რაფაელ ვან დერ ვაარტი იხსნის "ჰამბურგს"?

AutoSharing Option
"ჰამბურგი" უმძიმეს მდგომარეობაშია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის სექტემბერი ამ უდიდესი ტრადიციების მქონე კლუბისთვის ერთ-ერთი ურთულესია. ხელმძღვანელები დღენიადაგ ჩხუბობენ, გუნდმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო (ასეთი სტარტი "ჰამბურგს" 40 წელია, არ ჰქონია), ხოლო ფინანსებში 9-მილიონიანი გარღვევაა...

"ჰამბურგისთვის" ასეთი სურათი სიახლეს არ წარმოადგენს - წლებია, კლუბში არსებული ქაოსი ვერა და ვერ ჩაცხრა. შექმნილ ვითარებას არც ხელმძღვანელობის შეცვლამ უშველა - აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ HSV მწვრთნელებს წინდებივით იცვლის.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, გულშემატკივრები მომავალს მაინც ოპტიმისტურად უყურებენ, რაც იმ "მფარველი ანგელოზის" დამსახურებაა, რომელიც
"ჰამბურგმა" აგვისტოს მიწურულს დაიბრუნა.

ფანები ამ დღეებში პრობლემებზე აღარ ფიქრობენ და ამის მიზეზი რაფაელ ვან დერ ვაარტია - 29 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, რომელიც "ჰამბურგმა" "ტოტენჰემიდან" იყიდა და რომელიც ჰამბურგში ყველას ძალიან უყვარს. არადა, ჩრდილოგერმანულ კლუბს პრობლემები არ ელევა.

გერმანიის თასის პირველ ეტაპზე HSV-მ სამარცხვინო კრახი (2:4 მესამელიგელთან) განიცადა, პირველ ტურში "ნიურნბერგთან" 0:1 წააგო, მეორე ტურში კი ბრემენში 0:2 დამარცხდა. შესაბამისად, ორი ტურის შემდეგ "ჰამბურგი" ბუნდესლიგაში უქულოდ და უგოლოდ ერთ-ერთი აუტსაიდერია.

მიუხედავად სერიოზული ფინანსური პრობლემებისა, ინვესტორ კლაუს-მიხაელ კიუნეს დახმარებით, ჩრდილოელებმა ტრანსფერებში 25 მილიონი ევრო დახარჯეს (ვან დერ ვაარტი, ირაჩეკი, ბადელი, რუდნევსი). რაკი გაყიდული ფეხბურთელებიდან (გერერო, ტიორე) გუნდს მხოლოდ 7 მილიონი ევრო შეუვიდა, ტრანსფერებმა "ჰამბურგს" სერიოზული მინუსი მოუტანა.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ იარხოვი ამიტომაც ამბობს, შექმნილი ვითარება მაფიქრებს; თუ შედეგებს სასწრაფოდ არ გამოვასწორებთ, სეზონის ბოლოს შეიძლება სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთო.

ქაოსია ხელმძღვანელობაშიც: "ბილდის" ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და სპორტული დირექტორი ფრანკ არნესენი ერთმანეთში მხოლოდ ადვოკატების (?!) მეშვეობით ურთიერთობენ. ცნობილია, რომ არნესენს სხვა ბოსებთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა. ექსპერტები ამბობენ, ჰოფმანისა და ბაიერსდორფერის ერა დღევანდელ ვითარებასთან მონაგონიაო.

მწვრთნელიც ოპტიმისტურადაა განწყობილი
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვან დერ ვაარტის ტრანსფერმა "ჰამბურგს" დროულად მიუსწრო - კლუბში ახლა ყველა რაფაელზე ლაპარაკობს, ყველას მისი იმედი აქვს. ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, რომელსაც "პატარა ანგელოზს" უწოდებენ, ორ ტესტ-მატჩში (შვარცენბეკთან 12:0 და ნინდორფთან 11:2) მიიღო მონაწილეობა და ორივე შეხვედრამ სრული ანშლაგით ჩაიარა. "ჰამბურგის" ისტორიას კი ასეთი რამ დიდი ხანია, არ ახსოვს.

ოპტიმისტურადაა განწყობილი მთავარი მწვრთნელი ტორსტენ ფინკიც: "ახლა უკვე თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ კარგი გუნდი მყავს და წესით, ეს შედეგებზეც ძალიან მალე უნდა აისახოს."

ბუნდესლიგის მომდევნო ტურში "ჰამბურგი" ფრანკფურტის "აინტრახტს" ხვდება - გუნდს, რომელმაც ორივე თამაში მოიგო და კანონზომიერ ეიფორიაშია.

ამ შეხვედრაში ვან დერ ვაარტის დებიუტიც შედგება და გამოჩნდება, რამდენად ლოგიკურია სრულიად ჰამბურგის იმედები ვან დერ ვაარტთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ "ჰამბურგს" ურთულესი მატჩები ელის "დორტმუნთან", "გლადბახთან" და "ჰანოვერთან"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული