გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტურის წინ: გააჩერებს "შალკე" "ბაიერნს"?

AutoSharing Option
ბუნდესლიგა უკვე მე-4 ტურში გვთავაზობს ერთ ისეთ მატჩს, რომელიც არა მარტო ამ ტურის, არამედ მთლიანად სეზონის ერთ-ერთ ყველაზე ლაზათიან დაპირისპირებად უნდა მივიჩნიოთ: 22 სექტემბერს "შალკე" გელზენკირხენში მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს.

უაღრესად საინტერესო იქნება "ლევერკუზენისა" და "გლადბახის" დერბი და უქულო "ჰამბურგისა" და ჩემპიონი "დოტმუნდის" დაპირისპირება ჩრდილოგერმანული კლუბის სტადიონზე, რომლის პუბლიკის წინაშე პირველად წარსდგება რაფაელ ვან დერ ვაარტი.

23 სექტემბერს ფელიქს მაგათი თავისი "ვოლფსბურგით" ყოფილ გუნდს, "შტუტგარტს" დაუპირისპირდება, "ჰამბურგის" დარად უქულოდ მყოფი "ჰოფენჰაიმი" კი ძალიან კარგ ფორმაში მყოფ, მაგრამ ჟაბოლჩ ჰუშტის გარეშე დარჩენილ
"ჰანოვერს" მიიღებს.

კლასიკა გელზენკირხენში

"შალკესა" და "ბაიერნის" ჯახებს ინტრიგა არასდროს აკლდა, მაგრამ მას მერე, რაც გელზენკირხენული კლუბის მარგალიტი მანუელ ნოიერი მიუნხენში გადავიდა, ამ გუნდების დუელებს სიმძაფრე მოემატა.

"შალკემაც" და "ბაიერნმაც" ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული სტარტი აიღეს: გელზენკირხენელებმა "ოლიმპიაკოსს" სტუმრად 2:1 მოუგეს, ხოლო ბავარიელებმა კი ასეთივე ანგარიშით "ვალენსია" დაამარცხეს. "შალკეს" სამი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და ფაქტია: ჰუუბ სტევენსის შეგირდები ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ ასპროცენტიანი შედეგის მქონე "ბაიერნმა" ამ სეზონში ქულები პირველად სწორედ "არენა აუფ შალკეზე" დაკარგონ.

თუმცა "შალკეს" ჰოლანდიელ თავკაცს საკადრო პრობლემები აქვს: კითხვის ნიშნის ქვეშაა მთავარი დამრტყმელი ძალის, კლაას-იან ჰუნტელაარისა და წამყვანი საყრდენი ნახევარმცველის, ჯერმაინ ჯონსის ასპარეზობა. ისინი "ოლიმპიაკოსთან" მატჩში დაშავდნენ და გუშინ საღამომდე უცნობი იყო, მოახერხებენ თუ არა დღეს მოედანზე გასვლას.

"ბაიერნში" კი "ოქტობერფესტის" მოახლოვებასთან ერთად იდეალური განწყობაა, რადგან რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგა სამი მოგებით მოგებით დაიწყო და ჩემპიონთა ლიგაშიც პირველი სამი ქულა (თანაც, უშუალო კონკურენტთან) მოიპოვა. ორი სეზონია, არაფერი მოგვიგია და რა საკვირველია, ყველანი დამშეულები ვართო, ამბობს თომას მიულერი, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია (სამი გოლი ბუნდესლიგაში) და რომელიც იუპ ჰაინკესმა "ვალენსიასთან" სასტარტოში არ გაამწესა.

"დონ იუპს" შემადგენლობა როტაციის საშუალებას აძლევს და "შალკესთანაც" რამდენიმე ცვლილებაა მოსალოდნელი.

სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, კ. პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ნოიშტედტერი, ჯონსი - ფარფანი, ჰოლტბი, დრაქსლერი (ან აფელაი) - ჰუნტელაარი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - ხავი მარტინესი (ან ლუის გუსტავო), შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - მანჯუკიჩი.

შალკე: თუ ჯონსმა ვერ ითამაშა, მას ჰიოგერი შეცვლის. გამორიცხული არაა, რომ სტევენსმა საყრდენ ნახევარმცველად ნოიშტედტერის გვერდით ჰოლტბი ათამაშოს, ხოლო გამთამაშებლად კი აფელაი ვიხილოთ.

ბაიერნი: ჰაინკესმა შეიძლება დაასვენოს შვაინშტაიგერი ან მარტინესი და ერთ-ერთის ნაცვად ლუის გუსტავო ათამაშოს. საინტერესოა, ვინ იქნება გამთამაშებელი: მიულერი თუ კროოსი?

რას მოიფიქრებს დესპოტი ფელიქსი?

ამბიციური "ვოლფსბურგი", რომლისთვისაც სამი ტურის შემდეგ აქტივში მხოლოდ 4 ქულის ქონა დიდი ვერაფერი მიღწევაა, დებიუტანტ "ფიურტს" (3 ქულა) მასპინძლობს და ფავორიტადაც მიიჩნევა.

საინტერესოა რომელ ფეხბურთელებს გაამწესებს "მგლების" თავკაცი ფელიქს მაგათი საყრდენ ნახევარმცველებად?

პირველ ტურში მან კნოხესა და შეფერის წყვილი ათამაშა, მეორეში უპირატესობა ჟოსუე/შეფერის დუეტს მიანიჭა, მესამე ტურში კი საყრდენებად კიაერისა და კალენბერგის სახით ისეთი ფეხბურთელები გაამწესა, რომლებიც სეზონის წინ ჩამოწერილები ჰყავდა და მათი გაშვება უნდოდა.

როტაციაა მოსალოდნელი "ფიურტშიც", რადგან თავდამსხმელებმა ედუმ და სარარერმა მწვრთნელ მაიკ ბიუსკენსის იმედები ვერ გაამართლეს, აზემისა და ნიოთეს სახით კი ბიუსკენსს ორი კარგი ალტერნატივა ჰყავს.

"ფიურტის" ფანების საყვარელი ფეხბურთელი ჯერალდ ასამოა ამბობს, ჩვენი პრობლემა თავდაჯერების არქონაა, ვერაფრით ვიჯერებთ, რომ დიდი გუნდების დამარცხება შეგვიძლიაო.

"მაინცს" და "აუგსბურგს" თითო-თითო ქულა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უკვე ორივე გუნდი ვალდებულია მოიგოს. წინა სეზონში ორივე დუელი აუგსბურგელებმა მოიგეს, რაც ამ გუნდის კიპერ მოჰამედ ამსიფს კარგ ნიშნად მიაჩნია - შარშან პირველი გამარჯვება სწორედ მაინცში მოვიპოვეთ და იმედია, ამჯერადაც ასე იქნებაო.

მწვრთნელი მარკუს ვაინცირლი შეგირდებს სტილის შეცვლას და ბურთის მეტოქეზე ხშირად ფლობას სთხოვს.

ტაქტიკური სქემის შეცვლას აპირებს "მაინცის" თავკაცი თომას ტუხელიც, რომელიც 4-3-2-1-ზე უარს იტყვის და შეგირდებს 4-1-2-1-2-ით ათამაშებს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მაინცელები აქტიურად შეუტევენ. კითხვის ნიშნის ქვეშაა რისსეს ასპარეზობა.

იხსნის ჰამბურგი საკუთარ რეკორდს?
როგორც მოსალოდნელი იყო, "ჰამბურგმა" ახალი სეზონი კატასტროფულად დაიწყო - ტორსტენ ფინკის გუნდი სამი ტურის შემდეგ უქულოდაა.
შესაბამისად, ჩრდილოელები უკვე უმძიმესი წნეხის ქვეშ არიან მოქცეულები და 22 სექტემბერს ჩემპიონი "დორტმუნდის" სახით ურთულესი მეტოქე ჰყავთ.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ჰამბურგელთა თავკაცი ცდილობს პოზიტიურად იფიქროს და აცხადებს, "ბორუსიას" დამარცხება შეგვიძლიაო. ფინკი დღეს წამყვან ნახევარმცველ ირაჩეკს ვერ გამოიყენებს - ჩეხი დისკვალიფიცირებულია.

დორტმუნდელები კი ამ შეხვედრას გადაღლილები, მაგრამ ძალიან კარგ ხასიათზე ხვდებიან - იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "აიაქსი" 1:0 დაამარცხა და სიკვდილის ჯგუფში სამქულიანი სტარტი აიღო. მოსალოდნელია, რომ კლოპი ისევ როტაციას მიმართავს და ცვლილებები პირველ რიგში ნახევარდაცვის წინა ხაზს უნდა შეეხოს, სადაც კლოპს მართლაც დიდი არჩევანი აქვს: როისი, გიოტცე, ბლაშჩიკოვსკი, პერიშიჩი და გროსკროიტცი.

კითხვის ნიშნის ქვეშაა მეკარე ვაიდენფელერისა და საყრდენი გიუნდოგანის ასპარეზობა (ორივეს გრიპი აქვს).

"დორტმუნდს" ბუნდესლიგაში 31-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და იმ სუპერ-რეკორდს უახლოვდება (ზედიზედ 36 მატჩი წაგების გარეშე), რომელიც სწორედ "ჰამბურგს" ეკუთვნის! ამრიგად, ჰამბურგელებს ჩემპიონის დამარცხებით დღეს საკუთარი რეკორდის გადარჩენა შეუძლიათ.

ფორტუნას გოლი ჯერ არ მიუღია
ელიტაში აღზევებული "ფორტუნა" "ფრაიბურგს" მასპინძლობს და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, დიუსელდორფული კლუბი ერთადერთია ბუნდესლიგაში, რომელსაც გოლი ჯერ არ გაუშვია.

"მერჩივნა, ყველა მატჩში ბურთის ფლობის 90-პროცენტიანი მაჩვენებელი გვქონოდა, მაგრამ მეტოქეები ამის საშუალებას არ გვაძლევენ," - ორაზროვნად ამბობს "ფორტუნას" თავკაცი ნორბერტ მაიერი.

დიუსელდორფელი ფეხბურთელები მწვრთნელს ამ ოცნებას ვერც "ფრაიბურგთან" მატჩში აუხდენენ - ბრაისგაუელებმა წინა ტურში "ჰოფენჰაიმთან" შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და 5:3 მოიგეს. შესაბამისად, "ფორტუნას" დაცვის ხაზს დღეს სერიოზული გამოცდა ელის.

მძაფრი დერბი ლევერკუზენში

ევროპალიგის გამო კვირას სამი მატჩი გაიმართება, რომელთაგან ყველაზე საინტერესო "ლევერკუზენისა" და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" დერბია. ამ გუნდებს თავიანთი ფანებისთვის "ბოდიში აქვთ მოსახდელი": "ლევერკუზენმა" წინა ტურში დოტმუნდში უსიცოცხლოდ ითამაშა და 0:3 დამარცხდა, "გლადბახმა" კი საკუთარ მოედანზე "ნიურნბერგთან" 2:3 წააგო.

ამ მატჩის შემდეგ მიონხენგლადბახელთა თავკაცმა ლუსიენ ფავრმა განგაშის ზარებს შემოჰკრა და ქომაგებისთვის გულის მოსაკლავი სიტყვები წამოსცდა - ამ სეზონში ალბათ გადარჩენისთვის ბრძოლა მოგვიწევსო. არადა, "გლადბახი" ის გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა.

ამ მატჩში წაგებული ევროსაგზურების ზონასთან კავშირს დაკარგავს, მოგებული კი შვებით ამოისუნთქავს. წინა დერბი "გლადბახმა" 2:1 მოიგო (გოლები: კისლინგი; როისი, დე კამარგო), იმის წინ კი ფრე 2:2 დაფიქსირდა (როისი, ჰერმანი; რაინარტცი, შიურლე).

აღარც ვიზე, არც ჰუშტი
სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ "ჰოფენჰაიმსა" და "ჰანოვერს" შორის დღესდღეობით დიდი განსხვავებაა. ერთ მხარესაა გუნდი, რომელმაც სეზონი კატასტროფულად დაიწყო, ახალი სეზონის ოთხივე მატჩი წააგო (თასზე და ბუნდესლიგაში) და ბურთების სამარცხვინო შეფარდება (4:15) აქვს;

სხვათა შორის, "ჰოფენჰაიმი" არსებობის ისტორიაში პირველადაა ბუნდესლიგის ბოლო ადგილზეა. "ჰოფეს" მეტოქე ბრწყინვალე ფორმაში მყოფი, მაგრამ ჟაბოლჩ ჰუშტის გარეშე დარჩენილი "ჰანოვერია". "წითლებმა" 9 შესაძლოდან 7 ქულა აიღეს.

უნგრელი შემტევი ნახევარმცველის არყოფნა მირკო სლომკასთვის სერიოზული დანაკლისია, რადგან ჰუშტიმ "ჰანოვერის" ბოლო შვიდ გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო, ახლა კი დისკვალიფიცირებულია, რადგან წინა ტურში მეორე ყვითელი ბარათი გოლის მაისურის გახდით ზეიმის გამო აუფრიალეს.

"ჰოფენჰაიმს" კი ტრავმის გამო ტიმ ვიზე დააკლდება - მეკარე, რომელმაც "ფრაიბურგთან" წარმოუდგენელი შეცდომები დაუშვა. შესაბამისად, ეს "სოფლელებისთვის" შეიძლება კარგიც იყოს.

საინტერესო უნდა გამოვიდეს "ვერდერისა" (3 ქულა) და "შტუტგარტის" (1) დაპირისპირებაც. თომას შააფს სებასტიან პრიოდლის სახით წამყვანი მცველი უბრუნდება, რომელმაც ბრემენული კლუბის სუსტი უკანა ხაზი უნდა გააძლიეროს.

შტუტგარტელებს კი საკადრო პრობლემები აქვთ: მართალია, სერდარ ტასკი გამოჯანმრთელდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ჰუგლანდი და მოლინარო დაშავდნენ, ვედად იბიშევიჩი კი დისკვალიფიცირებულია.

გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტური
21 სექტემბერი
ნიურნბერგი-აინტრახტი 1:2

22 სექტემბერი
შალკე-ბაიერნი 17:30
ტრავმა: ჰილდებრანდი - რედერი, კონტენტო, ალაბა, გომესი

ვოლფსბურგი-ფიურტი 17:30
ტრავმა: პილარი, პოლაკი, ჰელმესი - კრაუსი, ტირალა, ცილნერი, ფალი, ოჰანძა

მაინცი-აუგსბურგი 17:30
ტრავმა: ჰ. მიულერი, კლასნიჩი - იენტცში, ფილპი, ბა, კალსენ-ბრაკერი, კოო, მუსონა, მიოლდერსი

ჰამბურგი-ბორუსია (დ) 17:30
დისკვალიფიკაცია: რაიკოვიჩი (შიდა), ირაჩეკი (ორივე ჰამბურგი)
ტრავმა: აოგო, შარნერი, კაჩარი, რინკონი - ოვომოიელა, დუკში

ფორტუნა-ფრაიბურგი 17:30
ტრავმა: ბალოგუნი - როზენტალი

23 სექტემბერი
ლევერკუზენი-ბორუსია (მ) 17:30
ტრავმა: არავინ

ვერდერი-შტუტგარტი 19:30
დისკვალიფიკაცია: იბიშევიჩი (შტუტგარტი)
ტრავმა: ფანდერი, აიჩიჩეკი, ა. სტევანოვიჩი, პ. სტევანოვიჩი, თრაიბული, ილდირიმი - ჰუგლანდი, მოლინარო, რიუდიგერი, აუდელი, დიდავი

ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 19:30
დისკვალიფიკაცია: ჰუშტი (ჰანოვერი)
ტრავმა: ვიზე, კრისი, იაისლე - შულცე

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. აინტრახტი 4 4 0 0 11-4 12
2. ბაიერნი 3 3 0 0 12-2 9
3. ჰანოვერი 3 2 1 0 9-4 7
4. შალკე 3 2 1 0 7-3 7
5. ბორუსია (დ) 3 2 1 0 6-2 7
6. ნიურნბერგი 4 2 1 1 6-5 7
7. ფორტუნა 3 1 2 0 2-0 5
8. ფრაიბურგი 3 1 1 1 6-6 4
9. ბორუსია (მ) 3 1 1 1 4-4 4
10. ვოლფსბურგი 3 1 1 1 1-4 4
11. ვერდერი 3 1 0 2 5-5 3
12. ლევერკუზენი 3 1 0 2 3-5 3
13. ფიურტი 3 1 0 2 1-5 3
14. მაინცი 3 0 1 2 2-5 1
15. აუგსბურგი 3 0 1 2 1-5 1
16. შტუტგარტი 3 0 1 2 1-7 1
17. ჰამბურგი 3 0 0 3 2-6 0
18. ჰოფენჰაიმი 3 0 0 3 4-11 0

ბომბარდირები:
3 - თ. მიულერი (ბაიერნი); 2 - ჰუნტელაარი (შალკე), ლანიგი (აინტრახტი), მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი), შაჰინი (ფორტუნა), სობიეხი (ჰანოვერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული