25 სექტემბერს „ბავარიულმა ტორნადომ“ ფელიქს მაგათი და მისი „ვოლფსბურგიც“ გაანადგურა (3:0) და ლოგიკურად გაჩნდა კითხვა: ნუთუ „ბაიერნის“ შეჩერება მართლა შეუძლებელია?
ფაქტია, რომ ეს ვერც უაღრესად მოტივირებულმა „ვოლფსბურგმა“ მოახერხა. მიუნხენელები მთელი მატჩის განმავლობაში ვოლფსბურგელებზე ორი თავითა და კლასით მაღლა იდგნენ, 3:0 აბსოლუტურად უპრობლემოდ დააფიქსირეს და ახლა უკვე ნებისმიერი სტატისტიკით შეიძლება იმის თქმა, რომ „ბაიერნს“ ამაზე უკეთესო სტარტი არასდროს ჰქონია.
შესაბამისი იყო მიუნხენური
ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი ისაა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი მუდმივად როტაციას მიმართავს, მაგრამ ვინც არ უნდა ათამაშოს, „ბაიერნი“ უპრობლემოდ იმარჯვებს. მაგალითად, „ვოლფსბურგთან“ მან უარი თქვა იმ ფეხბურთელების სასტარტო შემადგენლობაში გამწესებაზე, რომლებმაც „ბაიერნს“ წინა ტურში, გელზენკირხენში მოაგებინეს - „დონ იუპმა“ იდეალურ ფორმაში მყოფი თომას მიულერი, რომლის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 4 გოლი და ამდენივე საგოლე პასია, განაცხადს მიღმა დატოვა (გაციებული იყო), ტონი კროოსი კი თამაშში ოდენ მეორე ტაიმში ჩართო. მათ ნაცვლად, ძირითადში ახალწვეულები, ხავი მარტინესი და ჯერდან შაჩირი ვიხილეთ.
ბრწყინვალე იყო ფრანკ რიბერი, რომელიც არიენ რობენს ხშირად უცვლიდა პოზიციას და ვოლფსბურგელებს ორივე ფლანგიდან არბევდა; ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელიც ახლახან გამოჯანმრთელდა, ფორმაში შევიდა და მალე პიკს მიაღწევს, რაც 25 სექტემბერს მორიგი გოლით (მესამე ამ სეზონში) დაამტკიცა; მანამდე კი ბურთი ორჯერ მოარტყა „მგლების“ მეკარე დიეგო ბენალიოს კარის ძელს.
მარიო გომესის არყოფნაში „ბაიერნის“ ბომბარდირი სწორედ „ვოლფსბურგიდან“ გადაბირებული ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩია, რომელმაც ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა და ბომბარდირთა რეიტინგში 5 გოლით (5 მატჩში) პირველ ადგილზე გადაინაცვლა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ 8 საუკეთესო ბომბარდირს შორის 4 ბაიერნელია - მანჯუკიჩი (5), მიულერი (4), შვაინშტაიგერი (3) და კროოსი (3).
მარტინესი ბუნდესლიგის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში პირველად იყო გამწესებული და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა - დაცვის ხაზის წინ არავის არაფერი გააბედვინა და ჭკვიანური პასებითაც გამოირჩა. და მაინც: რა არის „ბაიერნის“ ასეთი ტრიუმფალური სვლის მთავარი საიდუმლო? მანჯუკიჩი ამ კითხვაზე ასე პასუხობს: „ყველა ყველასათვის იბრძვის. ასევე უნდა გავაგრძელოთ! ფეხბურთის თამაში მაგრად გვსიამოვნებს“.
ფაქტია, რომ „ბაიერნის“ კონკურენტებს უკვე აღარ ეცინებათ - მათ შორის არც ბრემენის „ვერდერს“, რომელსაც „ბავარიული ტორნადო“ შაბათს ესტუმრება...
რობენი და მარტინესი გადარჩნენ
სტატიაშიც ვთქვით, რომ ჰაინკესმა ხავი მარტინესი ბუნდესლიგაში პირველად გაამწესა სასტარტო შემადგენლობაში. 72-ე წუთზე ბილბაოს „ატლეტიკიდან“ 40 მილიონ ევროდ შეძენილმა ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. ასეთივე ბედი ეწია „ბაიერნის“ ჰოლანდიელ ლიდერ არიენ რობენსაც.
26 სექტემბერს გაირკვა, რომ მარტინესის და რობენის ტრავმები არ არის სერიოზული და რომ მომდევნო მატჩში (შაბათს, „ვერდერთან“) მოედანზე გასვლა ორივეს შეეძლება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"