გერმანია. ბუნდესლიგა. V ტურის წინ: "ბაიერნი" ოქტობერფესტისთვის ემზადება

AutoSharing Option
ბუნდესლიგა ამ კვირაში ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს: 25 და 26 სექტემბერს მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება. მთავარი შეხვედრები 25-შია: ასპროცენტიან ლიდერებს "ბაიერნსა" და "აინტრახტს" თავიანთ არენებზე მნიშვნელოვანი თამაშები ელით.

რეკორდმაისტერი ფელიქს მაგათის "ვოლფსბურგს" მასპინძლობს, ფრანკფურტელები კი, რომლებსაც ასევე ოთხივე თამაში აქვთ მოგებული, მოქმედ ჩემპიონ "დორტმუნდს" დაუპირისპირდებიან.

სამშაბათსვე კიდევ ორი მატჩია, დანარჩენი ხუთი შეხვედრა კი ოთხშაბათს გაიმართება.

რას მოიფიქრებს მაგათი?
ფელიქს მაგათს ძალიან უყვარს "ბაიერნის" გამწარება და ფაქტია, რომ შეგირდებს მატჩისთვის განსაკუთრებით განაწყობს. მნიშვნელობა არა აქვს, რისი მაქნისია "ვოლფსბურგი" დღესდღეობით - ფაქტია,
რომ "მგლები" "ალიანს არენაზე" მედგრად იბრძოლებენ.

სხვა საქმეა ის, რომ "ვოლფსბურგს" მიუნხენში წარმატების მიღწევა ისტორიულად უჭირს და "ალიანს არენაზე" ვერც მაშინ დაიქუხა, როცა საუკეთესო დროება ედგა და ყველასათვის მოულოდნელად, გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა.

მაშინ, 2008 წლის 25 ოქტომბერს, "დესპოტი ფელიქსის" "ვოლფები" მიუნხენში 2:4 დამარცხდნენ, თუმცა მეორე წრის მატჩში მაგათმა მაინც გაამწარა რეკორდმაისტერი - 5:1 გაანადგურა, რასაც "ვოლფსბურგის" სენსაციური ჩემპიონობა მოჰყვა.

საერთო ჯამში, "ვოლფსბურგი" 15-ჯერ ესტუმრა "ბაიერნს", 14 თამაში წააგო და მხოლოდ ერთხელ, 2000/2001 წლების სეზონში გამოჰკრა ხელი ფრეს (3:3). ბავარიელებმა "მგლები" ყველაზე დიდი ანგარიშით 1999 წელს დაამარცხეს (5:0), ხოლო წინა სეზონში მიუნხენში ამ გუნდების დაპირისპირება ასევე "ბაიერნის" გამარჯვებით (2:0) დასრულდა.

ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, სავარაუდოდ, ისევ როტაციას მიმართავს და საინტერესოა, რას შეცვლის ძირითად შემადგენლობაში. კვირას, გელზენკირხენში მოგებულ შეხვედრაში (2:0) "დონ იუპმა" ხავი მარტინესი სასტარტოში ისევ არ გაამწესა და ბავარიელებს მცირე ტრავმის ფრანკ რიბერიც აკლდათ.

ამჯერად ფრანგი, ალბათ, ითამაშებს და შეიძლება, ჰაინკესმა უკვე არიენ რობენი დაასვენოს. დიდი შანსია, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ამჯერად კლაუდიო პისარო ვიხილოთ. მართალია, მარიო მანჯუკიჩი კარგ ფორმაშია, მაგრამ დასვენება მასაც სჭირდება, მარიო გომესი კი ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა.

ფელიქს მაგათს ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს. საინტერესოა, როგორ ითამაშებს ივიცა ოლიჩი ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ და გამოიჩენს თუ არა თავს დიეგო, რომლის გადაბირება ბავარიელებს წლების წინ ძალიან უნდოდათ, მაგრამ ბრაზილიელმა "იუვენტუსში" გადასვლა ამჯობინა და მას მერე მისი კარიერა უკან-უკან წავიდა...

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - ლუის გუსტავო, ხავი მარტინესი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - პისარო.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, პოგატეცი, როდრიგესი - კალენბერგი, კნოხე - ვიეირინია, დიეგო, ოლიჩი - დოსტი.

აინტრახტის პირველი სერიოზული გამოცდა
"აინტრახტი" უკვე ამ სეზონის აღმოჩენაა - ფრანკფურტელებმა ყველასათვის მოულოდნელად, ოთხივე თამაში მოიგეს და არმინ ფეეს გუნდი ერთადერთია, რომელიც "ბაიერნს" ერთპიროვნულად გალიდერების საშუალებას არ აძლევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ "აინტრახტს" იოლი მატჩები არ ჰქონია - ფეეს შეგირდებმა ჯერ "ლევერკუზენი" დაამარცხეს (2:1), მერე "ჰოფენჰაიმი" გაანადგურეს (4:0), მესამე ტურში "ჰამბურგსაც" სამი ქულა დაატოვებინეს (3:2), გასულ პარასკევს კი ნიურნბერგში გაიმარჯვეს (2:1) და პირველ ადგილზე მარტო იმიტომ არ არიან, რომ "ბაიერნს" ბურთების უკეთესი შეფარდება აქვს.

თუმცა დღეს "აინტრახტს" მართლა სერიოზული გამოცდა ელის: ფრანკფურტში გერმანიის მოქმედი და ზედიზედ ორგზის ჩემპიონი "დორტმუნდი" სტუმრობს. თანაც, "ბორუსია" გაბრაზებულია, რადგან იურგენ კლოპის შეგირდები შაბათს ჰამბურგში დამარცხდნენ და "ბაიერნს" უკვე ხუთი ქულით ჩამორჩებიან.

ამ წაგებით "დორტმუნდმა" 31-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, თუმცა კლოპმა მაინც თქვა, ცხოვრება და ბრძოლა გრძელდებაო. შესაბამისად, საინტერესოა, როგორ წარმოაჩენენ თავს ჩემპიონები ფრანკფურტში, სადაც ახლა ფეხბურთის ბუმია.

"აინტრახტის" წარმატებები მწვრთნელთან ერთად, ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელების, სებასტიან იუნგის, კარლოს სამბრანოს, მეკარე კევინ ტრაპის, ნიჭიერი სებასტიან როდეს და ბრწყინვალედ მოასპარეზე იაპონელი შემტევი ნახევარმცველის, ტაკაში ინუის დამსახურებაა, რომლის ანგარიშზე ოთხი ტურის შემდეგ ორი გოლი და ამდენივე საგოლე პასია.

"მზად ვარ, გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს "აინტრახტიდან" რამდენიმე კანდიდატი შევთავაზო. ვფიქრობ, რომ ბუნდესგუნდისთვის უკვე მზად არიან იუნგი, ოჩიპკა და როდე", - ეს არმინ ფეეს თამამი განცხადებაა, რომელსაც გერმანიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თუ ფრანკფურტელები "დორტმუნდსაც" გაუძლებენ, თამამად ვიტყვით, რომ "აინტრახტს" იმაზე მეტისთვის შეუძლია ბრძოლა, ვიდრე პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

შალკე ჰუნტელაარის გარეშე?
"ბაიერნთან" წაგებული "შალკე" "მაინცს" უმასპინძლებს და შაბათს განცდილი მარცხისთვის ფანების წინაშე ბოდიშის მოხდას შეეცდება.

შარშან ამ გუნდების დაპირისპირება გელზენკირხენში ფრედ, 1:1 დამთავრდა და სხვათა შორის, "შალკეს" "მაინცი" საკუთარ მოედანზე 2009 წლის 18 დეკემბრის შემდეგ აღარ დაუმარცხებია (მაშინ 1:0 მოუგო).

"მაინცმა" შაბათს "აუგსბურგს" 2:0 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი თომას ტუხელი და მისი შეგირდები გელზენკირხენში ჩინებული განწყობით ჩადიან. გელზენკირხენელთა რიგებში კითხვის ნიშნის ქვეშაა გოლეადორ კლაას-იან ჰუნტელაარის ასპარეზობა.

შესაძლოა, ჰუუბ სტევენსმა ვერც საყრდენი ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსი და გარემარბი იბრაჰიმ აფელაი გამოიყენოს.

25 სექტემბერსვე "ფიურტი" "ფორტუნას" მასპინძლობს და ეს ელიტაში ახლახან აღზევებული გუნდების ჯახია. მაიკ ბიუსკენსის "ფიურტი" 4 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა და შაბათს "ვოლფსბურგიდან" ქულა წაიღო (1:1).

დიუსელდორფელები კარის მშრალად შენახვას განაგრძობენ - "ფორტუნა" ერთადერთი გუნდია მთელ ბუნდესლიგაში, რომელსაც გაშვებული გოლების გრაფაში ჯერ კიდევ 0 უწერია...

გერმანია. ბუნდესლიგა. V ტური
25 სექტემბერი
ბაიერნი-ვოლფსბურგი 22:00
ტრავმა: კონტენტო, ალაბა, გომესი - პილარი, პოლაკი, ჰელმესი

შალკე-მაინცი 22:00
ტრავმა: ჰილდებრანდი - ჰ. მიულერი, რისსე

ფიურტი-ფორტუნა 22:00
ტრავმა: ტირალა, ფალი - ბალოგუნი

აინტრახტი-ბორუსია (დ) 22:00
ტრავმა: ამედიკი, კუემაა - ოვომოიელა, გიუნდოგანი, დუკში

26 სექტემბერი
ბორუსია (მ)-ჰამბურგი 22:00
დისკვალიფიკაცია: რაიკოვიჩი (შიდა), ირაჩეკი (ორივე ჰამბურგი)
ტრავმა: აოგო, კაჩარი, რინკონი (ყველა ჰამბურგი)

შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 22:00
დისკვალიფიკაცია: ჰარნიკი (შტუტგარტი)
ტრავმა: ჰუგლანდი, აუდელი, დიდავი - ვიზე, კრისი, იაისლე, შიპლოკი

ჰანოვერი-ნიურნბერგი 22:00
ტრავმა: პანდერი, კ. შულცი - ჰლუშეკი, მენდლერი

ფრაიბურგი-ვერდერი 22:00
დისკვალიფიკაცია: ლუკიმია (ვერდერი)
ტრავმა: როზენტალი (ფრაიბურგი)

აუგსბურგი-ლევერკუზენი 22:00
ტრავმა: იენტცში, ფიპლი, ბა, კალსენ-ბრაკერი, კოო, მუსონა, მიოლდერსი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 4 4 0 0 14-2 12
2. აინტრახტი 4 4 0 0 11-4 12
3. ჰანოვერი 4 2 1 1 10-7 7
4. ბორუსია (დ) 4 2 1 1 8-5 7
5. შალკე 4 2 1 1 7-5 7
6. ნიურნბერგი 4 2 1 1 6-5 7
7. ფორტუნა 4 1 3 0 2-0 6
8. ფრაიბურგი 4 1 2 1 6-6 5
9. ბორუსია (მ) 4 1 2 1 5-5 5
10. ვოლფსბურგი 4 1 2 1 2-5 5
11. ვერდერი 4 1 1 2 7-7 4
12. მაინცი 4 1 1 2 4-5 4
13. ლევერკუზენი 4 1 1 2 4-6 4
14. ფიურტი 4 1 1 2 2-6 4
15. ჰამბურგი 4 1 0 3 5-8 3
16. ჰოფენჰაიმი 4 1 0 3 7-12 3
17. შტუტგარტი 4 0 2 2 3-9 2
18. აუგსბურგი 4 0 1 3 1-7 1

ბომბარდირები:
4 - თ. მიულერი (ბაიერნი); 3 - კროოსი (ბაიერნი), მანჯუკიჩი (ბაიერნი), სონი (ჰამბურგი).

IV ტურის სიმბოლური ნაკრები (ლელოს ვერსიით)
4-2-3-1
ადლერი (ჰამბურგი)
ლამი (ბაიერნი), კლოზე (2) (ნიურნბერგი), დანტე (2) (ბაიერნი), კადლეცი (ლევერკუზენი)
როდე (აინტრახტი), კროოსი (ბაიერნი)
სონი (ჰამბურგი), თ. მიულერი (3) (ბაიერნი), ინუი (აინტრახტი)
ჰოფერი (აინტრახტი)

IV ტურის გმირი
სებასტიან როდე (აინტრახტი)
"აინტრახტის" თავკაც არმინ ფეეს ნიურნბერგის სტადიონის დატოვება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, როცა ჟურნალისტმა კითხვა მიაძახა: "რა გაუკეთეთ როდეს?" ფრანკფურტელთა თავკაცი მოტრიალდა: "კარგად ითამაშა, არა?"

კარგი კი არა, სებასტიან როდე "ნიურნბერგისა" და "აინტრახტის" მატჩში ბრწყინვალე იყო! 21 წლის ნახევარმცველმა ორთაბრძოლების აბსოლუტური უმრავლესობა მოიგო, ბურთს ჭკვიანურად ფლობდა და მშვენიერ მეპასედაც წარმოჩინდა.

ფეეს აზრით, როდე უკვე მზადაა იმისათვის, რომ გერმანიის ნაკრებში გამოიძახონ და ათამაშონ.

საუკეთესო ფეხბურთელები
IV ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 3 1.00
2. რენე ადლერი ჰამბურგი 4 1.50
3. სებასტიან როდე აინტრახტი 4 1.75
4. კევინ ტრაპი აინტრახტი 4 1.88
5. თომას მიულერი ბაიერნი 4 2.00
6. ტონი კროოსი ბაიერნი 4 2.13
7. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 4 2.17
8. აარონ ჰანტი ვერდერი 4 2.25
9. ტაკაში ინუი აინტრახტი 4 2.25
10. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 4 2.33

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. თომას მიულერი ბაიერნი 4 4 4 8
2. ჟაბოლჩ ჰუშტი აინტრახტი 3 2 5 7
3. ჰიროში კიოტაკე ნიურნბერგი 4 1 4 5
4. ტაკაში ინუი აინტრახტი 4 2 2 4
5. მაქს კრუსე ფრაიბურგი 4 2 2 4
6. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 4 3 1 4
7. ნილს პეტერსენი ვერდერი 4 1 3 4
8. ხუან არანგო ბორუსია (მ) 4 1 2 3
9. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 4 2 1 3
10. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 3 0 3 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტური: მიუნხენის "ბაიერნი" სრული სვლით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული