ასეთი რენე ადლერი ლიოვისთვის თემაა

AutoSharing Option
ვინ იფიქრებდა, რომ ამ დღეებში „ჰამბურგში“ რაფაელ ვან დერ ვაარტს პოპულარობით ვინმე მიუახლოვდებოდა?

მიახლოება კი არა, ლამისაა, მეკარე რენე ადლერმა ჰოლანდიელი ნახევარმცველი ჩრდილში მოაქციოს: ამ სეზონში ოთხჯერ დაიცვა ჩრდილოგერმანული კლუბის კარი (26 სექტემბრის მატჩს არ ვთვლით) და ოთხივე შეხვედრაში საუკეთესო ჰამბურგელი იყო! შესაბამისად, დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, რომ ადლერი გერმანიის ნაკრებში დაბრუნებას იმსახურებს.

რენე ადლერმა, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ ახალ ოლივერ კანს უწოდებდნენ, გერმანიის ნაკრებში ბოლოს 2010 წლის 17 ნოემბერს ითამაშა. ეს გახლ
დათ მატჩი შვედეთში, რომელიც 0:0 დამთავრდა და რომელიც რენესთვის რიგით მე-10 და უკანასკნელი შეხვედრა იყო ბუნდესგუნდში. მას მერე ბევრი რამ მოხდა, გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე მანუელ ნოიერი გახდა და გერმანიის ნაკრების ფორმის უკანასკნელად მორგებიდან ორი წლის შემდეგ ადლერი ამბობს:

„რა თქმა უნდა, თავს ისევ ნაკრების წევრად მივიჩნევ, მაგრამ მაშინ მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ ბუნდესგუნდის ძირითადი მეკარის სტატუსის დაკარგვასთან ერთად, ნაკრებს აშკარად ჩამომაშორა“.

27 წლის ადლერს ამ ორი წლის განმავლობაში ნაკრების ხელმძღვანელები მხოლოდ ორჯერ დაუკავშირდნენ - ერთხელ ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მოიკითხა, ერთხელაც ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა გაუგზავნა ტექსტური შეტყობინება, რომელშიც ეწერა, გახსოვდეს, ბუნდესგუნდის კარი შენთვის ყოველთვის ღიააო.

რამდენიმე დღის წინ ლიოვმა „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ადლერს აკვირდება და რომ რენე გაფართოებულ სიაში ჰყავს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან „ნიურნბერგთან“ (0:1) და „ვერდერთან“ (0:2) წაგებულ მატჩებში ორივე გუნდში საუკეთესო იყო და „აინტრახტთან“ (2:3) და „დორტმუნდთანაც“ (3:2) იდეალურად ითამაშა. „კიკერის“ საშუალო შეფასებებში ადლერს 1.5 ბალი უწერია, რაც იდეალური ნიშანია მეკარისთვის, რომლის გუნდს მეოთხე ტურამდე ყველა თამაში წაგებული ჰქონდა. ამიტომაც თქვა ვან დერ ვაარტმა, თუ ასე გააგრძელებს, გერმანიის ნაკრებში ძალიან მალე დააბრუნებენო.

ჯერ მხოლოდ ჰამბურგი
რენე ხვდება, რომ თუ ბუნდესგუნდში დაბრუნდა, მხოლოდ მეორე მეკარის სტატუსით მოუწევს დაკმაყოფილება, რადგან ნოიერი მყარი პირველი ნომერია, რომელსაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისია ადლერის რეაქციაც - რაც უნდა იყოს, ჯერ მხოლოდ კლუბზე ვარ კონცენტრირებულიო.

„თუ „ჰამბურგში“ საქმეები კარგად წაგვივა, ეროვნული ნაკრები ავტომატურად გადმოინაცვლებს წინა პლანზე. მანამდე ჩემი მიზანი „ჰამბურგში“ კარგად თამაში და ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის თავის მუდმივად შეხსენებაა,“ - აცხადებს ადლერი, რომელიც 2010 წლის მუნდიალის წინ დაშავებამდე გერმანიის ნაკრების ოფიციალურად აღიარებული პირველი ნომერი იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული