გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტური: მიუნხენის "ბაიერნი" სრული სვლით

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" უდანაკარგოდ ასპარეზობს: რეკორდმაისტერმა ამჯერად გელზენკირხენიდან წაიღო სამი ქულა და ფავორიტის სტატუსი განიმტკიცა.

ბავარიული გრანდის მსგავსად, ასპროცენტიანი შედეგი აქვს "აინტრახტსაც".

ჩემპიონი "დორტმუნდი" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად დამარცხდა - ჰამბურგში, სადაც შვებით ამოისუნთქეს.

მეოთხე ტური პარასკევს, 21 სექტემბერს "აინტრახტის" მეოთხე გამარჯვებით დაიწყო. ფრანკფურტელებმა ასევე კარგ ფორმაში მყოფი "ნიურნბერგი" მისსავე "ფრანკენშტადიონზე" დაამარცხეს და 13 წლის შემდეგ პირველად გახდნენ ბუნდესლიგის ლიდერები.

ოღონდ მხოლოდ ერთი დღით, რადგან შაბათს "ბაიერნმაც" მოიგო და ბურთების უკეთესი შეფარდების გამო არმინ ფეეს შეგირდებს პირველი ადგილი დაათმობინა. ფრანკფურტელთა გამარჯვების
მთავარი შემოქმედი 24 წლის იაპონელი ტაკაში ინუი გახლდათ, რომელიც ფეემ "ბოხუმიდან" 1.2 მილიონ ევროდ გადაიბირა.

ინუიმ ნიურნბერგელ თანამემამულე ჰიროში კიოტაკეს დუელი მოუგო. 4 თამაში, 4 მოგება - "აინტრახტმა" არსებობის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო!

თუმცა ისტორია გვეუბნება, რომ სეზონის სტარტზე სენსაციურად მოასპარეზე გუნდები ბუნდესლიგაში მოწინავე პოზიციებს დიდხანს ვერ ინარჩუნებენ.

კლოპი: ცხოვრება და ბრძოლა გრძელდება!
"ჰამბურგმა" დორტმუნდის "ბორუსიას" მარცხის გემო გაახსენა: გერმანიის ჩემპიონი ბუნდესლიგის ზედიზედ 31 ტურში (ზუსტად 369 დღე) წაუგებელი იყო და მაინცდამაინც იმ "ჰამბურგთან" დამარცხდა, რომელსაც ამ სეზონში ყველა თამაში წაგებული ჰქონდა.

ჩრდილოელებმა შვებით ამოისუნთქეს. ეს, პირველ რიგში, რაფაელ ვან დერ ვაარტის (ორი საგოლე პასი) და 20 წლის კორეელი შემტევი ნახევარმცველის, ჰიონ-მინ სონის (დუბლი) დამსახურებაა.

"თამაში კატასტროფულად დავიწყეთ. მერე ოდნავ გამოვსწორდით და ბოლოს ისევ ჩავვარდით. მეტოქე თავს მშვენივრად იცავდა. ადლერმა, მგონი, კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. კარისკენ 28-ჯერ დავარტყით და თამაში წავაგეთ. არა უშავს, ცხოვრება გრძელდება", - ეს დორტმუნდელთა თავკაცის, იურგენ კლოპის სიტყვებია.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე "ბორუსიას" ანგარიშის გათანაბრების ორი შანსი ჰქონდა, მაგრამ იულიან შიბერს რენე ადლერმა აუღო, ხოლო რობერტ ლევანდოვსკიმ კარს ააცილა. მატჩის გმირი უდავოდ ადლერი გახლდათ, რომელმაც მატჩის შემდეგ ლუდის კათხა გასახდელშივე მოიყუდა და თქვა, ეს ნამდვილად დავიმსახურეო.

დორტმუნდელმა ფანებმა მათთვის განკუთვნილი ტრიბუნა შეხვედრის დასაწყისშივე დატოვეს - ამით "ჰამბურგის" მიერ დაწესებული ბილეთის ფასი (19 ევრო) გააპროტესტეს.

დამაინც: რატომ მოიგო "ჰამბურგმა"? იმიტომ, რომ კარში ადლერმა იფრინა, ვან დერ ვაარტმა ბრწყინვალე პასები არიგა, წინ კი კორეელი სონი იყო შეუჩერებელი. სხვათა შორის, მის ანგარიშზე ბოლო ორ მატჩში სამი გოლია.

მატჩის შემდეგ კორეელმა ჰოლანდიელი შეაქო - ვან დერ ვაარტი განუმეორებელიაო. რაფაელმა კი სონს დიდი ფეხბურთის თამაში უწინასწარმეტყველა და დასძინა: "მთავარია, თავში არ აუვარდეს, მაგრამ კორეელებს ეს, როგორც წესი, არ ემართებათ ხოლმე!"

"ჰამბურგს" ბოლო გამარჯვება აპრილში ჰქონდა მოპოვებული (1:0 ჰანოვერთან). გამარჯვების გოლი მაშინაც სონმა გაიტანა. მალე ჩრდილოგერმანულ კლუბს 125-წლიანი იუბილე ელის, რომელზეც HSV-მ 12 000 სტუმარი დაპატიჟა და წარმოიდგინეთ, როგორი განწყობა იქნებოდა ამ მართლა ისტორიულ დღეს, ტორსტენ ფინკის გუნდი 4 ტურის შემდეგაც უქულოდ რომ ყოფილიყო.

დაბოლოს: ამ გამარჯვებით "ჰამბურგმა" საკუთარი რეკორდი გადაარჩინა. 1982-83 წლებში ჩრდილოელებმა ბუნდესლიგაში ზედიზედ 36 შეხვედრა არ წააგეს, ახლა კი "დორტმუნდი" 31-მატჩიან სერიაზე გააჩერეს.

ბაიერნს კროოსმა და მიულერმა მოაგებინეს
"დღეს ბურთთან მიკარებაც კი გვიჭირდა!" - თქვა "შალკესა" და "ბაიერნის" მატჩის შემდეგ გელზენკირხენელთა კაპიტანმა ბენედიქტ ჰიოვედესმა. მისი განცხადება ტურის ცენტრალური მატჩის პერიპეტიებს ზუსტად ასახავს - რეკორდმაისტერმა "არენა აუფ შალკეზე" უპრობლემოდ მოიგო.

მიუნხენელთა ბალანსი მართლაც გასაოცარია: იუპ ჰაინკესის გუნდს ამ სეზონის შვიდივე ოფიციალური მატჩი მოგებული აქვს, ბუნდესლიგის ბოლო 14 ტურში 12-ჯერ იმარჯვა!

რაც ყველაზე საინტერესოა, ბავარიელები თამაშებს როტაციით იგებენ! "შალკესთან" ფრანკ რიბერიმ ვერ ითამაშა, 40-მილიონიანი ხავი მარტინესი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში შევიდა. მარიო მანჯუკიჩი უგოლოდ დარჩა, თუმცა "ბაიერნმა" მაინც გაიმარჯვა - ამჯერად ტონი კროოსისა და თომას მიულერის გოლებით!

კარგად ითამაშეს ბასტიან შვაინშტაიგერმა და მანუელ ნოიერმაც.

ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი ყველაზე მეტად შვაინშტაიგერის კარგმა თამაშმა გაახარა - ფორმაში შედის და ძველებურად თამაშობსო.

მიულერმა ამ სეზონში მეოთხედ იხეირა და ოთხი საგოლე პასიც გააკეთა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ თომასიც ძველებურად ათამაშდა.

ნოიერს ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ რეკორდმაისტერი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორჯერ იხსნა. რომ არა მეკარე უნერშტალი, რომელმაც "შალკეში" ნოიერი შეცვალა, ბავარიელები "აუფ შალკეზე" უფრო დიდი ანგარიშითაც მოიგებდნენ.

"ბაიერნი" "დორტმუნდს" 5 ქულით უსწრებს და თან სეზონის ყველა მატჩი მოგებულია, რაც ოქტობერფესტისთვის მიუნხენში იდეალურ გარემოს ქმნის. თუმცა ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე ფანებს და ფეხბურთელებს აფრთხილებს: "ეიფორიაში ჩავარდნა დაუშვებელია. ყველას შევახსენებ, რომ წინა სეზონში "დორტმუნდს" 8 ქულით ვუსწრებდით. იმედია, ყველას ახსოვს, როგორ დამთავრდა ყველაფერი".

სასაცილო გოლი ვოლფსბურგის კარში
კვირას მთელი საფეხბურთო გერმანია ფელიქს მაგათს დასცინოდა. ამას წინათ "დესპოტმა ფელიქსმა" თქვა, ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთო; ვოლფსბურგელები კი ფანებს იმედებს უცრუებენ.

"მგლებმა" ამჯერად "ფიურტს" ვერ მოუგეს (1:1) და თანაც, სასაცილო გოლი გაუშვეს!

28-ე წუთზე "ფიურტის" მეკარე გრიუნმა დაარტყა, ვოლფსბურგელთა ავსტრიელმა მცველმა ემანუელ პოგატეცმა ბურთს ვერაფერი მოუხერხა. მერე იმის იმედად იყო, რომ მეკარე დიეგო ბენალიო კარიდან გამოვიდოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა რეაგირება დააგვიანა, პოგატეცს შეეჯახა, ბურთი მცველს ზურგზე მოხვდა და კარში შევარდა!

"ასეთი სამარცხვინო გოლის ნახვა ბუნდესლიგაში მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელაა შესაძლებელი", - კბილებში გამოსცრა მაგათმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

ბენალიომ მომხდარი ასე ახსნა: "პოგატეცს დავუყვირე, მოიგერიე-მეთქი. რაკი ეს არ გააკეთა, კარი დავტოვე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მომხდარი ჩემი ბრალიცაა და მისიც. ასეთი გოლის გაშვება სირცხვილია!"

ანგარიში ივიცა ოლიჩმა პირველივე ტაიმში გაათანაბრა, მაგრამ ვოლფსბურგელებმა მეორე ტაიმში "ფიურტი" ვეღარ გატეხეს...

ფორტუნა და ნულები
"აინტრახტისა" და "ბაიერნის" მსგავსად, ჯერ კიდევ წაუგებელია ელიტაში ახლახან აღზევებული "ფორტუნაც". მეტიც, დიუსელდორფული კლუბი ერთადერთია მთელ ბუნდესლიგაში, რომელსაც გოლების გრაფაში ჯერ კიდევ 0 უწერია!

თანაც, ზედიზედ მეორე ტურში "ფორტუნა" 0:0-ს თამაშობს - წინა ტურში "შტუტგარტს" დაუზავდა, ახლა კი - "ფრაიბურგს".

"მაინცმა" "აუგსბურგი" 2:0 დაამარცხა და ცხრილის ქვესკნელს თავი დააღწია. თომას ტუხელის შეგირდებმა საქმე პირველივე ტაიმში, ივანშიტცისა და სალაის გოლებით მოათავეს.

გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტური
ნიურნბერგი-აინტრახტი 1:2
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი (70. პოლტერი), ნილსონი, კლოზე, პინოლა - ბალიჩი, სიმონსი - მაკი (60. გებჰარტი), კიოტაკე, ესვაინი (60. ფრანტცი) - პეკჰარტი.
აინტრახტი (4-2-2-1-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი (15. ლანიგი), როდე - აიგნერი, ინუი - ა. მაიერი - ოუშენი (21. ჰოფერი/86. მატმური).
გოლები: 0:1 ჰოფერი (25), 0:2 ინუი (60), 1:2 პოლტერი (76)
გაფრთხილება: პოლტერი - სამბრანო, ა. მაიერი, ს. იუნგი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 14(5)-12(5); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 45 033

შალკე-ბაიერნი 0:2
შალკე (4-1-4-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, კ. პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ნოიშტედტერი - ფარფანი, ჯონსი (78. ჰიოგერი), ჰოლტბი (62. ბარნეტა), დრაქსლერი (63. აფელაი) - ჰუნტელაარი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი (89. ტიმოშჩუკი) - თ. მიულერი, კროოსი, რობენი (84. შაჩირი) - მანჯუკიჩი (70. ხავი მარტინესი).
გოლები: 0:1 კროოსი (55), 0:2 თ. მიულერი (58)
გაფრთხილება: ფუხსი, მატიპი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 14(5)-13(5); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 61 673

ვოლფსბურგი-ფიურტი 1:1
ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, პოგატეცი, როდრიგესი - კიაერი (46. კნოხე) - კალენბერგი (87. ლაკიჩი), მ. შეფერი (46. ვიეირინია) - დიეგო - დოსტი, ოლიჩი.
ფიურტი (4-2-2-2): გრიუნი - ნერიგი (71. პეკოვიჩი), კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - ფიურშტნერი, პეცოსი - სარარერი (92. ფექთურქი), პრიბი - ედუ, აზემი (83. ასამოა).
გოლები: 0:1 პოგატეცი (27-საკ. კარში), 1:1 ოლიჩი (42)
გაფრთხილება: მავრაი, პეცოსი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 20-22; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 12(5)-8(1); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 25 552

მაინცი-აუგსბურგი 2:0
მაინცი (4-2-2-2): ვეტკლო - პოსპეხი, ბუნგერტი, ნოვესკი, ხუნიორ დიასი - პოლანსკი, სოტო (69. ბაუმგარტლინგერი) - ნ. მიულერი, ივანშიტცი (61. კირხჰოფი) - სალაი (84. რუკავიცა), ჩუპო-მოტინგი.
აუგსბურგი (4-2-2-1-1): ამსიფი - ვერჰეგი, სანკო, ს. ლანგკამპი, მ. დე იონგი - ბაიერი, ოტლი (57. ბონსე) - ფოგტი, პეტრჟელა (46. ვერნერი) - მორავეკი (70. სიო) - იორლი.
გოლები: 1:0 ივანშიტცი (10), 2:0 სალაი (25)
გაფრთხილება: ფოგტი, მ. დე იონგი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 23-17; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 11(5)-11(3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 28 463

ჰამბურგი-ბორუსია (დ) 3:2
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, იანსენი - ბადელი, არსლანი - სონი, ვან დერ ვაარტი (87. სალა), ილიჩევიჩი (69. ბაისტერი) - რუდნევსი (77. ბერგი).
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ლაიტნერი, კელი (63. ბლაშჩიკოვსკი) - პერიშიჩი, მ. გიოტცე, როისი (63. შიბერი) - ლევანდოვსკი.
გოლები: 1:0 სონი (2), 1:1 პერიშიჩი (46), 2:1 ილიჩევიჩი (55), 3:1 სონი (59), 3:2 პერიშიჩი (60)
გაფრთხილება: ვან დერ ვაარტი, ბადელი, ადლერი - შმელცერი
კუთხური: 2-10; ჯარიმა: 20-11; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 7(3)-28(12); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 57 000

ფორტუნა-ფრაიბურგი 0:0
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ლეველსი, მალეზასი, ლანგენეკე, ვან დერ ბერგი - ბოძეკი (63. ბელინგჰაუზენი), ო. ფინკი - კრუზი, ვორონინი (80. დუ-რი ჩა), ლამბერტცი - შაჰინი (71. რაფაელი).
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა, გინტერი, დიანიე, ზორგი - მაკიადი, შუსტერი - შმიდი, დ. კალიჯური (74. ფრაისი) - მ. კრუსე, გუედე (78. ფლუმი).
გაფრთხილება: ლეველსი, ბელინგჰაუზენი - მუიჯა, ფლუმი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 11(2)-11(3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 26 862

ლევერკუზენი-ბორუსია (მ) 1:1
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, ტოპრაკი, კადლეცი - რაინარტცი - ლ. ბენდერი, კასტრო - ბელარაბი (66. სემი), შიურლე - კისლინგი.
ბორუსია /მ/ (4-2-3-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ბრუვერსი, დემსი - ჩიგერჩი (66. ჰანკე), ნორდტვეიტი - ჰერმანი (82. რუპი), ჯაკა, არანგო - ლ. დე იონგი (66. დე კამარგო).
70-ე წუთზე შიურლემ (ლევერკუზენი) ვერ გაიტანა პენალტი
გოლები: 0:1 ჰერმანი (3), 1:1 კადლეცი (12)
გაფრთხილება: შტრანცლი, ჩიგერჩი, ჯაკა, ბრუვერსი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 31(9)-5(1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 27 640

ვერდერი-შტუტგარტი 2:2
ვერდერი (4-1-4-1): მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი, სოკრატისი, ფრიტცი - იუნუზოვიჩი (89. ლუკიმია) - არნაუტოვიჩი, დე ბრუინი, ჰანტი, ელია (79. ბარგფრედე) - პეტერსენი (71. აკპალა).
შტუტგარტი (4-2-2-1-1): ულრაიხი - საკაი, ტასკი, მასა, ბოკა (81. მოლინარო) - კვისტი, გენტნერი - ჰარნიკი, თორუნი (46. ტრაორე) - ოკაზაკი (81. ნიდერმაიერი) - კაკაუ.
გოლები: 1:0 დე ბრუინი (23), 2:0 იუნუზოვიჩი (34), 2:1 ჰარნიკი (50), 2:2 კაკაუ (81)
გაძევება: ლუკიმია (91) - ჰარნიკი (88)
გაფრთხილება: ჰანტი, იუნუზოვიჩი, ბარგფრედე, სოკრატისი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 2-8; კარში დარტყმა: 11(6)-13(2); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 40 172

ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 3:1
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი, დელპიერი, კომპერი, ჯონსონი - ვილიამსი, რუდი - ვუკჩევიჩი, რობერტო ფირმინიო (64. სალიჰოვიჩი), უსამი (81. ვოლანდი) - ხოსელუ (71. დერდიოკი).
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, ფელიპე, რაუში - შმიდებახი (74. ჰ. საკაი), და სილვა პინტუ - შტინდლი, შლაუდრაფი, ნიკჩი (84. აბდელაუ) - სობიეხი (44. ია კონანი).
გოლები: 0:1 დელპიერი (26-საკ. კარში), 1:1 ჯონსონი (27), 2:1 სალიჰოვიჩი (82), 3:1 ვილიამსი (92)
გაფრთხილება: ვილიამსი, ბეკი - ფელიპე, ეგიმანი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 16(6)-5(2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 23 575

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 4 4 0 0 14-2 12
2. აინტრახტი 4 4 0 0 11-4 12
3. ჰანოვერი 4 2 1 1 10-7 7
4. ბორუსია (დ) 4 2 1 1 8-5 7
5. შალკე 4 2 1 1 7-5 7
6. ნიურნბერგი 4 2 1 1 6-5 7
7. ფორტუნა 4 1 3 0 2-0 6
8. ფრაიბურგი 4 1 2 1 6-6 5
9. ბორუსია (მ) 4 1 2 1 5-5 5
10. ვოლფსბურგი 4 1 2 1 2-5 5
11. ვერდერი 4 1 1 2 7-7 4
12. მაინცი 4 1 1 2 4-5 4
13. ლევერკუზენი 4 1 1 2 4-6 4
14. ფიურტი 4 1 1 2 2-6 4
15. ჰამბურგი 4 1 0 3 5-8 3
16. ჰოფენჰაიმი 4 1 0 3 7-12 3
17. შტუტგარტი 4 0 2 2 3-9 2
18. აუგსბურგი 4 0 1 3 1-7 1

ბომბარდირები:
4 - თ. მიულერი (ბაიერნი); 3 - კროოსი (ბაიერნი), მანჯუკიჩი (ბაიერნი), სონი (ჰამბურგი).

მომდევნო ტური
25 სექტემბერი
ბაიერნი-ვოლფსბურგი, შალკე-მაინცი, ფიურტი-ფორტუნა, აინტრახტი-ბორუსია (დ).

26 სექტემბერი
ბორუსია (მ)-ჰამბურგი, შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი, ჰანოვერი-ნიურნბერგი, ფრაიბურგი-ვერდერი, აუგსბურგი-ლევერკუზენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული