დორტმუნდის "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნს" უკვე ორი ქულით ჩამორჩება და ამ ტურში მოქმედ ჩემპიონს რეკორდმაისტერზე გაცილებით რთული მეტოქე ჰყავს - "ბორუსია" "ლევერკუზენს" მასპინძლობს, "ბაიერნი" კი "მაინცს".
მესამე ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ ჩემპიონებისა და "ფარმაცევტების" ჯახია. 16 სექტემბერს, "ჰამბურგის" დატაჯული ფანები რაფაელ ვან დერ ვაარტის დებიუტს ელიან - უქულო და უგოლო HSV 6-ქულიან "აინტრახტს" სტუმრობს.
შტუტგარტი ვალდებულია
ბევრისთვის გასაოცრად, "შტუტგარტიც" იმ გუნდებს შორისაა, რომლებიც ორი ტურის შემდეგ ხელცარიელები არიან.
შვაბთა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა მოსალოდნელი, რადგან მთავარი დამრტყმელი ძალა ვედად იბიშევიჩი დისკვალიფიცირებულია, მასა, საკაი და ოკაზაკი კი ნაკრებიდან კლუბში მხოლოდ 14 სექტემბერს შეუერთდნენ.
იბიშევიჩს წინა ხაზზე ალბათ კაკაუ შეცვლის, რომელსაც გამთამაშებლის პოზიციაზე თამაში ურჩევნია, მაგრამ სათადარიგოთა სკამის ხეხვა იმდენად მოჰბეზრდა, რომ წარმოშობით ბრაზილიელი გერმანელისთვის სასტარტოში თამაში ყველა შემთხვევაში მოვლენაა.
დიუსელდორფელებს კაპიტანი ლამბერტცი გამოუჯანმრთელდათ (მას დისკვალიფიკაციაც ჰქონდა) და "ფორტუნას" 27 წლის ლიდერს იმედი აქვს, რომ ამჯერად ბუნდესლიგაში დებიუტი ექნება.
ბენდერი ბენდერის წინააღმდეგ?
როგორც შესავალშიც აღვნიშნეთ, ჩემპიონ "დორტმუნდს" "ლევერკუზენთან" რთული მატჩი ელის.
"ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შვებით ამოისუნთქა, რადგან მარკო როისის ტრავმა (ბუნდესლიგის წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გერმანიისა და ავსტრიის ნაკრები გუნდების მატჩში დაშავდა) სერიოზული არ აღმოჩნდა და მარკოს დღეს მოედანზე გასვლა შეუძლია.
სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო დორტმუნდელთა საყრდენმა ნახევარმცველმა სვენ ბენდერმაც, მაგრამ საუკეთესო ფორმაში არ არის და საკითხავია, ამჯობინებს თუ არა კლოპი მას კელს ან გიუნდოგანს, რომლებიც ბენდერის არყოფნაში 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში "ბორუსიას" ნახევარდაცვის ცენტრს ამაგრებდნენ.
თავად იურგენი ამბობს, ბენდერის ძირითადში გამწესებას არ გამოვრიცხავო. თუ სვენი ითამაშებს, ბუნდესლიგაში ტყუპი ბენდერების რიგით მეხუთე დუელი შედგება, რადგან ლარსი "ლევერკუზენში" აუცილებლად ითამაშებს.
შვაინი და ხავი მარტინესი ერთად ძირითადში?
"ბაიერნში" მთავარი თემა ისევ ხავი მარტინესია - მიუნხენი "მაინცთან" საშინაო მატჩში ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენას ელის.
სანაკრებო პაუზა ხავის არ შეეხო - სანამ ესპანეთის ნაკრებმა საქართველო მოიარა, ხოლო გერმანიისამ კი ავსტრია, მარტინესი თავის მეწყვილე ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად "ზებენერშტრასეზე" ვარჯიშობდა და ჩვენი გერმანელი კოლეგები ამბობენ, ამ დღეებში შვაინი და ხავი კარგად შეთამაშდნენო.
"ხავი მარტინესი და ბასტიან შვაინშტაიგერი სათამაშო სტილით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ ორივე უმაღლესი კლასის, კრეატიული ნახევარმცველია", - აცხადებს ბავარიელთა სპორტული დირექტორი მათიას ზამერი.
14 სექტემბერს გაირკვა, რომ არიენ რობენს, რომელიც ჰოლანდიის ნაკრებში დაშავდა, 15-ში მოედანზე გასვლა შეუძლია. სამაგიეროდ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ტონი კროოსის ასპარეზობა.
მაინცში ივან კლასნიჩს უნდა ჰქონდეს დებიუტი, მაგრამ სავარაუდოდ, შეცვლაზე ითამაშებს.
გლადბახი ნიურნბერგს გამოცდის და პირიქით
"ნიურნბერგთან" თამაში და მოგება ყოველთვის ძნელია, რაშიც წინა სეზონშიც დავრწმუნდით, როცა ფრანკები დიდი გაჭირვებით, 1:0 დავამარცხეთ", - ეს მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მცველის, როელ ბრუვერსის სიტყვებია.
"გლადბახსაც" და "ნიურნბერგსაც" 4-4 ქულა აქვთ და აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ნიურნბერგი" ის გუნდია, რომელმაც წინა ტურში "დორტმუნდს" ქულა აართვა (1:1).
თავად ბრუვერსის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, ოღონდ არა იმიტომ, რომ ტრავმა აწუხებს, არამედ იმის გამო, რომ მიონხენგლადბახელთა მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი ძირითად შემადგენლობაში უპირატესობას შტრანცლისა და დომინგესის დუეტს ანიჭებს.
რის მაქნისია ჰანოვერი სინამდვილეში?
ჰანოვერელები მესამე ტურს ძალიან კარგ ხასიათზე ხვდებიან - "ვოლფსბურგთან" დერბის დიდი ანგარიშით (4:0) მოგებამ "წითლები" ბრწყინვალე განწყობაზე დააყენა. თანაც, მირკო სლომკას ბიჭებმა იდეალურად შეთამაშებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს.
15 სექტემბერს "ჰანოვერს" "ვერდერის" სახით მორიგი სერიოზული მეტოქე ჰყავს. ამ სეზონის ოფიციალურ მატჩებში "ჰანოვერს" საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3.8 გოლზე მეტი (!) აქვს გატანილი!
ამბიციურ "ვერდერს" ორი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელ თომას შააფს შეგირდები აზრზე ჰყავს მოსაყვანი.
ეს პირველ რიგში ავსტრიელ ფორვარდ მარკო არნაუტოვიჩს ეხება, რომელმაც გერმანიასთან მატჩში ანგარიშის გათანაბრების იდეალური შანსი ვერ გამოიყენა და მერე ამის გამო მთელ ავსტრიას მოუბოდიშა. აქვე შეგახსენებთ, რომ "ჰანოვერს" საკუთარ მოედანზე 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
საინტერესო დუელი: ფიურტი-შალკე
პირველ ტურში, საკუთარ მოედანზე "ბაიერნთან" ლოგიკური მარცხის (0:3) შემდეგ, დებიუტანტმა "ფიურტმა" მაინციდან სამი ქულა წაიღო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სეზონი კარგად დაიწყო.
15 სექტემბერს "ფიურტის" მეტოქე "შალკეა", რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება მასპინძელთა მწვრთნელისთვის მაიკ ბიუსკენსისთვის და თავდამსხმელ ჯერალდ ასამოასთვის, რომლებიც "სულით ხორცამდე" შალკელები არიან.
ბიუსკენსი ასამოას არ ათამაშებს ხოლმე და შესაძლოა, ახლა, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეცვლაზე მაინც ათამაშოს - შეგახსენებთ, რომ ჯერალდს "შალკეს" ფორმით 279 მატჩში 44 გოლი და 33 საგოლე პასი აქვს.
სხვათა შორის, სატრანსფერი პერიოდის მიწურულს "ფიურტმა" "შალკედან" კიდევ ერთი თავდამსხმელი, ედუც გადაიბირა, რომელიც ასამოას კონკურენტია.
ჰოფენჰაიმი ზეწოლის ქვეშ
კვირის პირველი მატჩი "ფრაიბურგისა" და "ჰოფენჰაიმის" დაპირისპირებაა. ჰოფენჰაიმელები უმძიმესი წნეხის ქვეშ არიან მოქცეულები, რადგან ორივე თამაში წააგეს, მანამდე კი გერმანიის თასიდანაც გავარდნენ.
მიუხედავად ფატალური დასაწყისისა, "ჰოფეს" ბოსებმა მწვრთნელ მარკუს ბაბელს ნდობა გამოუცხადეს და მის გათავისუფლებაზე ჯერ არ ფიქრობენ. თუმცა, ამ სეზონსაც რომ თავი დავანებოთ, "ჰოფენჰაიმს" ბაბელის ხელში 16 მატჩიდან მხოლოდ 4 აქვს მოგებული, რაც ამ კლუბის ამბიციებისთვის შეუსაბამო ბალანსია.
არადა, ბაბელს კარგი გუნდი ჰყავს და ზაფხულში კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი უყიდეს.
ფაქტია, რომ "სოფლელებს" ფრაიბურგში გამარჯვებაც გაუჭირდებათ, რადგან "ფრაის" კრისტიან შტრაიხის ხელში ჯერ არცერთი საშინაო მატჩი არ წაუგია (4 მოგება, 5 ფრე).
ჰამბურგს ვან დერ ვაარტის იმედი აქვს
ტური "აინტრახტისა" და "ჰამბურგის" დუელით დასრულდება - ფრანკფურტელები ამ მატჩს ასპროცენტიანი შედეგით (ორი მოგება, 6 ქულა) ხვდებიან, ჰამბურგელები კი - კრიზისული მდგომარეობით (0 ქულა) და დიდი იმედით (რაფაელ ვან დერ ვაარტი).
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველის გარდა, "ჰამბურგი" ირაჩეკით და ბადელითაც გაძლიერდა.
"თუ "ჰამბურგსაც" დავამარცხებთ, სამი ტურის შემდეგ 9 ქულა გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისიის თითქმის ერთი მეოთხედი შესრულებული იქნება, რადგან გადარჩენისთვის მინიმუმ 36 ქულა მაინც გვჭირდება", - აცხადებს ფრანკფურტელთა დამრიგებელი არმინ ფეე.
გერმანია. ბუნდესლიგა. III ტური
14 სექტემბერი
აუგსბურგი-ვოლფსბურგი 0:0
15 სექტემბერი
ბორუსია (დ)-ლევერკუზენი 17:30
ტრავმა: ოვომოიელა, დუკში - სემი
ბაიერნი-მაინცი 17:30
ტრავმა: რედერი, კონტენტო, ალაბა, გომესი - ჰ. მიულერი, პოლანსკი, კლასნიჩი
ბორუსია (მ)-ნიურნბერგი 17:30
ტრავმა: კორჩოვსკი, ფრანტცი, ჰლუშეკი, მენდლერი (ყველა ნიურნბერგი)
შტუტგარტი-ფორტუნა 17:30
დისკვალიფიკაცია: იბიშევიჩი (შტუტგარტი)
ტრავმა: აუდელი, დიდავი, კუჟმანოვიჩი - ბალოგუნი, ბრუნო სუარესი, რაიზინგერი
ჰანოვერი-ვერდერი 17:30
ტრავმა: პანდერი, კ. შულცი, მ. დიუფი - ა. სტევანოვიჩი
ფიურტი-შალკე 20:30
ტრავმა: კ. კრაუსი, ცილნერი, ფალი - ჰილდებრანდი
16 სექტემბერი
ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: შრიოკი, სალიჰოვიჩი (ორივე ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: დ. კალიჯური, როზენტალი - კრისი, იაისლე
აინტრახტი-ჰამბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: ჯაპკა (აინტრახტი)
ტრავმა: ამედიკი, კუემაა - აოგო, შარნერი
სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 2 2 0 0 9-1 6
2. აინტრახტი 2 2 0 0 6-1 6
3. ჰანოვერი 2 1 1 0 6-2 4
4. შალკე 2 1 1 0 5-3 4
5. ფორტუნა 2 1 1 0 2-0 4
6. ბორუსია (დ) 2 1 1 0 3-2 4
7. ბორუსია (მ) 2 1 1 0 2-1 4
8. ნიურნბერგი 2 1 1 0 2-1 4
9. ვოლფსბურგი 3 1 1 1 1-4 4
10. ვერდერი 2 1 0 1 3-2 3
11. ლევერკუზენი 2 1 0 1 3-2 3
12. ფიურტი 2 1 0 1 1-3 3
13. მაინცი 2 0 1 1 1-2 1
14. ფრაიბურგი 2 0 1 1 1-3 1
15. აუგსბურგი 3 0 1 2 1-5 1
16. ჰამბურგი 2 0 0 2 0-3 0
17. ჰოფენჰაიმი 2 0 0 2 1-6 0
18. შტუტგარტი 2 0 0 2 1-7 0
ბომბარდირები:
3 - თ. მიულერი (ბაიერნი); 2 - ჰუნტელაარი (შალკე), ლანიგი (აინტრახტი), მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი), შაჰინი (ფორტუნა), სობიეხი (ჰანოვერი).