რაფაელ ვან დერ ვაარტი საათებს ითვლის

AutoSharing Option
"ჰამბურგი" ბუნდესლიგის მესამე ტურში ფრანკფურტის "აინტრახტს" სტუმრობს და სწორედ ამ შეხვედრაში შედგება რაფაელ ვან დერ ვაარტის ოფიციალური დებიუტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი, რომელიც ჩრდილოგერმანულ კლუბში "ტოტენჰემიდან" დაბრუნდა, ყურადღების ცენტრში მოექცევა.

ვან დერ ვაარტს ორმაგი ზეწოლის ქვეშ მოაქცევს ის ფაქტორი, რომ "ჰამბურგს" ორივე მატჩი წაგებული აქვს, "აინტრახტს" კი პირიქით - ორივე მოგებული.

"ისე ვნერვიულობ, თითქოს მოედანზე პირველად გავდიოდე. მატჩამდე საათებს ვითვლი! "ჰამბურგი" ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და თამამად ვიტყვი, რომ ამ კლუბში კარიერის საუკეთესო პერიოდი გავატარე.

მიხარია, რომ დაბრუნების
საშუალება მომეცა, - უთხრა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა "ბილდს" და დასძინა, - წნეხი უმძიმესი იქნება, მაგრამ ამას ველოდი კიდეც.

პირიქით, ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა. თუმცა ვფიქრობ, რომ "ჰამბურგს" მარტო მე ვერ ვუშველი. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ თამაშების მოგება. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "ჰამბურგისთვის" თავს არ დავზოგავ, მაგრამ თანაგუნდელების დახმარების გარეშე ვერაფერს გავაწყობ."

საყოველთაო აზრით, "ჰამბურგმა" წელსაც გადარჩენისთვის უნდა იბრძოლოს, რაც ბუნდესლიგის პირველ ტურებშიც დადასტურდა და ვან დერ ვაარტს გავარდნის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებაც აქვს: "კარგად მახსოვს 2007 წელი, როცა მეორე წრის დაწყებამდე 13 ქულით ბოლო ადგილზე ვიყავით. იმედი მაქვს, რომ წელს გადარჩენისთვის ბრძოლა არ მოგვიწევს და ოდნავ მაღალი მიზნები გვექნება," - აცხადებს ჰოლანდიელი.

მისი აზრით, ჩრდილოგერმანულმა კლუბმა კვირას ფრანკფურტიდან სამი ქულა უნდა წაიღოს: "მერე რა, რომ "აინტრახტმა" ორივე თამაში მოიგო. ეს გუნდი ელიტაში წელს გადმოვიდა და შესაბამისად, მხოლოდ მოგებაზე უნდა ვიფიქროთ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული