2 სექტემბერს, "ვოლფსბურგისა" და "ჰანოვერის" სახით ერთმანეთს ქვემოსაქსონიური ამბიციური კლუბები დაუპირისპირდებიან. ჩემპიონი "დორტმუნდი" ნიურნბერგში ითამაშებს, "ბაიერნი" კი "შტუტგარტს" უმასპინძლებს.
31 აგვისტოს გერმანულმა კლუბებმა კიდევ რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი სრულყვეს და მეორე ტურის წინათქმაში ამაზეც გიამბობთ, "ბაიერნმა" კი ხავი მარტინესი წარადგინა.
ელია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
1 სექტემბერს გასამართი შეხვედრებიდან ყველაზე საინტერესი ჩრდილოეთის რიგით 97-ე დერბია: "ვერდერი" "ჰამბურგს" მასპინძლობს.
"ჰამბურგი" უბრალოდ ჩემი ძველი გუნდია და მეტი არაფერი. ადრე ჩრდილოეთის დერბიში "ჰამბურგის" რიგებში და "ვერდერის" წინააღმდეგ ვიბრძოდი, ახლა კი პირიქით იქნება", - აცხადებს ელია "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ჰამბურგმა ვან დერ ვაარტი დაიბრუნა
პირველ ტურში "ვერდერიც" დამარცხდა და "ჰამბურგიც", თუმცა ბრემენელებმა ჩემპიონ "დორტმუნდთან" (1:2) საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით HSV-ზე.
ტორსტენ ფინკის გუნდმა "ნიურნბერგთან" 0:1 წააგო და გაამართლა ექსპერტთა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ "ჰამბურგი" ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე უსუსური გუნდია, რომელმაც დღევანდელი გადასახედიდან მხოლოდ გადარჩენისთვის უნდა იბრძოლოს.
თუმცა "ბუნდესლიგის უკანასკნელმა დინომ" 31 აგვისტოს რაფაელ ვან დერ ვაარტი გადაიბირა და წესით, უნდა გამოსწორდეს.
ჰამბურგელები ამ კვირაში პეტრ ირაჩეკით (ვოლფსბურგიდან) და მილან ბადელითაც (ზაგრების დინამოდან) გაძლიერდნენ. მათი დებიუტი სწორედ "ვერდერთან" დერბიში შედგება.
რაც შეეხება ვან დერ ვაარტის ტრანსფერს: 29 წლის ჰოლანდიელის სანაცვლოდ "ჰამბურგმა" "ტოტენჰემს" 13 მილიონი ევრო გადაუხადა.
რაფაელმა 31 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოგერმანულ კლუბში დაბრუნებაზე დიდი ხანია ოცნებობს და ბედნიერია, ისევ იმ პუბლიკის წინაშე რომ მოუწევს თამაში, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს და რომელიც მას ყველაზე მეტად აფასებს.
ჩემპიონი ნიურნბერგში
"ნიურნბერგი", რომელმაც პირველ ტურში ჰამბურგიდან სამი ქულა წაიღო, დორტმუნდის "ბორუსიასთან" პრინციპულ მატჩს კარგ ჩინებულ განწყობაზე ხვდება.
აღსანიშნავია, დორტმუნდელებს ნიურნბერგში ბოლო სამი მატჩიდან სამიე მოგებული აქვთ. მოქმედი ჩემპიონის თავკაც იურგენ კლოპს სვენ ბენდერის გარდა ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს.
ასეთივე მდგომარეობაშია მისი ნიურნბერგელი ვიზავი დიტერ ჰეკინგიც, რომელსაც ჰლუშეკის სახით ასევე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე აკლია.
ჰოფემ ბაბელი მოიშორა
"ჰოფენჰაიმმა" წინა სეზონის მიწურულს და ამ სეზონის სტარტზე ზედიზედ 5 ოფიციალური მატჩი წააგო, რაც პირველი შემთხვევაა ამ კლუბის ისტორიაში მას მერე, რაც "ჰოფე" პირველ ბუნდესლიგაში თამაშობს.
ფრანკფურტის "აინტრახტი" ჰოფენჰაიმელებისთვის ისტორიულად კომფორტული მეტოქეა და "სოფლელები" ამიტომაც იმედოვნებენ, რომ წარუმატებელი სერია 1 სექტემბერს შეწყდება.
"ჰოფენჰაიმს" "აინტრახტთან" დღემდე 6 მატჩი აქვს ჩატარებული და არცერთში არ დამარცხებულა. "ჰოფეს" თავკაცი მარკუს ბაბელი 6-მილიონ ევროდ შეძენილ ახალწვეულ ხოსელუს სავარაუდოდ ახლაც ვერ გამოიყენებს - ესპანელი არასრულყოფილ ფიზიკურ კონდიციაშია.
"აინტრახტმა" პირველ ტურში "ლევერკუზენი" 2:1 დაამარცხა.
აქვე გეტყვით, რომ "ჰოფენჰაიმმა" 31 აგვისტოს ჰოლანდიელ თავდამსხმელ რაიან ბაბელს კონტრაქტი გაუწყვიტა. ეს უკანასკნელი მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა ჯერ კიდევ წინა სეზონში აითვალწუნა და ცნობილი იყო, რომ გუნდში არ გააჩერებდა.
რაიანი ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა.
ფრაიბურგი ლევერკუზენისთვის საშიში მეტოქეა
ფრანკფურტში შერცხვენილი "ფარმაცევტები" პირველ საშინაო მატჩს მაინცდამაინც "ფრაიბურგთან" გამართავენ - გუნდთან, რომელიც "ლევერკუზენს" ბოლო დროს ყოველთვის პრობლემებს უქმნის ხოლმე.
31 მარტს "ფრაიმ" "ბაი-არენაზე" 2:0 მოიგო და სწორედ იმ მატჩს გადაჰყვა ლევერკუზენელთა დამრიგებელი რობინ დუტი, რომელიც დღეს გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორია.
"ბაიერს" მას მერე საშა ლევანდოვსკი და სამი ჰიიპია ავარჯიშებენ - მათ ხელში "ლევერკუზენი" საკუთარ მოედანზე ერთხელაც არ დამარცხებულა.
იბრაჰიმ აფელაი შალკეშია!
"აუგსბურგის" ახალ თავკაც მარკუს ვაინცირლს ბუნდესლიგაში დებიუტი ნაღდად სხვანაირად წარმოედგინა - მისმა გუნდმა პირველ ტურში, საკუთარ მოედანზე, ელიტაში ახალაღზევებულ დიუსელდორფის "ფორტუნასთან" 0:2 წააგო.
1 სექტემბერს აუგსბურგელებს უფრო რთული მატჩი ელით - "შალკეს" სტუმრობენ და ამ მატჩის ფავორიტად, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გელზენკირხენული კლუბი მიიჩნევა.
"შალკეს", რომელმაც სეზონის პირველი მატჩი ზედიზედ მესამედ ვერ მოიგო (2:2 ჰანოვერში) ჯეფერსონ ფარფანი და კრისტოფ მეტცელდერი უბრუნდებიან.
აქვე ვთქვათ, რომ 31 აგვისტოს "შალკემ" სენსაციური ტრანსფერი სრულყო: გელზენკირხენელებმა "ბარსელონადან" 26 წლის შემტევი ნახევარმცველი იბრაჰიმ აფელაი ერთი წლით ინათხოვრეს.
"შალკემ" საგაისოდ მისი შესყიდვის უპირატესი უფლებაც დაიტოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამორივხული არაა, ჰოლანდიელი გელზენკირხენში უფრო დიდი ხნითაც დარჩეს.
31 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე აფელაიმ თქვა, რომ "შალკეში" რამდენიმე წლითაც სიამოვნებით დარჩება.
კიევმოვლილი გლადბახი დიუსელდორფში
1 სექტემბერს საღამოს, რაინულ დერბიში "ფორტუნა" "გლადბახს" მიიღებს. წესით, ეს მატჩი დიუსელდორფისთვის უდიდესი ზეიმი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გასული სეზონის მიწურულს "ჰერტასთან" რელეგაციის საპასუხო მატჩში მომხდარი ცნობილი სკანდალის გამო, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა "ფორტუნა" დასაჯა და ელიტაში პირველ საშინაო მატჩს მხოლოდ 25 000 ქომაგი დაესწრება.
დიუსელდორფელებს იმედი აქვთ, რომ მიონხენგლადბახელები გადაღლილები იქნებიან - "ბორუსიამ" კიევის "დინამოს" ბარიერი ვერ გადალახა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ შეაღწია.
ლუსიენ ფავრის გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, აი, ბუნდესლიგაში კი "გლადბახმა" პირველივე ტურში "ჰოფენჰაიმს" 2:1 მოუგო. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ფავრის ბიჭებმა კარგად ითამაშეს, უბრალოდ, ხუან არანგოა ბრწყინვალე ფორმაში და მიონხენგლადბახელებს დიუსელდორფშიც მისი იმედი აქვთ.
ბაიერნში ხავი მარტინესი უნდა ვნახოთ
2 სექტემბერს, პირველი მატჩი "ვოლფსბურგისა" და "ჰანოვერის" ქვემოსაქსონიური დუელია, რომელიც ვოლფსბურგელ ემანუელ პოგატეცისთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან ეს უკანასკნელი, რომელიც "ჰანოვერის" ღირსებას ორი წელი იცავდა.
"მგლებმა" სატრანსფერო ბაზარზე ძალიან იაქტიურეს და მათი თავკაცი ფელიქს მაგათი ამიტომაც ამბობს, სრულიად გერმანიაში თუ არა, ჩრდილოეთში მაინც უნდა ვიყოთ პირველებიო.
"ვოლფსბურგმა" პირველ ტურში "შტუტგარტი" ბას დოსტის გოლით (90-ე წუთზე) დაამარცხა და ფაქტია, რომ მაგათს "ჰანოვერთანაც" მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებს.
თუ ისტორიას გადავხედავთ, "ვოლფსბურგი" აშკარა ფავორიტია - "ჰანოვერმა" ცხრა უშუალო დუელიდან მხოლოდ ერთი მოიგო.
მიუნხენის "ბაიერნმა" ოთხშაბათს ბოლოს და ბოლოს სრულყო ხავი მარტინესის ტრანსფერი - 23 წლის ესპანელი ნახევარმცველი ბავარიელებს 40 მილიონი ევრო დაუჯდათ. წესით, რეკორდმაისტერის თავკაცმა იუპ ჰაინკესმა ბილბაოს "ატლეტიკიდან" ბუნდესლიგისთვის სარეკორდო ფასად ნაყიდი ფეხბურთელი "შტუტგარტთან" უნდა ათამაშოს - შეცვლაზე მაინც.
აღსანიშნავია, რომ შვაბებმა ხუთშაბათს მოსკოვის "დინამოსთან" რთული მატჩი გადაიტანეს, მაგრამ რაც მთავარია, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ.
მიუნხენელებმა უძვირფასესი ესპანელი ფეხბურთელი ოფიციალურად 31 აგვისტოს წარადგინეს.
"მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს აქ ვარ! - ასე დაიწყო მარტინესმა პრესკონფერენცია, - სიმართლე გითხათ, თავიდან ცოტათი მეშინოდა "ბაიერნში" გადმოსვლა, რადგან არ ვიცოდი, როგორ შევეგუებოდი ახალ ქვეყანას. ამიტომაც წამოვიყვანე ჩემი ოჯახი წევრები.
მიხარია, რომ მწვრთნელმა ესპანური იცის, მაგრამ გერმანულის სწავლას ამ დღეებში დავიწყებ და იმედია, ენას მალე ავითვისებ. სხვათა შორის, ინგლისურიც ცუდად ვიცი.
აქ ყველა ოქტობერფესტზე ლაპარაკობს და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ეს უდიდესი ზეიმი.
მიუნხენში პირველად ვარ და აქაურობა ძალიან მომეწონა. ვიცი და მესმის, რომ "ბაიერნმა" ჩემში ძალიან დიდი ფული გადაიხადა, მაგრამ ეს ჩემთვის მოტივაციაა".
გერმანია. ბუნდესლიგა. II ტური
31 აგვისტო
მაინცი-ფიურტი 0:1
1 სექტემბერი
შალკე-აუგსბურგი 17:30
ტრავმა: ფიპლი, ბა, კალსენ-ბრაკერი, მიოლდერსი (ყველა აუგსბურგი)
ლევერკუზენი-ფრაიბურგი 17:30
ტრავმა: რენატო, სემი - დ. კალიჯური, როზენტალი
ვერდერი-ჰამბურგი 17:30
ტრავმა: ა. სტევანოვიჩი - შარნერი, კაჩარი, რინკონი
ნიურნბერგი-ბორუსია (დ) 17:30
ტრავმა: ჰლუშეკი, მენდლერი - კირხი, ს. ბენდერი
ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 17:30
დისკვალიფიკაცია: ჯაპკა (აინტრახტი)
ტრავმა: იაისლე, ვიზერი - ამედიკი, კუემაა
ფორტუნა-ბორუსია (მ) 20:30
დისკვალიფიკაცია: ლამბერტცი (ფორტუნა)
ტრავმა: ბალოგუნი, ბრუნო სუარესი (ორივე ფორტუნა)
2 სექტემბერი
ვოლფსბურგი-ჰანოვერი 17:30
ტრავმა: პილარი, ჰელმესი - შიუნემანი, მ. დიუფი
ბაიერნი-შტუტგარტი 19:30
ტრავმა: რედერი, კონტენტო, ალაბა, გომესი - აუდელი, დიდავი, კუჟმანოვიჩი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"