ფაქტია, რომ "ბაიერნში" კონკურენცია უკიდურესად გაიზარდა, რაც მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ძალიან უხარია. მეკარე მანუელ ნოიერს კი სჯერა, რომ "ბაიერნი" ახლო მომავალში კიდევ მიიღებს იმ ყველაფერს, რაც გასულ სეზონში აკლდა.
"შტუტგარტთან" 6:1-ზე მოგებულ მატჩში
"წელს გაცილებით დიდი არჩევანი მაქვს და ეს ძალიან სასიხარულოა," - კმაყოფილებით ხელებს იფშვნეტდა მატჩის შემდეგ "დონ იუპი", რომელსაც, რა თქმა უნდა, კარგად ახსოვს, არიენ რობენი, დავიდ ალაბა და მარიო გომესი რომ ტრავმირებულები არიან.
"შტუტგარტთან" 6:1 კი, ერთობ მსუყე გამარჯვებასთან ერთად, იმასაც ნიშნავდა, რომ რეკორდმაისტერმა სეზონის პირველი ორი სასტარტო მატჩი 2007 წლის შემდეგ პირველად მოიგო. ეს სხვა გერმანული კლუბებისთვის, განსაკუთრებით კი, "ბაიერნის" უმთავრეს კონკურენტად მიჩნეული დორტმუნდის "ბორუსიასთვის" საკმაოდ ხმაურიანი სიგნალია - მიუნხენელებმა მაგიდაზე მუშტი სეზონის სტარტზევე დაარტყეს.
"უკვე ჩანს, რომ გუნდი შარშანდელზე და შარშანწინდელზე გაცილებით ძლიერია, - ამას რომ ამბობდა, კაპიტან ფილიპ ლამს თვალები უბრწყინავდა, - ის ბიჭები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, ვარჯიშებზე თავდაუზოგავად იბრძვიან და ბოლომდე იხარჯებიან, რათა მწვრთნელს თავი მოაწონონ და თამაშის შანსი მიეცეთ; ხოლო ისინი, რომლებიც თამაშობენ, საქმეს მაქსიმალური კონცენტრაციით უდგებიან, რადგან ხვდებიან, რომ შეცდომების დაშვების უფლება არ აქვთ".
კონკურენციას მხოლოდ პლუსები როდი აქვს...
რეკორდმაისტერს კონკურენციამ რომ არგო, ამის საუკეთესო მაგალითი ლუის გუსტავოა. ბრაზილიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა "შტუტგარტთან" კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.
როგორც ჩანს, მარტინესის ტრანსფერმა გუსტავო გამოაცოცხლა - ესპანელი ხომ მისი პირდაპირი კონკურენტია. ამ სეზონში სულ სხვაა თომას მიულერიც, რომელსაც 2010 წლის მუნდიალზე გაბრწყინების შემდეგ დაღმასვლა დაეწყო, ახლა კი ძველებურად მონდომებული და შემართულია. თომასს ორი ტურის შემდეგ სამი გოლი აქვს. შედარებისთვის: გასულ სეზონში მესამე გოლი მხოლოდ 21-ე ტურში შეაგდო.
"საბედნიეროდ, არცერთი ფეხბურთელი აღარაა იმაში დარწმუნებული, რომ აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ეს ყველაზე კარგად ვარჯიშებზე ჩანს - ხშირად ყვირილის ხმასაც გაიგებთ. ყველა ხვდება, რომ თითოეული პოზიციისთვის ბრძოლაა საჭირო" - ამბობს ნოიერი.
ფაქტია, რომ ისედაც გაზრდილი კონკურენცია ხავი მარტინესის ტრანსფერმა კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეც აქვს: კონკურენცია დაძაბულობასაც ნიშნავს, დაძაბულობა კი - ფეთქებად ვითარებას. საინტერესოა, როგორ მოახერხებს მანევრირებას ჰაინკესი, როცა რობენი, ალაბა და გომესიც გამოჯანმრთელდებიან.
ფაქტია, რომ "დონ იუპს" ყოველთვის მოუწევს მინიმუმ 3-4 ისეთი მოთამაშის სათადარიგოთა სკამზე დასმა, რომლებსაც ეს არ ეპიტნავებათ.
თავად მწვრთნელი საფრთხეს ვერ ხედავს და რობენის მაგალითი მოჰყავს: "არიენი მოვიდა და მითხრა, თავს ცუდად ვგრძნობ, გაციებული ვარ და თამაში კი შემიძლია, მაგრამ უმჯობესია იმან ითამაშოს, ვინც სრულ მზადყოფნაშიაო".
საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება "ბაიერნში" ასეთი სულისკვეთება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"