ფილიპ ლამი: მიზანი მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონობაა!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში წაგება გერმანიის ნაკრებს წარუმატებლობაში ჩაეთვალა, მაგრამ ეს უკვე წარსულია.

7 სექტემბერს ბუნდესგუნდი ფარერებთან იოლი მატჩით მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს.

6 სექტემბერს "ბილდში" გერმანელთა კაპიტნის, 28 წლის ფილიპ ლამის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც პირველია ევრო 2012-ის შემდეგ.

- ჰერ ლამ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრებს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. ჩვენც მაგრად გაკრიტიკებდით...
- გასაგებია, მაგრამ მე ფაქტებს უფრო ვენდობი და ვაფასებ. ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ გერმანიის ნაკრები ზედიზედ მეოთხედ გავიდა დიდი ტურნირის ნახევარფინალში და ვფიქრობ, რომ ეს
ძალიან კარგი შედეგია.

- თქვენი მოსაზრება მისაღებია, რადგან დიდი ტურნირის ნახევარფინალში ზედიზედ ოთხჯერ გასვლა მართლაც არაა ცუდი შედეგი, მაგრამ გერმანიის ნაკრების ქომაგები ნახევარფინალით ვერ დაკმაყოფილდებიან. ბუნდესგუნდის ხელმძღვანელები მუდმივად იმაზე საუბრობენ, რომ 2006 წლის შემდეგ გერმანია მუდმივად პროგრესირებს, მაგრამ ფაქტია, რომ ისევ ტიტულის გარეშე დავრჩით...
- რაც უნდა ძლიერი იყოს რომელიმე გუნდი, ვერასდროს ექნება იმის გარანტია, რომ ტიტულს მოიგებს და ცხადია ისიც, რომ მსოლიოს ან ევროპის ჩემპიონობამდე ყოველთვის ძალიან ცოტა გვაკლდება ხოლმე.

- მაინც რას გულისხმობთ
"ძალიან ცოტაში"?
- სწორედ ამაზე უნდა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ ახლა, რადგან ძალიან გვინდა, რომ 2014 წელს აღარაფერი დაგვაკლდეს და მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ. უნდა მოვიფიქროთ, როგორ გადავდგათ მორიგი ნაბიჯი წინ და რა უნდა შევცვალოთ იმისათვის, რომ ფინალში გავიდეთ და მოვიგოთ. იცით, რამდენჯერ დავუსვი ეს კითხვები საკუთარ თავს?

- მთავარი ის არის, უპასუხეთ თუ არა ამ კითხვებს...
- მივხვდი, რომ არც მე ვიქცევი ყოველთვის სწორად - შეცდომას ხომ ყველა უშვებს. არსებობს დღეები, როცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გინდა. ჩემს შემთხვევაშიც ასეა ხოლმე. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ გერმანიის ნაკრები სწორ გზას ადგას და ადრე თუ გვიან, დიდ წარმატებას იზეიმებს.

- ისეთი განცდა გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე განცდილი მარცხის შემდეგ ჩაცხრა ის უდიდესი ეიფორია, რომელიც ბუნდესგუნდს 2006 წლიდან მოჰყვებოდა...
- მე ასე არ ვფიქრობ.

- ფანები ფიქრობენ ასე!
- ნუთუ? არგენტინასთან წაგებულ ამხანაგურ მატჩში საფინალო სასტვენის შემდეგ გულშემატკივრებმა ტაში დაგვიკრეს. თუმცა მე კარგად მესმის, რომ ყველა ასე არ ფიქრობს და ჩვენც თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, რადგან დავმარცხდით ერთი შეხედვით ჩვენზე სუსტ და ცუდად მომზადებულ იტალიასთან, მერე კი წავაგეთ არგენტინასთანაც - გუნდთან, რომელიც 2010 წლის მუნდიალზე გავანადგურეთ.

გერმანიის ნაკრებში დიდი ხანია ვარ და უკვე ყველაფერი გამოვცადე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბუნდესგუნდში თამაში არ მეამაყება, ძალიან ცდება. თანაც, ესპანეთისა და გერმანიის გარდა, ვერცერთი გუნდი ვერ იტყვის, რომ ბოლო წლებში ყველა დიდ ტურნირზე ჩემპიონობისთვის იბრძოდა.

- ჰო, მაგრამ, თუ ტიტულს ვერ მოიგებთ, ეს თაობა ისტორიაში ვერ შევა, თქვენ კი
"ოქროს თაობის უტიტულო კაპიტნად" შეგრაცხავენ...
- დააკვირდით: 1930 წლის შემდეგ გერმანია სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უტიტულო კაპიტანი უნდა ვლანძღოთ?

- ლანძღვა არ გვიხსენებია...
- ხომ იგულისხმეთ? უკვე მოუთმენლად ველი მსოფლიოს ჩემპიონატს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ბრაზილიაშიც ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. მოვახერხებთ თუ არა პირველი ადგილის დაკავებას, ეს სხვა საქმეა და ამას წინასწარ ვერავინ განჭვრეტს.

იმის თქმა მინდა, რომ კარგად მესმის: შეიძლება კარიერა ისე დავასრულო, რომ სანაკრებო დონეზე ვერაფერი მოვიგო. ასე რომ მოხდეს, გული ძალიან დამწყდება, რადგან ვიცი, რომ ამ თაობას მართლა შეუძლია ტიტულის მოგება.

თუმცა ხელის ჩაქნევას არც მე ვაპირებ და არც ჩემი თანაგუნდელები - დამშეულები ვართ! ვიცი, რომ ისტორიაში ადგილის დასამკვიდრებლად დიდი ტიტულის მოგებაა საჭირო, მაგრამ თუ ვერაფერს მოვიგებ, ამ შემთხვევაშიც ამაყი ვიქნები ჩემი კარიერით.

- თქვენ ფიქრობთ, რომ საფეხბურთო გერმანია ევროპის ჩემპიონატზე ბუნდ
ესგუნდს ზედმეტს სთხოვდა?
- არა, რადგან გერმანიის ნაკრები ყოველთვის ტიტულებით ფასდება და როცა ხალხი ევროპის ჩემპიონობას გთხოვს, ეს კარგია, რადგან იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდის სჯერათ.

დამერწმუნეთ, ჩვენ, ფეხბურთელებიც ისევე ვიყავით იმედგაცრუებულები, როგორც ხალხი - პირადად მე არავისზე ნაკლებად არ დამწყდა გული იმის გამო, რომ იტალიასთან წავაგეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონობა შეგვეძლო, მაგრამ ევრო 2012 უკვე წარსულია და ჩვენც მომავლისკენ უნდა გავიხედოთ.

- და რას უქადის მომავალი გერმანიის ნაკრებს?
- ასეთი წარსულითა და აწმყოთი ჩვენ მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონობაზე უნდა ვიფიქროთ. მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში გასვლით არცერთი ჩვენგანი არ დაკმაყოფილდება - მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონობა გვინდა. ფაქტია, ძალიან არ გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ ესპანეთის ნაკრებს საუკუნის გუნდი ჰყავს და ზედიზედ სამჯერ მოიგო დიდი ტურნირი.

თუმცა ყველაფერს პოზიტიურად უნდა შევხედოთ - ეს ჩვენთვის უდიდეს მოტივაციასაც ნიშნავს. დღეს ხომ ყველა ესპანეთის ნაკრების დამარცხებაზე ოცნებობს. არ გამოვრიცხავ, რომ 2014 წლის მუნდიალზე ბრაზილიას გადავეყაროთ - ეს სწორედ ისეთი თამაში იქნება, ნებისმიერი ფეხბურთელი რომ იოცნებებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული