მას მერე 4 წელი გავიდა და HSV-ის ფანები ვან დერ ვაარტის დაბრუნებაზე ზამთარ-ზაფხულ ოცნებობდნენ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რაფაელის "ჰამბურგში" დაბრუნება რეალური გახდა, თუმცა მერე მისი ტრანსფერის გამო კლუბის ხელმძღვანელებმა ერთმანეთში იჩხუბეს და გულშემატკივრებსაც იმედი გადაეწურათ, მაგრამ დიდი შანსია,
გარკვეულია, რომ ვან დერ ვაარტს "ჰამბურგში" დაბრუნება უნდა. "ბილდის" ინფორმაციით, გუშინ ჩრდილოგერმანული კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იოახიმ ჰილკე ჰოლანდიაში ვან დერ ვაარტის ადვოკატ რობერტ გეერლინგს შეხვდა და მასთან ტრანსფერის დეტალები შეათანხმა.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ჰამბურგი" ჰოლანდიელ ფეხბურთელს 3-წლიან კონტრაქტს და ისეთ პირობებს სთავაზობს, რომ ვან დერ ვაარტი თანახმაა, HSV-ში დაბრუნდეს.
ახლა მთავარია, რას იტყვის "ტოტენჰემის" ბოსი დანიელ ლევი, რომელსაც ინგლისში ახირებული კაცის სახელი აქვს.
50 წლის ფუნქციონერი ვან დერ ვაარტში უტოპიურ თანხას, 18 მილიონ ევროს ითხოვს და რაკი რაფაელს "სპურზთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, ლევის სანერვიულოც არაფერი აქვს. "ტოტენჰემის" ბოსმა იცის, როგორ უნდა ვაჭრობა - ორი წლის წინ მან ვან დერ ვაარტი მადრიდის "რეალს" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ათი წუთით (!) ადრე წაართვა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მადრიდელები რაფაელის სანაცვლოდ 14 მილიონს ითხოვდნენ, "ტოტენჰემმა" კი საბოლოოდ მხოლოდ 10 მილიონად შეიძინა.
ჰამბურგელთა დამრიგებელი ტორსტენ ფინკი ნერვიულობს - არა მგონია, რომ კლუბებმა შეთანხმება მოახერხონო. "ბილდის" ინფორმაციით, "ჰამბურგს" 12-13 მილიონი ევრო ემეტება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტოტენჰემელები ახლა "რეალში" გადაბარგებული ლუკა მოდრიჩის შემცვლელს ეძებენ და თუ იპოვნიან, ვან დერ ვაარტს უფრო იოლად დათმობენ.
ბადელი და ირჟაჩეკი უკვე ჰამბურგში არიან
შეძლებს თუ არა "ჰამბურგი" ვან დერ ვაარტის გადაბირებას, ამას ორ დღეში გავიგებთ. მანამდე კი ჩრდილოგერმანელებმა ჩეხი პეტრ ირჟაჩეკისა და ხორვატი მილან ბადელის ტრანსფერები სრულყვეს.
ირჟაჩეკი HSV-ში "ვოლფსბურგიდან" გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ჰამბურგელებს ეს ტრანსფერი 4 მილიონი ევრო დაუჯდათ. ამდენივეა გადახდილი ბადელის ტრანსფერშიც, რომელმაც "ჰამბურგს" ზაგრების დინამოდან მიაშურა.
ლევერკუზენმა რენზინგი აიყვანა
ლევერკუზენის "ბაიერმა" სატრანსფერო პერიოდის მიწურულს "კიოლნის" ყოფილი მეკარე მიხაელ რენზინგი აიყვანა. "ფარმაცევტებმა" 28 წლის კიპერი უფასოდ ჩაიგდეს ხელში, რადგან "კიოლნმა" მას კონტრაქტი გაუწყვიტა, რის გამოც რენზინგი ბოლო დროს ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
მიხაელი "ლევერკუზენში" პირველი მეკარის, ბერნდ ლენოს შემცვლელი იქნება. რენზინგს ბუნდესლიგაში "ბაიერნისა" და "კიოლნის" ფორმებით 102 მატჩი აქვს ჩატარებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"