როგორც იქნა: ხავი მარტინესი მიუნხენის "ბაიერნშია"!

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და ბილბაოს "ატლეტიკის" ნახევარმცველის, ხავი მარტინესის მიუნხენის ბაიერნში გადასვლის შესახებ ლაპარაკი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა: გუშინ საბოლოოდ გადაწყდა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ 23 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელი კარიერას გერმანულ გრანდში გააგრძელებს.

ბასკურმა კლუბმა მარტინესს კონტრაქტი გუშინ, მას მერე გაუწყვიტა, რაც ესპანელი ნახევარმცველი ბილბაოელებთან შეუთანხმებლად გაემგზავრა მიუნხენში, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა.

მოგვიანებით, ესპანეთის საფეხბურთო ლიგამ მას "ბაიერნთან" ხელშეკრულების გაფორმების ნება დართო და მარტინესმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. როგორც მოსალოდნელი იყო, "ბაიერნს" ეს ტრანსფერი 40 მილიონი ევრო
დაუჯდა. ბავარიელები ხავი მარტინესს ოფიციალურად დღეს წარადგენენ. გუშინ საღამოს ესპანელმა "ბაიერნის" ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა ინტერვიუ.

"ბედნიერი ვარ! მიხარია, რომ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც მე მინდოდა. "ბაიერნში" გადმოსვლა ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა, რადგან ამ გუნდს უდიდესი ისტორია და ტრადიციები აქვს. მოლაპარაკებები უსაშველოდ გაიწელა და ამ დღეს მოუთმენლად ველოდი. აქ, რა თქმა უნდა, ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი," - განაცხადა აწ უკვე ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებულმა შენაძენმა.

"ბილბაოელებთან შეთანხმება ძალიან გაჭირდა, რადგან "ატლეტიკის" ხელმძღვანელებს ჩვენთან საუბარი არ სურდათ. ხავის "ბაიერნში" გადმოსვლა უნდოდა და როგორც ჩანს, ბასკები ამის გამო ძალიან გაბრაზდნენ და შესაბამისად, მაგრადაც გვაწვალეს.

მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და მარტინესი უკვე "ბაიერნის" ფეხბურთელია. ითამაშებს თუ არა ბუნდესლიგის მეორე ტურში, "შტუტგარტთან", ეს უკვე გუნდის მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის გადასაწყვეტია," - ეს რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

ნახევარდაცვაში კონკურენცია გაიზარდა
ხავი მარტინესის ტრანსფერმა "ბაიერნის" ნახევარდაცვაში კონკურენცია უკიდურესად გაამძაფრა. ფაქტია, რომ ბავარიელები 40-მილიონიან ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამზე არ დასვამენ და აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რომელი ვარსკვლავი უნდა გაწიროს ჰაინკესმა სკამისთვის.

ახალგაზრდა ესპანელი საყრდენი ნახევარმცველია. მართალია, დაცვაშიც შეუძლია ასპარეზობა, მაგრამ ფაქტია, რომ "ბაიერნმა" მარტინესი სწორედ ნახევარდაცვის ცენტრისთვის იყიდა. როგორც იცით, "დონ იუპი" ბავარიულ გრანდს 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით ათამაშებს. გამოდის, რომ მეორე "ექვსიანის" პოზიციაზე თამაშისთვის ბასტიან შვაინშტაიგერი, ტონი კროოსი, ლუის გუსტავო და ანატოლი ტიმოშჩუკი იბრძოლებენ.

"ბაიერნის" თავკაცმა არჩევანი, პირველ რიგში, შვაინშტაიგერსა და კროოსს შორის უნდა გააკეთოს. აღსანიშნავია ისიც, რომ კროოსი გამთამაშებლის პოზიციაზეც ძალიან კარგად გამოიყურება, ოღონდ, მისი წინ წაწევა უკვე თომას მიულერის ან ჯერდან შაჩირის უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგან ფლანგებზე აუცილებლად ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა უნდა ითამაშონ.

ბუნდესლიგის რეკორდული ტრანსფერები
რაკი "ბაიერნმა" ხავი მარტინესში 40 მილიონი ევრო გადაიხადა, ეს უკანასკნელი ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა. აქამდე რეკორდი ბოსნიელ თავდამსხმელ ედინ ჯეკოს ეკუთვნოდა, რომელიც 2011 წელს "ვოლფსბურგიდან" "მანჩესტერ სიტიში" 34 მილიონ ევროდ გაიყიდა.

ფეხბურთელი საიდან სად როდის ფასი
1. ხავიერ მარტინესი ბილბაო ბაიერნი 2012 40 მლნ
2. ედინ ჯეკო ვოლფსბურგი მან. სიტი 2011 34 მლნ
3. მარიო გომესი შტუტგარტი ბაიერნი 2009 30 მლნ
4. ფრანკ რიბერი მარსელი ბაიერნი 2007 25 მლნ
5. ოუენ ჰარგრივზი ბაიერნი მან. იუნ. 2007 25 მლნ
6. მარსიო ამოროზო პარმა ბორუსია (დ) 2001 25 მლნ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული