ევროპის ჩემპიონატის ჩათვლით, იოგი მარცხენა მცველის პოზიციაზე კაპიტან ფილიპ ლამს ათამაშებდა, კონტინენტის პირველობის შემდეგ კი დორტმუნდელ მარსელ შმელცერს ენდო, ხოლო ლამი მარჯვნივ გადასწია - ფარერებთან შმელცერს ტრავმის გამო არ უთამაშია, ავსტრიასთან კი ძირითად შემადგენლობაში იყო და ცუდად გამოიყურებოდა. მიუხედავად ამისა, ლიოვი 24 წლის შმელცერს მომავალშიც მიენდობა.
ამას წინათ
ვენაში გამართულმა მატჩმა ცხადყო, რომ შმელცერი ნაკრებში ჯერ ხორცმეტივითაა: მარსელი ბუნდესგუნდში ყველაზე სუსტი იყო და მიღებულ გოლშიც სწორედ მას მიუძღვის ბრალი - არნაუტოვიჩს ხელი ვერ შეუშალა, ამ უკანასკნელმა კი იუნუზოვიჩს გადააწოდა, რომელმაც მანუელ ნოიერის კარი დალაშქრა.
კიდევ კარგი, რომ გერმანელებმა ავსტრიელებს მეტი აღარაფერი გააბედვინეს, თორემ შმელცერი სულაც ანტიგმირობას "გამოჰკრავდა ხელს".
იოგი ტრაგედიას არ ქმნის
"მარსელმა დღეს ვეღარ ითამაშა ისე კარგად, როგორც არგენტინასთან. პასიური იყო და ინდივიდუალური შეცდომებიც დაუშვა.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ შეცდომას მოჰყვა გოლი ჩვენს კარში," - თქვა მატჩის შემდეგ ლიოვმა. არადა, ფარერებთან შეხვედრის იძულებით გამოტოვების შემდეგ შმელცერი ამბობდა, ავსტრიასთან მატჩი თავდაჯერებას შემმატებს, ეს ჩემთვის ბუნდესგუნდში თავის დამკვიდრების მეორე შანსიაო.
"ერნსტ ჰაპელ შტადიონზე" დორტმუნდელს თავდაჯერებულობის არაფერი ეტყობოდა და რაკი ავსტრიელთა გოლიც მის სინდისზეა, თამამად უნდა ვთქვათ, რომ მეორე შანსიც ვერ გამოიყენა.
თუმცა ლიოვი მომხდარისგან ტრაგედიას ჯერ მაინც არ ქმნის და საფეხბურთო გერმანიას ახსენებს, რომ მის განკარგულებაში დაცვის მარცხენა ფრთისთვის არც ისე ბევრი ალტერნატივაა.
"კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში იოახიმმა თქვა, რომ შმელცერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩებშიც (დუბლინში ირლანდიასთან და ბერლინში შვედეთთან) ათამაშებს.
ოჩიპკაზე ან კონტენტოზე ფიქრი ჯერ ადრეა
რაც შეეხება ალტერნატივას: შმელცერის არყოფნაში, ფარერებთან, გერმანიის ნაკრების დაცვის მარცხენა ფლანგს ჰოლგერ ბადშტუბერი ამაგრებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ცენტრალური მცველია და ფლანგზე მხოლოდ მაშინ თამაშობს, როცა მწვრთნელს სხვა გამოსავალი არ აქვს ხოლმე.
ლიოვის გაფართოებულ სიაში არიან ბასტიან ოჩიპკა და დიეგო კონტენტოც, თუმცა იოგი ამ ფეხბურთელებზე სერიოზულად ჯერ არ ფიქრობს და იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან, დორტმუნდის "ბორუსიაში" იდეალურად მოასპარეზე მარსელ შმელცერი ნაკრებშიც ათამაშდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"