა კი დებიუტანტი "ფიურტი" გაანადგურა. თუმცა პირველ ტურში სხვაც ბევრი იყო საინტერესო: "მაინცისა" და "ფრაიბურგის" მწვრთნელებმა თომას ტუხელმა და კრისტიან შტრაიხმა ერთმანეთს სანიმუშოდ შეუღრინეს, თუმცა წყენა ძალიან მალევე დაივიწყეს.

მწვრთნელები ფოკუსში

"ფრაიბურგისა" და "მაინცის" მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ შედეგით ორივე გუნდი მეტ
-ნაკლებად კმაყოფილი დარჩა - ყოველ შემთხვევაში, პირველ ტურში უშუალო კონკურენტთან აღებული ქულა არც "ფრაიბურგისთვისაა" კატასტროფა და, მით უმეტეს, არც "მაინცისთვის", რომელიც სტუმრად თამაშობდა. თუ ასეა (და ფაქტია, რომ ასეა), მაშინ რა აჩხუბებდათ მწვრთნელებს? როგორც ჩანს, თომას ტუხელი და კრისტიან შტრაიხი ერთმანეთს ვერ იტანენ.

თომასმა და კრისტიანმა ერთმანეთისკენ საფინალო სასტვენის შემდეგ, გასახდელებისკენ მიმავალ დერეფანში გაიწიეს.

ტუხელმა შტრაიხს ჩვენი გერმანელი კოლეგების თვალწინ დაუღრიალა: "არ მესმის, რატომ გამოიწიე ჩემკენ თამაშის დროს ათჯერ და რატომ მიღერებდი მუშტს? ახლა გიკვირს, რატომ არ ჩამოგართვი ხელი?"

"ფრაიბურგის" თავკაცი მატჩის დროს მართლაც ძალიან გამომწვევად იქცეოდა. ზუსტად არ დაგვითვლია, მაგრამ ათჯერ თუ არა, რვაჯერ მაინც შეტრიალდა მაინცელთა სათადარიგოთა სკამისკენ და მუშტების ქნევას მოჰყვა.

თუმცა მათი დაპირისპირება გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ თამაშამდე დაიწყო. შტრაიხმა თქვა, ტუხელი ის ადამიანია, რომელთანაც ყველაზე დიდი სიამოვნებით გავმართავ დისკუსიას ფეხბურთის შესახებო და იქვე დაამატა, თომასი, ამავდროულად, ის კაცია, ვისთანაც ჩხუბი ყველაზე ადრე მომივაო.

ტუხელის პასუხმაც არ დააგვიანა: "მეც ვფიქრობ, რომ სწორედ კრისტიან შტრაიხია ისეთი კოლეგა, რომელთანაც ყველაზე ადვილად მომივა კამათი, რომელიც, შეიძლება, ჩხუბში გადაიზარდოს."

საბედნიეროდ, ტუხელსაც და შტრაიხსაც ვაჟკაცური წაკიდება სცოდნიათ: მათი დაპირისპირება კატაკომბებში დაიწყო და იქვე დამთავრდა - მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მომხდარზე ხმა არცერთს ამოუღია: სწრაფად იჩხუბეს და სწრაფადვე შერიგდნენ.

ბეკენბაუერმა ცეცხლზე ნავთი დაასხა
გერმანიაში ყველამ იცის, რომ ეს სეზონი იუპ ჰაინკესისთვის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის რანგში უკანასკნელია. მიუხედავად ამისა, მიუნხენური გრანდის პრეზიდენტ ული ჰიონესის სიტყვებს, გაისად სავარაუდოდ ახალი დამრიგებელი გვეყოლებაო, მაინც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

არადა, ორიოდე დღის წინ თავად 67 წლის სპეციალისტმაც თქვა, ამ სეზონის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყებაო, მაგრამ როგორც გამოჩნდა, ეს იმიტომ უთქვამს, რომ შაბათს სიტყვები უკან წაეღო - გამორიცხული სულაც არ არის, რომ "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი გავაგრძელოო, განაცხადა "დონ იუპმა" "ფიურტთან" 3:0-ზე მოგებული მატჩის შემდეგ.

ამასობაში "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა ცეცხლზე ნავთი დაასხა და ჟურნალ "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუ ხალხი სულ მათიას ზამერზე ილაპარაკებს, ცხადია, ჰაინკესი დაიბოღმებაო.

ფაქტია, რომ ზამერის სპორტულ დირექტორად დანიშვნის შემდეგ გერმანიაში ჰაინკესზე ხშირად ზამერის გვარს ახსენებენ, რამაც ჰაინკესი, შესაძლოა, მართლაც ცუდ ხასიათზე დააყენოს. სხვა საქმეა, რამდენად აისახება ეს გუნდზე.

მთელ ამ ორომტრიალში ბოლო სიტყვა, რა თქმა უნდა, ისევ ული ჰიონესის იყო: "მოვითხოვ ამ დისკუსიის დაუყოვნებლივ დასრულებას! გაისად ახალი მწვრთნელი გვეყოლება თუ გუნდს ისევ იუპ ჰაინკესი გაუძღვება, ამას გაზაფხულზე გადავწყვეტთ!" - დასჭექა ულიმ.

...ეს ოფიციალურად. ისე კი, ყველამ იცის, რომ ჰაინკესისთვის ეს სეზონი მართლაც უკანასკნელია.

როისი: მესი არაფერ შუაშია
წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მარკო როისი პირველი ტურის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. "გლადბახიდან" "დორტმუნდში" 17 მილიონ ევროდ გაყიდულმა შემტევმა ნახევარმცველმა "ვერდერთან" ანგარიში გახსნა, მაგრამ როისი მთავარი სალაპარაკო თემა მხოლოდ ამ გოლის გამო არ გამხდარა.

სხვათა შორის, არც მხოლოდ იმის გამო, გოლი ლიონელ მესის სტილში, ცისკენ აღმართული საჩვენებელი თითებით რომ აღნიშნა.

23 წლის ფეხბურთელმა "ვერდერთან" შესანიშნავად ითამაშა და დაამტკიცა, რომ გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს ტყუილად არ უწოდებენ.

კითხვაზე, რამდენი მილოცვა მიიღო "ვერდერის" კარში გატანილი გოლის გამო, როისმა "ბილდის" ჟურნალისტს მოკრძალებულად უპასუხა, არ დამითვლია, მაგრამ ბევრმა მომილოცაო. შემდეგ იყო კითხვა გოლის ზეიმთან დაკავშირებით - როისის პასუხი: "იმ მომენტში ლეო მესი ნამდვილად არ გამხსენებია.

უბრალოდ, "დორტმუნდის" ფორმით ბუნდესლიგაში პირველი გოლის გატანამ ძალიან გამახარა, გოლის ასე აღნიშვნა კი სპონტანური გადაწყვეტილება იყო."

ასეა თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ ამ გოლის და, ზოგადად, ამ უქმეების შემდეგ საფეხბურთო გერმანიამ მარკო როისი კიდევ უფრო მეტად დააფასა.

ეს იმიტომ, რომ ბევრი ფიქრობდა, "გლადბახში" ყველაფერი იდეალურად კი გამოსდიოდა, მაგრამ "დორტმუნდში" ადაპტირება გაუჭირდებაო.

როგორც ხედავთ, როისი უკვე სრულფასოვანი დორტმუნდელია, "ვესტფალენშტადიონის" პუბლიკა კი მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როცა მარიო გიოტცე ფორმაში შევა - ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდება (პარასკევს გიოტცემ შეცვლაზე ითამაშა და "ვერდერის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა)...

I ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
ფეხბურთელი კლუბი სიმბოლურში იყო
1. რაფაელ შეფერი ნიურნბერგი 1
2. დანტე ბაიერნი 1
3. ტიმ კლოზე ნიურნბერგი 1
4. ქარიმ ბელარაბი ლევერკუზენი 1
5. ნალდო ვოლფსბურგი 1
6. ლუის ჰოლტბი შალკე 1
7. მარკო როისი ბორუსია (დ) 1
8. ხუან არანგო ბორუსია (მ) 1
9. დანი შაჰინი ფორტუნა 1
10. არიენ რობენი ბაიერნი 1
11. იან შლაუდრაფი ჰანოვერი 1

"ნიურნბერგის" მეკარე რაფაელ შეფერმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა, პირველ რიგში, იმის გამო დაიმსახურა, რომ ფრანკები გაშვებული გოლისგან ორჯერ იხსნა.

შეფერმა ე.წ. მკვდარი ბურთები მოიგერია და გარდა ამისა, მთელი მატჩის განმავლობაში ერთობ თავდაჯერებული იყო.

"ნიურნბერგიდან" სიმბოლურში მცველი ტიმ კლოზეც შევიყვანეთ, რომელიც შესანიშნავი იყო, როგორც პოზიციური დაცვისას, ისე კონკრეტულ ორთაბრძოლებში.

მის გარდა, პირველი ტურის სიმბოლური ნაკრების დაცვაში ორი ბრაზილიელია: "ბაიერნის" უკანახაზელი დანტე და "ვოლფსბურგის" დაცვის ახალი ბურჯი ნალდო. ამ უკანასკნელმა "შტუტგარტთან" 1:0-ზე მოგებულ მატჩში ორთაბრძოლების 70 პროცენტი (!) მოიგო და ყველა მოვალეობა იდეალურად შეასრულა.

რაც შეეხება დანტეს: "ბაიერნის" ახალწვეული უაღრესად თავდაჯერებული გახლდათ - პირველ რიგში, მისი სწორი თამაშის დამსახურებაა ის, რომ "ფიურტის" ფეხბურთელებმა მანუელ ნოიერის კართან საგოლე მომენტები ვერ შექმნეს.

"ბაიერნმა" "ფიურტთან" კარგად მხოლოდ მეორე ტაიმში ითამაშა და ამ 45 წუთში რეკორდმაისტერიდან საუკეთესო არიენ რობენი გახლდათ, რომელიც ასევე სიმბოლურში მოხვედრის ღირსად მივიჩნიეთ. ჰოლანდიელმა მიუნხენური გრანდის თითქმის ყველა სახიფათო იერიშში მიიღო მონაწილეობა და რაც მთავარია, ეგოისტურად ერთხელაც არ მოქცეულა.

"შალკეში" (ჰანოვერთან 2:2) ყველაზე აქტიური და გამორჩეული ფეხბურთელი ლუის ჰოლტბი იყო, რომელმაც მეორე ტაიმში ჯერ საგოლე პასი მიითვალა, მერე კი გოლიც შეაგდო. ასეთივე შედეგი დააფიქსირა "გლადბახის" ლიდერმა ხუან არანგომ, ხოლო "ლევერკუზენში" ქარიმ ბელარაბის სახით ახალი გმირი გამოჩნდა.

ეს უკანასკნელი "ბაიერის" ღირსებას შარშანაც იცავდა, მაგრამ იშვიათად ენდობოდნენ. ზაფხულში კი იმდენი ქნა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და პირველივე ტურში დაამტკიცა, რომ მისი ნდობა შეიძლება: წარმოშობით მაროკოელი ნახევარმცველი ლევერკუზენელთა თითქმის ყველა შეტევას მშვენივრად ხელმძღვანელობდა და თუ "ფარმაცევტებმა" მომენტები შექმნეს, უმეტესობა ბელარაბის დამსახურებაა.

ტურის საუკეთესო ფეხბურთელი
დანი შაჰინი (ფორტუნა)

ტურის გმირად კი დიუსელდორფის "ფორტუნას" თავდამსხმელ დანი შაჰინს ვასახელებთ, რომელიც "აუგსბურგთან" მატჩში მოედანზე მე-60 წუთიდან გამოჩნდა და დიუსელდორფულ კლუბს ორი, ტექნიკურად სრულყოფილად შესრულებული გოლით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული