ამბობენ, შეიძლება კაიზერ-ფრანცმა ფიფას არჩევნებში იყაროს კენჭიო, მაგრამ თვითონ ამ თემაზე არაფერს ამბობს.
იოზეფ ბლატერის პოსტის გადაბარების სურვილი ბეკენბაუერმა არც "ბილდისთვის" მიცემულ საიუბილეო ინტერვიუში დაადასტურა - ჟურნალისტს თავიდანვე სთხოვა, ამ თემას ნუ შევეხებითო და მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნზე", გერმანიის ნაკრებსა და ზოგადად ფეხბურთზე ისაუბრა.
- ჰერ ბეკენბაუერ, როგორ აღნიშნავთ 67-ე იუბილეს?
- მთელ დღეს მეუღლე ჰაიდისთან და ბავშვებთან ერთად გავატარებ, საღამოს კი ერთად
- იოახიმ ლიოვს უნდა, რომ გერმანიის ნაკრებმა დორტმუნდის "ბორუსიას" სტილში ითამაშოს - მეტოქის ნახევარზე სწრაფ პრესინგს მიმართოს და მოწინააღმდეგე მისსავე საჯარიმოსთან შეაწუხოს. როგორ ფიქრობთ, "ბაიერნის" ფეხბურთელები ამ სტრატეგიას ალღოს იოლად აუღებენ? რეკორდმაისტერი ასე ხომ არ თამაშობს...
- ჩემი აზრით, გერმანია შეძლებს ასე თამაშს, რადგან 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში სამი შემტევი ნახევარმცველიდან ორი დორტმუნდელია. ვფიქრობ, რომ მარკო როისთან და მარიო გიოტცესთან ერთად, ასეთ სტრატეგიას თომას მიულერიც იოლად შეეგუება.
სხვათა შორის, ამ სეზონში "ბაიერნიც" დაახლოებით ასეთ სტილში თამაშობს - რეკორდმაისტერიც სწრაფად უტევს.
დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბუნდესგუნდი მეტწილად "დორტმუნდისა" და "ბაიერნის" ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული - ისე, როგორც ეს 70-იან წლებში იყო, როცა ნაკრებში "ბაიერნისა" და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მოთამაშეები სჭარბობდნენ.
- კაპიტანმა ფილიპ ლამმა თქვა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ პირველობა უნდა იყოსო. სწორად მოიქცა?
- რატომ დასვით ეს კითხვა? ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ გერმანიას მსოფლიოს ჩემპიონობა არ შეუძლია? ბუნდესგუნდმა ტიტული ბოლოს 1996 წელს მოიპოვა და დროა, ისევ რაღაც მოვიგოთ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბრაზილიიდან მსოფლიოს თასის წამოღება ურთულესი იქნება.
მაინც ჩემს აზრზე ვრჩები: მუნდიალი ჩვენ 2006 წელს, ჩვენს კედლებში უნდა მოგვეგო. მერე ესპანეთის ერა დაიწყო და პირენეელებს მართლაც საუკუნის გუნდი ჰყავთ, თუმცა ესპანეთის ნაკრების ჰეგემონიაც ოდესმე დამთავრდება.
- "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირფასი ტრანსფერი სრულყო - რეკორდმაისტერმა ხავი მარტინესში 40 მილიონი ევრო გადაიხადა. თქვენც ფიქრობთ, რომ ამით მიუნხენელებმა ჩემპიონობა იყიდეს?
- ტიტულს ფულით ვერ იყიდი, კარგი ტრანსფერი მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. მარტინესმა "შტუტგარტთან" ცოტა ხანს ითამაშა, მაგრამ მე მასში მაინც უდიდესი პოტენციალი დავინახე. "ბაიერნი" ახლა იდეალურადაა დაკომპლექტებული, იუპ ჰაინკესი კი ბედნიერი მწვრთნელია, ამდენი კარგი ფეხბურთელი რომ ჰყავს.
- თქვენ რომ "ბაიერნის" სამეთვალყურეო საბჭოში ყოფილიყავით, მარტინესის ტრანსფერს მწვანეს აუნთებდით?
- აუცილებლად! როცა მწვრთნელი და მენეჯერი ფეხბურთელის შესაძლებლობებში ასე დარწმუნებულები არიან, სამეთვალყურეო საბჭომ გარიგებას ხელი არ უნდა შეუშალოს. "ბაიერნი" საფეხბურთო გუნდია, რომელიც ცათამბჯენებს კი არ აშენებს, არამედ ფული მხოლოდ იმისათვის სჭირდება, რომ გუნდი გააძლიეროს.
- როგორ ფიქრობთ, შემატებს მათიას ზამერი "ბაიერნს" იმ "ცეცხლს", რაც რეკორდმაისტერს ბოლო წლებში აშკარად აკლდა?
- შეიძლება ეს არ იცოდეთ და ახლა გეტყვით: ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩვენ, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს მათიასის მთავარ მწვრთნელას დანიშვნა ორჯერ გვინდოდა.
ერთხელ იმ დროს, როცა იურგენ კლინსმანი დავნიშნეთ, მერე კი იმ მომენტში, როცა ბოლოს ლუის ვან გაალი მოვიწვიეთ.
მიხარია, რომ ზამერი ბოლოს და ბოლოს "ბაიერნში" დაინიშნა და მართალია, მწვრთნელი არ არის, მაგრამ სპორტული დირექტორის პოსტიდანაც უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია. ვფიქრობ, რომ ზამერი ჰაინკესსაც გააძლიერებს. ერთი სიტყვით, მათიასის დანიშვნას ასი პროცენტით მივესალმები.
- დაასრულეთ წინადადება: მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონი გახდება იმიტომ, რომ...
- სწორ გზას ადგას და ჩემპიონობას ყველაზე მეტად იმსახურებს.
- საფეხბურთო გერმანია შოკირებულია იმით, რაც "კიოლნის" ფეხბურთელ კევინ პეცონის გარშემო ხდება - "ფანები" მას მოკვლით ემუქრებიან. თქვენ დროსაც ხდებოდა ასეთები?
- სამწუხაროდ, ასეთი ამბები მაშინაც ხდებოდა. 1974 წლის მუნდიალის წინ ჩვენც გვემუქრებოდნენ - ოღონდ, არა ფანები, არამედ ერთი კონკრეტული ბანდა. იძულებული გავხდი, ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის პირადი მცველები ამეყვანა.
უბრალოდ, დღეს სხვა კატეგორიის მუქარას ვხედავთ. ინტერნეტის საშუალებით დღეს დამნაშავეებს დანაშაულის დაგეგმვა ხუთ წუთში შეუძლიათ.
ადრე ამის ორგანიზებას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდებოდა. ესენი ფანები არ არიან - მათ არა მარტო ფეხბურთის, არამედ ყველას და ყველაფრის განადგურება სურთ.
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა, საფეხბურთო ლიგამ, ნამდვილმა გულშემატკივრებმა და სახელმწიფომ ასეთ ტიპებს სასტიკი ბრძოლა უნდა გამოუცხადონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"