მიუნხენურ გრანდს წინააღმდეგობა ვერც ფელიქს მაგათის "ვოლფსბურგმა" გაუწია: 25 სექტემბერს ბავარიელებმა "მგლები" აბსოლუტურად უპრობლემოდ, 3:0 დაამარცხეს და ხუთი ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგით უკვე ერთპიროვნული ლიდერები არიან, რადგან სენსაციურმა "აინტრახტმა" ჩემპიონ "დორტმუნდთან" მხოლოდ ფრეს მიაღწია...
თუმცა ეს რბილი ნათქვამია: ფრანკფურტელებმა უმძიმესი ბრძოლა გადაიტანეს და ჩემპიონებთან განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმში ითამაშეს. "ბორუსია" 2:0-ს იგებდა, მაგრამ არმინ ფეეს გუნდი თამაშში აიგნერისა და ინუის გოლებით დაბრუნდა.
მარიო გიოტცემ იურგენ კლოპის სამწყსო კიდევ
დარჩენილ დროში ორივე გუნდი უტევდა, მაგრამ გოლი აღარ გასულა და საბოლოოდ 3:3, რომელიც ამტკიცებს, რომ "აინტრახტი" შემთხვევით არ არის მეორე ადგილზე, "დორტმუნდს" კი პრობლემები აქვს. ეს განსაკუთრებით დაცვას ეხება - ნევენ სუბოტიჩი და მატს ჰუმელსი "ბორუსიას" უკანა ხაზის ცენტრს კარგად ვეღარ ამაგრებენ და თავდაუჯერებელი გახლდათ ჩემპიონთა მეკარე რომან ვაიდენეფელერიც.
"ბაიერნიდან" მარიო მანჯუკიჩმა დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ხუთი გოლით დაწინაურდა. 25 სექტემბერსვე საშინაო დავალება კარგად შეასრულა "შალკემ": გელზენკირხენელებმა "მაინცს" არაფერი გააბედვინეს (3:0), დიუსელდორფის "ფორტუნამ" კი "ფიურტი" სტუმრად 2:0 დაამარცხა და ყველასათვის მოულოდნელად, ლიდერებშია.
რაც შეეხება მეხუთე ტურის დარჩენილ ხუთ შეხვედრას:
ლევერკუზენისთვის წაგება არ შეიძლება, აუგსბურგს გამარჯვება უნდა
25 სექტემბერს სატურნირო ცხრილის სათავე და მისი შემოგარენი იყო ყურადღების ცენტრში, 26 სექტემბერს გასამართ შეხვედრებში კი "ქვედა რეგიონები" გახდება აქტუალური.
სატურნირო ცხრილის ფსკერიდან თავის დაღწევა ორ შვაბენლანდურ კლუბს, "შტუტგარტს" და "აუგსბურგს" სურთ. ბავარიელ-შვაბი აუგსბურგელები "ლევერკუზენს" მასპინძლობენ და ამ მატჩის წინ განგაშის ზარებს შემოჰკრეს.
"ფეხბურთი, რომელიც პირველ ტურებში ვითამაშეთ, არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ბუნდესლიგაში დავრჩეთ", - ეს კაპიტან ვერჰეგის სიტყვებია.
"აუგსბურგს" ყველაზე ცოტა, მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი და სხვათა შორის, ამ მხრივ კარგი შედეგით ვერც ლევერკუზენელები დაიკვეხნიან (4). კვირას, "გლადბახთან" შეხვედრაში (1:1) "ბაიერის" ფეხბურთელებმა უამრავი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და თერთმეტმეტრიანიც კი გააფუჭეს (შიურლე).
ერთი სიტყვით, "აუგსბურგი" ვალდებულია, მხოლოდ სამი ქულის აღებაზე იფიქროს და არც "ლევერკუზენს" აქვს წაგების უფლება, რადგან "ფარმაცევტები" უკვე მე-13 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას ოდენ ორი ქულაღა აშორებთ.
შტუტგარტი წნეხის ქვეშ
"შტუტგარტის" გასავარდნ ზონაში ყოფნა ყველასათვის მოულოდნელი ამბავია. ბრუნო ლაბადიას გუნდი ოთხი ტურის შემდეგ მოუგებელია, თუმცა კვირას, "ვერდერთან" (2:2) დაამტკიცა, რომ ბრძოლა და გოლების გატანა შეუძლია.
შვაბები "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობენ - გუნდს, რომელმაც სამარცხვინო სტარტის შემდეგ წინა ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა (ჰანოვერთან 3:1).
ლაბადიას დისკვალიფიკაციის გამო წამყვანი ნახევარმცველი მარტინ ჰარნიკი დააკლდება. სამაგიეროდ, ბრუნდება ბოსნიელი თავდამსხმელი ვედად იბიშევიჩი, რომელმაც იმავე მიზეზით ორი ტური გამოტოვა. ვედოს ხშირად ექნება საქმე "ჰოფენჰაიმის" ახალგაზრდა მეკარე კასტეელსთან, რომელმაც კვირას ტრავმირებული ტიმ ვიზე შეცვალა და ბუნდესლიგაში ჩინებული დებიუტი გამოუვიდა.
ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, დიდი შანსია, რომ კასტეელსმა ვიზე ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდოსო, რაც ნამდვილად არ იქნება გასაკვირი იმ ფონზე, რომ ვიზე კატასტროფულ შეცდომებს უშვებდა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ჰოფენჰაიმს" "შტუტგარტიდან" სამი ქულა არასდროს წაუღია.
ჰამბურგი ახლა მეორე ბორუსიას ემუქრება
გასულ უქმეებზე "ჰამბურგმაც" პირველი გამარჯვება მოიპოვა და თანაც, ჩემპიონი "დორტმუნდი" დაამარცხა, რითაც ჩრდილოგერმანული კლუბის ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა, ხელმძღვანელობამ და ფანებმა ამ ეტაპზე შვებით ამოისუნთქეს და მომავალს უკვე ოპტიმისტურად უყურებენ.
ჰამბურგელთა თავკაც ტორსტენ ფინკს ახლა იმის იმედი აქვს, რომ მისი შეგირდები მეორე "ბორუსიასთანაც" კარგად ითამაშებენ, მიონხენგლადბახიდან მინიმუმ ერთ ქულას მაინც წაიღებენ.
"ვინც ჩემპიონს მოუგებს, ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. ბიჭებმა უნდა დაამტკიცონ, რომ "დორტმუნდი" შემთხვევით არ დაამარცხეს", - თქვა ფინკმა 25 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ჰამბურგისთვის" ეს იდეალური სიტუაციაა, რადგან "გლადბახში" ყველაფერი კარგად არ არის და მწვრთნელი ლუსიენ ფავრი შეშინებულია, თუ ასე გავაგრძელებთ, ჩემპიონთა ლიგის საგზური კი არა, გადარჩენისთვის ბრძოლა მოგვიწევსო.
ლევერკუზენში მიღწეული 1:1-ით მიონხენგლადბახელთაგან უკმაყოფილო არავინ დარჩენილა, მაგრამ ახალწვეულმა გრანიტ ჯაკამ თქვა, თუ "ჰამბურგთანაც" ასე ვითამაშებთ, ქულასაც ვერ ავიღებთ, რადგან ლევერკუზენში არაერთხელ გაგვიმართლაო.
ფრაიბურგი ვერდერს უფრთხის
"ფრაიბურგის" დამრიგებელი კრისტიან შტრაიხი დიუსელდორფში მიღწეული უგოლო ფრით კმაყოფილი დარჩა და შეგირდებს მოუწოდა, "ვერდერთან" საშინაო მატჩშიც ასეთი შემართებით უნდა ვიბრძოლოთო.
შტრაიხი "ვერდერთან" ურთულეს მატჩს ელის, რადგან მიიჩნევს, რომ ბრემენული კლუბი ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია და თუ "ვერდერი" ამას სატურნირო ცხრილზე ვერ ასახავს, "ფრაის" თავკაცის აზრით, ეს დროებითია.
შტრაიხის ანალიზის დასტურია ის, რომ ბრემენელთა ახალწვეულმა, ლონდონის "ჩელსიდან" არენდით აყვანილმა კევინ დე ბრუინმა ბოლო ორ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. სამაგიეროდ, "ვერდერს" დაცვის ხაზში აქვს პრობლემები და "ფრაიბურგიც" სწორედ ამით ეცდება სარგებლის ნახვას.
"შტუტგარტთან" მატჩში განსაკუთრებით ცუდად ბერძენი მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი გამოიყურებოდა, რომელსაც თომას შააფი, ალბათ, მაინც სასტარტო შემადგენლობაში გაამწესებს, რადგან ამ უკანასკნელის ალტერნატივამ, ლუკიმიამ კვირას მოედანზე გამოჩენისთანავე წითელი ბარათი დაიმსახურა და დისკვალიფიცირებულია.
ჰუშტი ბრუნდება! რას იზამს ჰანოვერი?
26 სექტემბერს "ჰანოვერი" "ნიურნბერგს" უმასპინძლებს და ყურადღების ცენტრში იქნება "წითლების" უნგრელი შემტევი ნახევარმცველი ჟაბოლჩ ჰუშტი, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა და მოედანზე ბრუნდება.
მისი დაბრუნება "ჰანოვერის" ფანებისთვის უდიდესი იმედია, რადგან ჰუშტი "კიკერის" შეფასებების მიხედვით, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია - საშუალო შეფასება 1 ბალი, 2 გოლი, 5 საგოლე პასი.
"ჰანოვერმა" "ჰოფენჰაიმთან" პირველი მარცხი რომ განიცადა, ეს მწვრთნელმა მირკო სლომკამ, პირველ რიგში, სწორედ ჰუშტისა და ლეონ ადნრეასენის არყოფნით ახსნა. 26 სექტემბერს ორივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში იქნება.
დიდი შანსია, რომ დაბრუნდეს და მინიმუმ განაცხადში იყოს თავდამსხმელი დიუფიც, რომელმაც ოპერაცია გადაიტანა და ამ სეზონში ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია.
ერთი სიტყვით, "ნიურნბერგელებს" ჰანოვერში რთული თამაში ელით...
გერმანია. ბუნდესლიგა. V ტური
25 სექტემბერი
ბაიერნი-ვოლფსბურგი 3:0
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - ხავი მარტინესი (72. ტიმოშჩუკი), შვაინშტაიგერი - რობენი (68. კროოსი), შაჩირი, რიბერი - მანჯუკიჩი (79. პისარო).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო (67. ტრეში), პოგატეცი, როდრიგესი - კნოხე, ჟოსუე - კალენბერგი (67. ვიეირინია), დიეგო, ოლიჩი - დოსტი (81. იონსონი).
გოლები: 1:0 შვაინშტაიგერი (24), 2:0 მანჯუკიჩი (57), 3:0 მანჯუკიჩი (65)
გაფრთხილება: შვაინშტაიგერი - კალენბერგი
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 25(13)-4(1); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 71 000
შალკე-მაინცი 3:0
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა, კ. პაპადოპულოსი, ჰიოვედესი, ფუხსი - ჰიოგერი, ნოიშტედტერი - ფარფანი (69. დრაქსლერი), ჰოლტბი, აფელაი (69. ბარნეტა) - ჰუნტელაარი (85. პუკი).
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - პოსპეხი, ბუნგერტი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - ბაუმგარტლინგერი - პოლანსკი, სოტო - ივანშიტცი (64. ნ. მიულერი) - სალაი (75. კლასნიჩი), რუკავიცია (59. ჩუპო-მოტინგი).
გოლები: 1:0 ფარფანი (21-პენ), 2:0 ჰოლტბი (81), 3:0 პუკი (90)
გაფრთხილება: ნოიშტედტერი, დრაქსლერი - პოლანსკი, ვეტკლო
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 16(9)-10(3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 59 116
ფიურტი-ფორტუნა 0:2
ფიურტი (4-2-2-2): გრიუნი - ნერიგი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი (46. ბაბა) - ფიურშტნერი, პეცოსი (46. პრიბი) - სარარერი, პექთურქი - ედუ (74. ასამოა), აზემი.
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ლეველსი, მალეზასი, ლანგენეკე, ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ო. ფინკი - კრუზი (63. დუ-რი ჩა), ილსიო (90. ბელინგჰაუზენი), ლამბერტცი - შაჰინი (71. რაიზინგერი).
გოლები: 0:1 ო. ფინკი (26), 0:2 ილსიო (33)
გაფრთხილება: ნერიგი, მავრაი - შაჰინი, ბოძეკი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 22-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11(3)-10(5); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 16 573
აინტრახტი-ბორუსია (დ) 3:3
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე - აიგნერი (85. კიტელი), ა. მაიერი (90. ლანიგი), ინუი - ჰოფერი (59. მატმური).
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ლაიტნერი, კელი - ბლაშჩიკოვსკი (85. გიუნდოგანი), როისი (46. გიოტცე), პერიშიჩი (68. გროსკროიტცი) - ლევანდოვსკი.
გოლები: 0:1 პიშჩეკი (25), 0:2 როისი (28), 1:2 აიგნერი (49), 2:2 ინუი (51), 2:3 გიოტცე (54), 3:3 ანდერსონი (73)
გაფრთხილება: სამბრანო, შვეგლერი - ლევანდოვსკი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 14(5)-9(7); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 51 500
26 სექტემბერი
ბორუსია (მ)-ჰამბურგი 22:00
დისკვალიფიკაცია: რაიკოვიჩი (შიდა), ირაჩეკი (ორივე ჰამბურგი)
ტრავმა: აოგო, კაჩარი, რინკონი (ყველა ჰამბურგი)
შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 22:00
დისკვალიფიკაცია: ჰარნიკი (შტუტგარტი)
ტრავმა: ჰუგლანდი, აუდელი, დიდავი - ვიზე, კრისი, იაისლე, შიპლოკი
ჰანოვერი-ნიურნბერგი 22:00
ტრავმა: პანდერი, კ. შულცი - ჰლუშეკი, მენდლერი
ფრაიბურგი-ვერდერი 22:00
დისკვალიფიკაცია: ლუკიმია (ვერდერი)
ტრავმა: როზენტალი (ფრაიბურგი)
აუგსბურგი-ლევერკუზენი 22:00
ტრავმა: იენტცში, ფიპლი, ბა, კალსენ-ბრაკერი, კოო, მუსონა, მიოლდერსი
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 5 5 0 0 17-2 15
2. აინტრახტი 5 4 1 0 14-7 13
3. შალკე 5 3 1 1 10-5 10
4. ფორტუნა 5 2 3 0 4-0 9
5. ბორუსია (დ) 5 2 2 1 11-8 8
6. ჰანოვერი 4 2 1 1 10-7 7
7. ნიურნბერგი 4 2 1 1 6-5 7
8. ფრაიბურგი 4 1 2 1 6-6 5
9. ბორუსია (მ) 4 1 2 1 5-5 5
10. ვოლფსბურგი 5 1 2 2 2-8 5
11. ვერდერი 4 1 1 2 7-7 4
12. ლევერკუზენი 4 1 1 2 4-6 4
13. მაინცი 5 1 1 3 4-8 4
14. ფიურტი 5 1 1 3 2-8 4
15. ჰამბურგი 4 1 0 3 5-8 3
16. ჰოფენჰაიმი 4 1 0 3 7-12 3
17. შტუტგარტი 4 0 2 2 3-9 2
18. აუგსბურგი 4 0 1 3 1-7 1
ბომბარდირები:
5 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 4 - თ. მიულერი (ბაიერნი); 3 - აიგნერი (აინტრახტი), ჰოლტბი (შალკე), ინუი (აინტრახტი), კროოსი (ბაიერნი), შვაინშტაიგერი (ბაიერნი).
მომდევნო ტური
28 სექტემბერი
ფორტუნა-შალკე.
29 სექტემბერი
ლევერკუზენი-ფიურტი, ვერდერი-ბაიერნი, ნიურნბერგი-შტუტგარტი, ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი, ჰამბურგი-ჰანოვერი, ბორუსია (დ)-ბორუსია (მ).
30 სექტემბერი
აინტრახტი-ფრაიბურგი, ვოლფსბურგი-მაინცი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"