აი, ჰოფენჰაიმელებს, ჰამბურგელებს, ვოლფსბურგელებს და შტუტგარტელებს (განსაკუთრებით, ვედად იბიშევიჩს) ხუმრობისთვის ნამდვილად არ სცხელათ...
ალბათ, თქვენც ფიქრობდით, რომ გერმანიის ჩემპიონობისთვის ამ სეზონშიც მხოლოდ დორტმუნდის "ბორუსია" და მიუნხენის "ბაიერნი" იბრძოლებდნენ. შევცდით, აშკარად შევცდით! "ვერცხლის სინისთვის" ბრძოლაში ფრანკფურტის "აინტრახტიც" ჩაერია და ბოლო 13 წლის მანძილზე პირველად გახდა ბუნდესლიგის ლიდერი.
შესაბამისი იყო "აინტრახტის" თავკაც არმინ ფეეს კომენტარი "ჰოფენჰაიმთან"
მერე რა, რომ ფრანკფურტელთა ლიდერობა მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდა? ფეემ, რა თქმა უნდა, იხუმრა და რომ "აინტრახტის" საჩემპიონო ამბიციებზე ლაპარაკი სასაცილოა - რაც მთავარია, ფრანკფურტელებმა დაამტკიცეს, რომ იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე სეზონის დაწყებამდე უწინასწარმეტყველებდნენ.
თავად ფეე ყურადღების ცენტრში ბოლოს ხუთი წლის წინათ იყო, როცა "შტუტგარტი" ყველასათვის მოულოდნელად გააჩემპიონა. ახლა კი "აინტრახტი" ელიტაში დააბრუნა და მის გუნდს ორი ტურის შემდეგ ორივე თამაში მოგებული აქვს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბუნდესლიგის მესამე ტურში ფრანკფურტელებმა უცუდეს ფორმაში მყოფ "ჰამბურგს" ორი კვირის შემდეგ უნდა უმასპინძლონ, რეალურზე რეალურია ის, რომ "აინტრახტმა" მესამე თამაშიც მოიგოს.
ფრანკფურტელები უტევენ და უტევენ
მიუხედავად იმისა, რომ "აინტრახტმა" მეორე ბუნდესლიგაში ძალიან კარგად იასპარეზა, ამ გუნდისგან ელიტაში ასეთ დასაწყისს მაინც არავინ ელოდა.
"ლევერკუზენისა" და "ჰოფენჰაიმის" დამარცხება ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ფეეს ბიჭები მართლა შესანიშნავ, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. არმინმა გუნდი მნიშვნელოვნად გადაახალისა და ბევრი ახალი ფეხბურთელი მიიყვანა - როგორც ხედავთ, მისი კონცეფცია ჯერჯერობით იდეალურად ამართლებს.
"ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩვენმა სტილმა შედეგი მოიტანა. ასეთი ფეხბურთით პირველი ორი თამაში რომ წაგვეგო, ბიჭებს ხასიათი წაუხდებოდათ და აღარ დაიჯერებდნენ იმას, რომ ამ სტილით შედეგის მიღწევა შეიძლება. ვეცდებით, მომდევნო მატჩებშიც ასე თამამად შევუტიოთ," - განაცხადა 51 წლის მწვრთნელმა.
ტაქტიკა-სტრატეგიასთან ერთად, "აინტრახტის" საოცნებო სტარტი იმის დამსახურებაცაა, რომ ფეეს მიყვანილი ახალი ფეხბურთელები იმედებს ამართლებენ.
შაბათს "ჰოფენჰაიმთან" მატჩში "აინტრახტის" ძირითად შემადგენლობაში ექვსმა ახალწვეულმა ითამაშა და ექვსივე მოწოდების სიმაღლეზე იდგა - ვგულისხმობთ ტრაპს, სამბრანოს, ოჩიპკას, აიგნერს, ინუისა და ოუშენს. გაგახსენებთ, რომ პირველ ტურში, "ლევერკუზენთან" (2:1) ორივე გოლი ახალწვეულების (აიგნერი, ლანიგი) ანგარიშზე იყო...
იბიშევიჩი კარგად დაფიქრდება
კარგი ამბავი ვედად იბიშევიჩისთვის: "შტუტგარტის" ბოსნიელ თავდამსხმელს ახლო მომავალში ფეხბურთის თამაში აღარ მოუწევს. არა მარტო იმიტომ, რომ წინ სანაკრებო პაუზაა და ბუნდესლიგის მესამე ტური ორი კვირის შემდეგ გაიმართება, არამედ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ კვირას მიუნხენში ერთობ იდიოტურად მოიქცა და გააწითლეს.
ბუნდესლიგამ ჯერ მხოლოდ ორი ტური მოილია და იბიშევიჩმა უკვე იმდენი რამის გაფუჭება მოასწრო, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ეს იძულებითი პაუზა მისთვის მისწრებაა. პირველ ტურში შვაბები "ვოლფსბურგს" მასპინძლობდნენ და ბოლო წუთებზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს.
თერთმეტმეტრიანის შესრულება იბიშევიჩმა ითავა და გააფუჭა. დარჩენილ დროში "ვოლფსბურგმა" შეძლო გოლის გატანა და "შტუტგარტი" დამარცხდა - შესაბამისად, იბიშევიჩი შეხვედრის ანტიგმირად გამოცხადდა.
კვირას ვედო და კომპანია მიუნხენში თამაშობდნენ და მათთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო - ანგარიში გახსნეს, მაგრამ მერე "ბაიერნმა" ძალიან მოინდომა და ექვსი გოლი გაიტანა.
ამით ნერვებმოშლილი იბიშევიჩი 74-ე წუთზე ბავარიელთა მცველ ჟერომ ბოატენგს ბავშვივით წამოუხტა და მოედნიდან მიაბრძანეს.
ამბობს, გაძევებას არ ვიმსახურებდი, წესით, მსაჯს ორივესთვის ყვითელი ბარათი უნდა მოეცაო, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არავის აინტერესებს. ფაქტი ისაა, რომ ვედოს ახლა საკმარისი დრო აქვს იმისათვის, რომ დაფიქრდეს და ამ ორ კვირაში გადატანილი თავგადასავლები კარგად გააანალიზოს.
II ტურის სიმბოლური ნაკრები.
ლელოს ვერსიით
ფეხბურთელი კლუბი სიმბოლურში
1. მაქს გრიუნი ფიურტი 1
2. დანიელ კარვახალი ლევერკუზენი 1
3. კონსტანტინ რაუში ჰანოვერი 1
4. კირიაკოს პაპადოპულოსი შალკე 1
5. პერ ნილსონი ნიურნბერგი 1
6. ლუის გუსტავო ბაიერნი 1
7. კევინ დე ბრუინი ვერდერი 1
8. ჯერმეინ ჯონსი შალკე 1
9. ტომას პეკჰარტი ნიურნბერგი 1
10. თომას მიულერი ბაიერნი 1
11. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 1
"ფიურტმა" ბუნდესლიგაში პირველი გამარჯვება რომ იზეიმა, ეს, პირველ რიგში, მეკარე მაქს გრიუნის დამსახურებაა, რომელმაც სალაისა და ნოვესკის აუღებელი დარტყმები აიღო და გარდა ამისა, ყველა ეპიზოდში თავდაჯერებული იყო.
მარჯვენა მცველის პოზიციაზე ამ ტურში საუკეთესო "ლევერკუზენის" ესპანელი ახალწვეული დანიელ კარვახალი გახლდათ, რომელმაც სადებიუტო მატჩში იდეალურად იასპარეზა. "რეალის" მეორე გუნდიდან ნაყიდმა კარვახალმა ლარს ბენდერს კარგად გაუგო - "ბაიერის" თითქმის ყველა სახიფათო შეტევა ამ დუეტის დამსახურება გახლდათ.
დაცვის ცენტრს მეორე ტურში ყველაზე უკეთ შალკელი კირიაკოს პაპადოპულოსი და ნიურნბერგელი პერ ნილსონი ამაგრებდნენ.
ბერძენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რატომ იბრძოლა "შალკემ" მისი შენარჩუნებისთვის ასეთი თავგანწირვით - "აუგსბურგის" შემტევებს არაფერი გააბედვინა, საკუთარ საჯარიმოში თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო და ამ ყველაფერთან ერთად, გოლიც გაიტანა და "შალკე" დააწინაურა.
რაც შეეხება ნილსონს: თუკი პირველი ტურის სიმბოლურში მისი მეწყვილე ტიმ კლოზე შევიყვანეთ, ახლა პერი იყო გამორჩეული და თანაც, როგორ მეტოქესთან - ნილსონს შაბათს დორტმუნდის "ბორუსიას" წინახაზელებთან ჰქონდა საქმე და ამ ურთულეს ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა.
შვედმა ორთაბრძოლების 80 პროცენტი მოიგო და ჩემპიონის გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკის გასაქანი არ მისცა.
"ჰანოვერის" თავკაცი მირკო სლომკა დიდხანს ჩიოდა, პანდერისა და შულცის არყოფნაში დაცვის მარცხენა ფლანგზე გაგვიჭირდებაო, მაგრამ კონსტანტინ რაუში ორივე სახელოვან მარცხენა მცველს ძალიან კარგად ცვლის.
ნახევარდაცვის ცენტრში საუკეთესოები "შალკეს" და "ბაიერნის" საყრდენები, ჯერმაინ ჯონსი და ლუის გუსტავო იყვნენ. პირველი დაცვითი ფუნქციების შესრულებისას უკომპრომისო იყო და შეტევაშიც ნაყოფიერად ერთვებოდა (გოლიც გაიტანა და "აუგსბურგის" კარის ძელიც შეაზანზარა); რეკორდმაისტერის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კი, გარდა პირველიდან ბოლო წუთამდე ეფექტური თამაშისა, ტონი კროოსს გაატანინა და თვითონაც ულამაზესი გოლი შეაგდო.
მეორე ტურიდან ამჯერად სამი შემტევი ნახევარმცველი გამოვარჩიეთ: ბაიერნელი თომას მიულერი, "ჰანოვერში" დაბრუნებული ჟაბოლჩ ჰუშტი და "ვერდერის" ახალწვეული კევინ დე ბრუინი. მიულერმა "შტუტგარტთან" ძველებურად კარგად ითამაშა, დუბლიც შეასრულა და ორი ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
"ჰანოვერმა" ვოლფსბურგში 4:0 მოიგო და "წითლებმა" ოთხივე გოლი (!) ჰუშტის პასებით გაიტანეს, ხოლო დე ბრუინი კი "ვერდერის" ყველაზე ეფექტური მოთამაშე გახლდათ - ჩრდილოეთის დერბიში "ჰამბურგის" უკანახაზელებს ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ ამ უკანასკნელმა შეუქმნა.
მეორე ტურის საუკეთესო თავდამსხმელი კი ნიურნბერგელი ტომას პეკჰარტია, რომელმაც, მართალია, მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ეს "დორტმუნდთან" უმნიშვნელოვანეს მატჩში გააკეთა და თანაც, გოლის გარდა, მთელი მატჩის განმავლობაში მაგრად წნეხავდა "ბორუსიას" დაცვის ბურჯ მატს ჰუმელსს.
II ტურის გმირი
ჟაბოლჩ ჰუშტი (ჰანოვერი)
"ჰანოვერის" ხელმძღვანელები უნგრელი შემტევი ნახევარმცველის რუსულ "ზენიტში" გაშვებას დიდხანს ნანობდნენ და როგორც იქნა, მისი დაბრუნება მოახერხეს. ახლა კი ბედნიერები არიან. ერთ მატჩში 4 საგოლე პასის გაკეთება ნახევარმცველისთვის ზღაპრული მონაგარია - ჰუშტიმ ბუნდესლიგის მეორე ტურის გმირის წოდება დაიმსახურა.
საუკეთესო ფეხბურთელები
II ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 1.0
2. რენე ადლერი ჰამბურგი 1.5
3. არტურ სობიეხი ჰანოვერი 1.5
4. გონსალო კასტრო ლევერკუზენი 2.0
5. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 2.0
6. აარონ ჰანტი ვერდერი 2.0
7. სებასტიან როდე აინტრახტი 2.0
8. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.0
9. ხუან არანგო ბორუსია (მ) 2.25
10. მარკო არნაუტოვიჩი ვერდერი 2.25
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. თომას მიულერი ბაიერნი 2 3 2 5
2. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 2 0 4 4
3. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 1 0 3 3
4. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 2 2 1 3
5. ხუან არანგო ბორუსია (მ) 2 1 1 2
6. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 2 1 1 2
7. გონსალო კასტრო ლევერკუზენი 2 1 1 2
8. ლუის ჰოლტბი შალკე 2 1 1 2
9. აარონ ჰანტი ვერდერი 2 1 1 2
10. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 2 2 0 2
სატურნირო მდგომარეობა
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ |
ბ | ქ |
1. | ბაიერნი | 2 | 2 | 0 | 0 | 9-1 | 6 |
2. | აინტრახტი | 2 | 2 | 0 | 0 | 6-1 | 6 |
3. | ჰანოვერი | 2 | 1 | 1 | 0 | 6-2 | 4 |
4. | შალკე | 2 | 1 | 1 | 0 | 5-3 | 4 |
5. | ფორტუნა | 2 | 1 | 1 | 0 | 2-0 | 4 |
6. | ბორუსია (დ) | 2 | 1 | 1 | 0 | 3-2 | 4 |
7. | ბორუსია (მ) | 2 | 1 | 1 | 0 | 2-1 | 4 |
8. | ნიურნბერგი | 2 | 1 | 1 | 0 | 2-1 | 4 |
9. | ვერდერი | 2 | 1 | 0 | 1 | 3-2 | 3 |
10. | ლევერკუზენი | 2 | 1 | 0 | 1 | 3-2 | 3 |
11. | ფიურტი | 2 | 1 | 0 | 1 | 1-3 | 3 |
12. | ვოლფსბურგი | 2 | 1 | 0 | 1 | 1-4 | 3 |
13. | მაინცი | 2 | 0 | 1 | 1 | 1-2 | 1 |
14. | ფრაიბურგი | 2 | 0 | 1 | 1 | 1-3 | 1 |
15. | ჰამბურგი | 2 | 0 | 0 | 2 | 0-3 | 0 |
16. | აუგსბურგი | 2 | 0 | 0 | 2 | 1-5 | 0 |
17. | ჰოფენჰაიმი | 2 | 0 | 0 | 2 | 1-6 | 0 |
18. | შტუტგარტი | 2 | 0 | 0 | 2 | 1-7 | 0 |
ბომბარდირები
3 - თ. მიულერი (ბაიერნი); 2 - ჰუნტელაარი (შალკე), ლანიგი (აინტრახტი), მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი), შაჰინი (ფორტუნა), სობიეხი (ჰანოვერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"