ევროპის ჩემპიონატზე ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი არ ენდობოდა და მხოლოდ შეცვლაზე ათამაშებდა, რის გამოც გააკრიტიკეს კიდეც და იოგიმაც პოზიცია შეცვალა და როისს ნდობას უცხადებს.
11 სექტემბერს გერმანიის ნაკრები ავსტრიას სტუმრობს და მარკოსაც მორიგი გამოცდა ელის.
- ჰერ როის, ევროპის ჩემპიონატზე იოახიმ ლიოვი ძირითად შემადგენლობაში არ გათამაშებდათ, ახლა კი ამბობს, რომ სასტარტოს წევრი ხართ. როგორ ფიქრობთ, გაართმევთ თავს ამ პასუხისმგებლობას?
- პასუხისმგებლობის მხრივ ჩემთვის არაფერი შეცვლილა. უბრალოდ,
- ამას წინათ თქვით, ჯერ არ ვარ სრულყოფილი ფეხბურთელიო. კიდევ რა უნდა გააუმჯობესოს მარკო როისმა?
- ვხვდები, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ არ გამომივლენია. მაქსიმუმის საზომი არ არსებობს - ფაქტია, რომ პროგრესი ყოველდღიურად უნდა განვიცადო როგორც კლუბში, ისე ნაკრებშიც. დარწმუნებული ვარ, რომ იურგენ კლოპის ხელში დღითიდღე გავიზრდები. "დორტმუნდის" ვარჯიშებზე ისეთი რაღაცები აღმოვაჩინე, რაც მანამდე არასდროს გამიკეთებია.
- მაგალითად?
- "გლადბახში" ამდენ სირბილს არ მთხოვდნენ...
- ფაქტია, რომ წნეხის ქვეშ ხართ მოქცეული, რადგან თქვენგან არა მარტო "დორტმუნდი", არამედ მთელი საფეხბურთო გერმანია სასწაულებს ელის და ითხოვს.
- ჰო, ამაზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნების მიღებაა. დარწმუნებული ვარ, რომ მოლოდინს გავამართლებ, რადგან ზუსტად ვიცი, ზეწოლა ვერაფერს დამაკლებს. ნერვიულობა არ მჩვევია და ძალიან მიყვარს ისეთ სიტუაციაში ყოფნა, როცა ჩემგან ბევრს ელიან.
- "დორტმუნდის" ფორმით პირველივე ოფიციალურ მატჩში გოლი გაიტანეთ...
- გერმანიის თასზე გატანილი უმნიშვნელოვანესი იყო. შეიძლება ითქვას, რომ დორტმუნდული კარიერა იდეალურად დავიწყე. ამ გოლმა წნეხი შემიმსუბუქა და ასე ვთქვათ, გამათავისუფლა.
- "დორტმუნდში" ნომერ პირველი ვარსკვლავი აქამდე მარიო გიოტცე იყო...
- გერმანიის ჩემპიონი ერთ ან ორ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ იყო, არ არის და არც იქნება. ვიცი, რატომაც დამისვით ეს კითხვა და თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ გიოტცესა და ჩემს შორის შური არასდროს იქნება. მე და მარიო ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ და მიხარია, რომ მასთან ერთად თამაშის საშუალება მომეცა. იმედია, ჩვენ მართლაც ბრწყინვალე დუეტი ვიქნებით, რომელიც "დორტმუნდს" ტიტულებს მოაგებინებს.
- "დორტმუნდი" შარშან ჩემპიონთა ლიგაში შერცხვა და წელსაც ასეთი საფრთხე ემუქრება...
- ჰო, წილისყრაზე არ გაგვიმართლა, ჯგუფში "რეალთან", "მანჩესტერ სიტისთან" და "აიაქსთან" ერთად მოვხვდით, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალში გასვლა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ყველაფერს პოზიტიურად უნდა შევხედოთ. ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგაში ვთამაშობთ და საუკეთესო გუნდებთან მოგვიწევს თამაში. პირველ ტურს მოუთმენლად ველი.
- არის თუ არა "დორტმუნდი" ვალდებული, რომ ამჯერად მაინც გავიდეს ჯგუფიდან?
- აბა რა!.. ხუმრობა იქით იყოს და ასეთი ჯგუფიდან გასვლა ძალიან ძნელია. ვიცი, ყველა ფიქრობს, რომ შანსი არ გვაქვს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია და ფაქტია, რომ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც "სიტის" დამარცხებაც შეუძლია და "რეალისაც". ჩვენ გვჯერა, რომ მერვედფინალში გასვლა შეგვიძლია.
- რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს: 2014 წლისთვის მსოფლიოს ჩემპიონობა, თქვენი აზრით, ოცნებაა თუ რეალური მიზანი?
- მიზნად მხოლოდ ჩემპიონობა უნდა დავისახოთ. მოვიგებთ თუ არა მუნდიალს, ამას 2014 წლამდე ვერ გავიგებთ. მთავარია, ნაკრებმა პროგრესი არ შეწყვიტოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"