ბედნიერი კანცლერი და უბედური ვიზე

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მესამე ტურში ერთ უცნაურობას დაუკვირვებელი მაყურებელიც იოლად შეამჩნევდა: კლუბებს ფორმებზე სპონსორების რეკლამები აღარ ჰქონდათ და ყველა ფეხბურთელს ერთი და იგივე სლოგანი ეწერა: „იარე შენი გზით“.

სწორედ ეს იყო გერმანიის ჩემპიონატის მესამე ტურის დევიზი, რომელიც ქვეყანაში ემიგრანტად ჩასული ადამიანების უფლებების დაცვას, საზოგადოებაში ინტეგრირებასა და ზოგადად, მხარდაჭერას ემსახურებოდა.

რაც შეეხება სპორტულ მხარეს: სატურნირო ცხრილის სათავეში ასპროცენტიანი შედეგებით კვლავ მიუნხენის „ბაიერნი“ და ფრანკფურტის „აინტრახტი“ არიან. „ჰოფენჰაიმის“ მეკარე ტიმ ვიზემ კი ახლა უკვე მართლა სასაცილოდ გაიხადა თავი...

ზუსტად 20 წელიწადი გავიდა მას მერე,
რაც ბუნდესლიგის კლუბებმა და ფეხბურთელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა აქციაში, რომელიც გერმანიაში საცხოვრებლად და სამუშაოდ ჩასული უცხოელების დაცვას და თანადგომას ემსახურებოდა.

მაშინ ამის მიზეზი როსტოკსა და ზოლინგენში მომხდარი ამაზრზენი ფაქტები იყო (ნეონაცისტები თავს ყველაზე კარგად დღესაც როსტოკში გრძნობენ). 20 წლის წინ ბუნდესლიგის გუნდებმა ფორმებზე რეკლამების ნაცვლად ასეთი ტექსტი დაიწერეს: „ჩემი მეგობარი უცხოელია“. ახლა კი, 20 წლის შემდეგ, ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდა, სლოგანი შეიცვალა („იარე შენი გზით“), იდეა კი იგივე დარჩა.

სპონსორებს არ გაუპროტესტებიათ
კაპიტალისტური ვალდებულებების უგულებელყოფას სპონსორების პროტესტი არ გამოუწვევია, რადგან იდეისა და აქციის უმთავრესი მხარდამჭერი თვით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გახლდათ. სწორედ ამ აქციისთვის დაიბეჭდა ახალი, განსაკუთრებული ფორმები ერთი სლოგანით. ფორმებთან ერთად, ამ სლოგანითვე შეიფუთა ბურთებიც. ერთს კი, რომელიც „დორტმუნდისა“ და „ლევერკუზენის“ მატჩში გაგორდა, თავად ფრაუ მერკელის ავტოგრაფი ამშვენებდა.

„ფეხბურთი უცხოელთა ინტეგრაციის ყველაზე მასშტაბური სფეროა. ჩვენ გვინდა, რომ გერმანიაში ჩამოსულმა ყველა უცხოელმა თავისი გზა იპოვოს და გაიაროს ისე, რომ ამაში ხელი ვერავინ და ვერაფერმა შეუშალოს,“ - ეს ანგელას სიტყვებია.

მართლაც: უცხოელთა ინტეგრაცია გერმანიაში ყველაზე კარგად სწორედ ფეხბურთში ხდება, რაშიც მაშინვე დავრწმუნდებით, თუკი დავაკვირდებით, რამდენი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს გერმანიის ეროვნულ და ყველა დანარჩენ ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში, რომელსაც მიგრაციული წარსული აქვს. უცხოელების იდეალურად ინტეგრაციის უკანასკნელი და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი ესპანელი ხავი მარტინესია, რომელიც „ბაიერნში“ ახლახან გადავიდა, ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა, გერმანული ენის შესწავლა დაიწყო და შაბათს ტონი კროოს ისეთი საგოლე პასი მისცა, თითქოს დიდი ხანია, ფეხბურთს ამ უკანასკნელთან ერთად თამაშობდეს.

„ჩვენს ბავშვთა გუნდებში ფეხბურთელების 50 პროცენტი წარმოშობით გერმანელი არ არის, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს,“ - ეს „ბაიერნის“ პრეზიდენტ ული ჰიონესის სიტყვებია. გერმანიის საფეხბურთო ლიგისა და დორტმუნდის „ბორუსიას“ პრეზიდენტმა რაინჰარდ რაუბალმა კი განაცხადა, რომ ბუნდესლიგა 66 სხვადასხვა ეროვნების მქონე ფეხბურთელს აერთიანებს.

ჰოფენჰაიმის უსიამოვნებანი
„ჰოფენჰაიმი“ და „ჰამბურგი“ მესამე ტურშიც დამარცხდნენ და ბუნდესლიგაში უქულოდ ახლა მხოლოდ ეს ორი გუნდია. ამ ორიდან განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში „ჰოფენჰაიმია“ - მარკუს ბაბელის გუნდმა სამ მატჩში 11 გოლის გაშვება მოახერხა. კვირას „სოფლელები“ ფრაიბურგში 3:5 დამარცხდნენ და მაინცდამაინც ახალწვეულმა და კაპიტნად არჩეულმა ტიმ ვიზემ დაუშვა უპატიებელი შეცდომები.

არადა, ვიზე ის კაცია, ვინც სეზონის წინ აშკარად ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა - „ჰოფენჰაიმმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უნდა იბრძოლოსო. გამოცდილ კიპერს ამის გამო მაშინაც დასცინეს და წარმოიდგინეთ, ფანებს და ჟურნალისტებს რა დღეში ეყოლებათ ახლა, როცა ამ განცხადების შემდეგ ვიზემ „ჰოფეს“ კარი 4 მატჩში დაიცვა და ჯამში 15 გოლი (!) გაუშვა.

„ფრაიბურგთან“ მატჩი ტიმისთვის და „ჰოფენჰაიმისთვის“ კარგად დაიწყო - კიდევ ერთმა ახალწვეულმა მატიო დელპიერმა „სოფლელები“ მეორე წუთზე დააწინაურა, მაგრამ სადღაც მე-15 წუთისთვის ტიმს უკვე ნერვიულობა დაეტყო - „ფრაის“ თავდამსხმელმა ქარიმ გუედემ კი მაქს კრუსეს ჩაწოდებით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ზუსტად ათი წუთის შემდეგ „ჰოფენჰაიმის“ კარი უკვე თავად კრუსემ დალაშქრა და ჩაწოდებისას ვიზემ ჯერ კარიდან გამოსვლა გადაწყვიტა, მერე კი თავის ადგილზე დაბრუნება ამჯობინა და მისმა ორჭოფობამ საბოლოოდ ის გამოიწვია, რომ ათი წუთის ინტერვალში მეორე გოლი მიიღო.

ვიზე, ვიზე, ჰა, ჰა, ჰა!
ამ გოლმა ვიზეს თავდაჯერებაზე კიდევ უფრო მეტად იმოქმედა: ფრაიბურგელთა მესამე გოლი უკვე თავიდან ბოლომდე ტიმის სინდისზეა - კუთხურის დროს შეცდა, ბურთი კი დიანიეს მიუვიდა, რომელსაც კარში გადაგზავნაღა მართებდა, რაც უპრობლემოდ გააკეთა. მეოთხე გოლიც ვიზეს ბრალია: ბურთის ტრაექტორია ამჯერადაც არასწორად განჭვრიტა და მეკარის უნიათობით დაბნეულმა მცველებმა ფრაიბურგელებს მეხუთე გოლიც გაატანინეს. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ვიზე მწვრთნელის წინააღმდეგ აჯანყებას ჩაუდგა სათავეში, მაგრამ ამაზე ხაზგასმით ლაპარაკი ძნელია, რადგან ტიმი გუნდის კაპიტანია და ამ თანამდებობაზე სწორედ ბაბელმა დანიშნა.

რა გასაკვირია, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ „ფრაიბურგის“ ფანებმა 30 წლის ვიზეს დასცინეს: „ვიზე, ვიზე, ჰა, ჰა, ჰა!“ - სკანდირებდნენ ბრაისგაუელი ქომაგები.

III ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
მეკარე: კევინ ტრაპი (აინტრახტი, 1)
მარჯვენა მცველი: სტივ ჩერუნდოლო (ჰანოვერი, 1)
ცენტრალური მცველი: ჯოელ მატიპი (შალკე, 1)
ცენტრალური მცველი: მატს ჰუმელსი (ბორუსია /დ/, 1)
მარცხენა მცველი: მარსელ შმელცერი (ბორუსია /დ/, 1)
მარჯვენა ნახევარმცველი: იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (ბორუსია /დ/, 1)
საყრდენი ნახევარმცველი: მაქს კრუსე (ფრაიბურგი, 1)
გამთამაშებელი: თომას მიულერი (ბაიერნი, 2)
გამთამაშებელი: ჰიროში კიოტაკე (ნიურნბერგი, 1)
მარცხენა ნახევარმცველი: ჟაბოლჩ ჰუშტი (ჰანოვერი, 2)
თავდამსხმელი: მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი, 1)

მართალია, ფრანკფურტის „აინტრახტის“ მეკარე კევინ ტრაპმა „ჰამბურგთან“ შეხვედრაში ორი ბურთი გაუშვა, მაგრამ, სამაგიეროდ, სამჯერ იხსნა თავისიანები აშკარა გოლისგან და მთელი მატჩი დამაჯერებლად ჩაატარა. თანაც, „ჰამბურგის“ გოლებში ბრალი ოდნავადაც არ მიუძღოდა. ამრიგად, „აინტრახტმა“ მესამე თამაშიც რომ მოიგო, ეს დიდწილად სწორედ ტრაპის დამსახურებაა.

„ჰანოვერის“ გამოცდილმა მარჯვენა მცველმა სტივ ჩერუნდოლომ ამ პოზიციის წარმომადგენელთა შორის საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა. ჰანოვერელებმა კი „ვერდერი“ დაამარცხეს (3:2) და სამი ტურის შემდეგ 7 ქულით მესამე ადგილზე არიან. ცენტრალური მცველებიდან საუკეთესოები უდავოდ „შალკეს“ ახალგაზრდა უკანახაზელი ჯოელ მატიპი და „დორტმუნდის“ დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი იყვნენ. მატიპმა პოზიციურად და ორთაბრძოლებში უკომპრომისო და უშეცდომო ფეხბურთი აჩვენა და თანაც, შეტევებსაც გრძელი, სანტიმეტრული სიზუსტის პასებით იწყებდა. ჰუმელსმა კი, გარდა მართლაც ბრწყინვალე თამაშისა, ბუნდესლიგის ისტორიაში რიგით 46 000-ე გოლი გაიტანა. „დორტმუნდმა“ „ლევერკუზენის“ რბევა (3:0) სწორედ ჰუმელსის გოლით დაიწყო.

მარცხენა მცველის პოზიციაზე ასევე დორტმუნდელი მარსელ შმელცერი გამოირჩა, რომელსაც გერმანიის ნაკრებში ავსტრიასთან სუსტი თამაშის გამო აკრიტიკებდნენ, გასულ უქმეებზე კი დაამტკიცა, რომ ნამდვილად არ არის ცუდი მარცხენა მცველი - დაცვაში უშეცდომო იყო, ხოლო შეტევებში თავი ორი დარტყმითა და ხუთი ზუსტი ჩაწოდებით გამოიჩინა.

ასეთ ფორმაში მყოფი ბლაშჩიკოვსკი „დორტმუნდის“ თავკაც იურგენ კლოპისთვის შეუცვლელი ფიგურაა. სამიდან ერთი გოლი სწორედ პოლონელი მარჯვენაფლანგელის ანგარიშზეა და გარდა ამისა, „კუბა“ „ლევერკუზენთან“ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ორთაბრძოლების 70 პროცენტი მოიგო და მისი პასების 80% ზუსტი იყო.

საყრდენებიდან საუკეთესო უდავოდ კრუსე გახლდათ, რომელიც „ფრაიბურგმა“ „ზანკტ პაულიდან“ გადაიბირა. ამ უკანასკნელმა სამი გოლი თანაგუნდელებს გაატანინა, ერთი კი თვითონ გაიტანა, რაც საყრდენი ნახევარმცველისთვის ბრწყინვალე შედეგია.

ჰანოვერში დაბრუნებულმა უნგრელმა შემტევმა ნახევარმცველმა ჟაბოლჩ ჰუშტიმ მეორე ტურში 4 საგოლე პასი (!!!) გააკეთა და გასულ უქმეებზე მორიგი „გალაკონცერტი გამართა“: მის ანგარიშზე ორი მშვენიერი გოლი და ერთი საგოლე პასია. ჰუშტიმ პირველი გოლი აკურატულად შესრულებული საჯარიმო დარტყმით შეაგდო, მერე ანდრეასენს გაატანინა, 93-ე წუთზე კი „ჰანოვერს“ გამარჯვება და სამი ქულა ულამაზესი ნახევარ-მაკრატელათი მოუტანა. მართალია, მერე მაისურის გახდის გამო მეორე ყვითელი აუფრიალეს და მოედნიდან გააძევეს, მაგრამ ეს მის ნაღვაწს ჩირქს ვერ მოსცხებს.

თომას მიულერი „ბაიერნის“ შემტევი ნახევარმცველებიდან ყველაზე ეფექტური გახლდათ და მანჯუკიჩმა ანგარიში სწორედ თომასის პასით გახსნა. მიულერი კარგ ფორმაშია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ტურის სიმბოლურში უკვე მეორედ შევიყვანეთ. მისი თანაგუნდელი, „ვოლფსბურგიდან“ გადაბირებული თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი კი მატჩიდან მატჩამდე ამტკიცებს, რომ გომესის ღირსეულ შემცვლელზე მეტია - ხორვატმა მეხუთე ოფიციალურ მატჩში მეექვსე გოლი შეაგდო.

III ტურის გმირი
ჰიროში კიოტაკე (ნიურნბერგი)
სამშაბათს იაპონიაში იმყოფებოდა, ოთხშაბათს ნიურნბერგში დაბრუნდა, შაბათს კი მიონხენგლადბახში, „ბორუსიას“ წინააღმდეგ ითამაშა და იმდენი მოახერხა, რომ მესამე ტურის გმირად ვასახელებთ - 22 წლის იაპონელი შემტევი ნახევარმცველი ჰიროში კიოტაკე ბუნდესლიგისთვის, კერძოდ კი „ნიურნბერგისთვის“, უდავოდ კარგი შენაძენია. 1.72 მეტრის სიმაღლის მქონე გამთამაშებელი ზაფხულში ოლიმპიადაზე თამაშობდა და ახალ გუნდთან ერთად მოსამზადებელი შეკრება წესიერად არ გაუვალია. მიუხედავად ამისა, კიოტაკე „ნიურნბერგის“ ნათელი წერტილია და მისი დამსახურებაცაა, ფრანკებს სამი ტურის შემდეგ 7 ქულა რომ აქვთ. „ნიურნბერგმა“ სამ ტურში ხუთი გოლი გაიტანა და „ოსაკადან“ ნაყიდ ნახევარმცველს ხუთივეში წვლილი მიუძღვის. მიონხენგლადბახში ორი საგოლე პასი გააკეთა, მერე კი გამარჯვების გოლიც გაიტანა!

საუკეთესო ფეხბურთელები
III ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 1.00
2. რენე ადლერი ჰამბურგი 1.67
3. კევინ ტრაპი აინტრახტი 1.83
4. აარონ ჰანტი ვერდერი 2.00
5. თომას მიულერი ბაიერნი 2.00
6. სებასტიან როდე აინტრახტი 2.00
7. ჰიროში კიოტაკე ნიურნბერგი 2.17
8. რობერტ მაკი ნიურნბერგი 2.25
9. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.25
10. მარკო არნაუტოვიჩი ვერდერი 2.33

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 3 2 5 7
2. თომას მიულერი ბაიერნი 3 3 3 6
3. ჰიროში კიოტაკე ნიურნბერგი 3 1 3 4
4. მაქს კრუსე ფრაიბურგი 3 2 2 4
5. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 3 3 1 4
6. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 3 2 1 3
7. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 2 0 3 3
8. ლუის ჰოლტბი შალკე 3 2 1 3
9. აარონ ჰანტი ვერდერი 3 2 1 3
10. ტაკაში ინუი აინტრახტი 3 1 2 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული