60 წლის "ენაჭარტალა ული" უმეტესად მაშინ ფეთქდება ხოლმე, როცა საინტერესო ბევრი არაფერი ხდება, ანაც "ბაიერნს" პრობლემები აქვს.
ამჯერად აშკარად პირველ მიზეზთან გვაქვს საქმე, რადგან მიუნხენურ გრანდს პრობლემები ნამდვილად არ აქვს.
ჰიონესმა კიოლნში გამართულ კონგრესზე მისთვის დამახასიათებელი "წვეტიანი აზრები" გამოთქვა.
ძალადობა ფანების მხრიდან
"ვინც ეს პრობლემა თავის დროზე ვერ დაინახა, დღეს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. ამის ყველაზე კატასტროფული
კიოლნში ბოლო სტუმრობის დროს, მატჩის წინ ამ კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად ვისადილე და მითხრეს, არც კი ვიცით, რა მოხდება, მეორე ბუნდესლიგაში რომ გავვარდეთო - ძალიან შეშინებულები იყვნენ. როცა კლუბს თავისი ფანების ეშინია, ეს უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციას ნიშნავს."
დორტმუნდის ბორუსია
"დორტმუნდი" ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დიდხანს არ ნიშნავს იმას, რომ "ბორუსიამ" "ბაიერნის" დონეს მიაღწია, ან, მით უმეტეს, გაასწრო.
ვინც არ მეთანხმება, გაიაროს, მაგალითად, პეკინის ქუჩებში და სთხოვოს ხალხს გერმანული საფეხბურთო კლუბის დასახელება - დარწმუნებული ვარ, რომ ყველა "ბაიერნს" დაასახელებს და არა "დორტმუნდს". "ბაიერნს" მარტო ბოლო 30 წელიწადში ისეთი შედეგები აქვს ნაჩვენები, რომ "დორტმუნდს" ამ რენომეს მისაღწევად ზედიზედ ათი ჩემპიონობა სჭირდება. "ბორუსია" რეგიონალური თემაა, "ბაიერნი" კი "გლობალური მოთამაშეა".
იოახიმ ლიოვი და გერმანიის ნაკრები
"მე არ ვეთანხმები კრიტიკის იმ ფორმას და რაოდენობას, რაც გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაატყდა. საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ყველა იოგის აქებდა და ისეთი განცდა მქონდა, რომ ინგლისელი რომ ყოფილიყო, ლორდის წოდებას მიანიჭებდნენ.
სამ დღეში ბუნდესგუნდი იტალიასთან დამარცხდა და გერმანული საფეხბურთო საზოგადოების აზრი ლიოვის მიმართ უცებ რადიკალურად შეიცვალა. ასეთ დაძაბულ და ცვალებად გარემოში მუშაობა და წარმატებების მიღწევა ძალიან ძნელია.
მე ვფიქრობ, რომ იოგი ლიოვი ძალიან კარგი მწვრთნელია, გერმანიის ნაკრებს უდიდესი პროგრესი განაცდევინა და თავის საქმეს დღეს კარგად აკეთებს. ჩემი აზრით, წნეხის ქვეშ მოქცევას და კრიტიკას, პირველ რიგში, ბუნდესგუნდის ფეხბურთელები იმსახურებენ."
ბაიერნის მწვრთნელი იუპ ჰაინკესი
"გუშინ "ბაიერნის" სპორტულ დირექტორ მათიას ზამერს შევხვდი, რომელმაც მითხრა, ჰაინკესთან იდეალური ურთიერთობა მაქვსო. მათიასს ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ იუპთან ერთად კარგად მუშაობს.
შესაბამისად, არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ აქედანვე ვიფიქროთ, რა იქნება გაისად, როცა ჰაინკესს კონტრაქტი დაუმთავრდება. არ გამოვრიცხავ, რომ ჰაინკესთან თანამშრომლობა ამ სეზონის შემდეგაც გავაგრძელოთ."
ხავი მარტინესი
"ხავი მარტინესის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადავიხადეთ და ეს მართლაც დიდი თანხაა. ადრე ასეთ ტრანსფერებს ყოველთვის ვაკრიტიკებდი, თუმცა ჩემს მიერ გაკრიტიკებულ ძვირფას ტრანსფერებსა და მარტინესის მიუნხენში გადმოსვლას შორის განსხვავება ის არის, რომ "ბაიერნს" ამ ტრანსფერის განსახორციელებლად კრედიტის აღება არ მოუხდა.
ჩვენ ეს ტრანსფერი ჩვენი ფულით დავაფინანსეთ! რაც შეეხება ფეხბურთელს: ვფიქრობ, რომ ხავი უკვე ბუსკეტსის ან ჩაბი ალონსოს დონის მოთამაშეა."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"