მას მერე, რაც "ბოლტონთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა, ხორვატი უკლუბოდ იყო. 32 წლის კლასნიჩი მაინცში ორშაბათს ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მართალია, სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, მაგრამ იმის გამო, რომ ფეხბურთელი უკლუბოდ იყო, მაინცელებმა ივანი უპრობლემოდ გადაიბირეს.
პირველ რიგში, ადრიან რამოსის გადმობირება გვინდოდა, მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა და შესაბამისად, კლასნიჩი მოვიწვიეთ.
ივანი გამოცდილი, კარგი თავდამსხმელია, რომელიც ჩვენს გუნდს ნამდვილად გააძლიერებს," - განაცხადა მაინცელთა მენეჯერმა კრისტიან ჰაიდელმა.
"რამდენიმე წინადადება მქონდა, რომელთა შორისაც "მაინცი" საუკეთესო ვარიანტი იყო. ამიტომაც მოვიცადე ამდენ ხანს. მიხარია, რომ ბუნდესლიგაში დაბრუნების შესაძლებლობა მომეცა," - ეს კი თვითონ ფეხბურთელის სიტყვებია.
გერმანიაში დაბადებულმა და გაზრდილმა ივან კლასნიჩმა საფეხბურთო კარიერა 1997 წელს, მშობლიური ჰამბურგის კლუბ "ზანკტ პაულიში" დაიწყო, საიდანაც 2001 წელს "ვერდერში" გადავიდა, სადაც 2008 წლამდე ითამაშა.
ივანი საფეხბურთო ევროპამ სწორედ ბრემენული კლუბიდან გაიცნო, სადაც ბუნდესლიგის 151 მატჩში 49 გოლი გაიტანა.
კლასნიჩი "ვერდერის" შემდეგ ფრანგულ "ნანტში" (33 მატჩი, 10 გოლი) თამაშობდა, საიდანაც ინგლისში მოხვდა და ზაფხულამდე "ბოლტონში" ირიცხებოდა. ბოლო სამ სეზონში ივანმა პრემიერლიგის 78 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა. ხორვატიის ნაკრებში, 41 მატჩში, მის ანაგარიშზე 12 გოლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"