იძებნება ჰუნტელაარის შემცვლელი

AutoSharing Option
„მაინცთან“ 3:0-ის შედეგად „შალკემ“ ბუნდესლიგაში 10 ქულა დააგროვა, ცხრილში მოწინავე პოზიციებზეა და მოსისხლე მტერ „დორტმუნდს“ ორი ქულით უსწრებს. გელზენკირხენელებმა ჩემპიონთა ლიგაშიც კარგი სტარტი აიღეს - „ოლიმპიაკოსი“ სტუმრად 2:1 დაამარცხეს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ „შალკემ“ სეზონი კარგად დაიწყო. მიუხედავად ამისა, „მაინცთან“ 3:0-ის შემდეგ გელზენკირხენულ კლუბში მაინც არასახარბიელო ვითარებაა.

„შალკეს“ მთავარი მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი გულშემატკივრებს შემოსწყრა. საქმე იმაშია, რომ ფანების გარკვეულმა ნაწილმა „მაინცთან“ მატჩის დროს საყვარელ გუნდს უსტვინა, რაც ნამდვილად არ იყო ალოგიკური, რადგან მეორე და მესამე გოლები გელზენკირხენელებმა მატჩის
მიწურულსღა გაიტანეს, მანამდე კი არაეფექტურად თამაშობდნენ.

სტევენსი: პირი გამოირეცხონ!
„ჩრდილოეთ ტრიბუნას შევაქებ, რადგან იქიდან არ უსტვენდნენ. სხვებზე კი უნდა ვთქვა, რომ მგონი, ფეხბურთის აზრზე არ არიან, - კბილებში გამოსცრა 58 წლის სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, - საბოლოოდ ეს მატჩი 3:0 მოვიგეთ და სამი ქულა ავიღეთ. ჰოდა, პირი გამოირეცხონ და მომდევნო შეხვედრას დაელოდონ“.

ფაქტია, რომ ასეთი განცხადების შემდეგ სტევენსს გულშემატკივრებთან ურთიერთობა გაუფუჭდება, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩრდილოეთ ტრიბუნის წარმომადგენლებზე აუგი არ უთქვამს, რაც ფანებთან რადიკალურ დაპირისპირებას ააცილებს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარები ფეხბურთელებმაც გააკეთეს. აი, რა თქვა „შალკეს“ გოლეადორმა კლაას-იან ჰუნტელაარმა: „ჩრდილოეთი ტრიბუნა პირველიდან ბოლო წუთამდე მხარს გვიჭერდა, რაც ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი გოლის შემდეგ ცდას არ ვაკლებდით, მაგრამ თამაში არ მიგვდიოდა და ასეთ დროს ფანების სტვენა გუნდზე უარყოფითად მოქმედებს ხოლმე. როცა ქომაგები ხედავენ, რომ გუნდს თამაში არ მისდის, არ უნდა უსტვინონ, ამით ვერაფერს გამოასწორებენ“.

„თამაშს ყველაზე კარგად ყოველთვის ჩრდილოეთი ტრიბუნის ფანები გრძნობენ და კითხულობენ ხოლმე. სამწუხაროდ, ეს ყველას არ შეუძლია, რაც „მაინცთანაც“ გამოჩნდა,“ - ეს კაპიტან ბენედიქტ ჰიოვედესის სიტყვებია.

ჰუნტელაარსა და ჰიოვედესს ვერაფერში შევედავებით, მაგრამ ფაქტია, რომ „შალკეს“ ფანებსაც უნდა გავუგოთ. ნახევარ საუკუნეზე მეტია, ამბიციურ გელზენკირხენულ კლუბს გერმანიის ჩემპიონობა არ უზეიმია და რაკი 2011 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იყო, გულშემატკივრები სამართლიანად ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე „შალკემ“ „მაინცთან“ პირველ ტაიმში აჩვენა.

28 სექტემბერს სტევენსის გუნდი დიუსელდორფის „ფორტუნას“ სახით ისეთ გუნდს სტუმრობს, რომელსაც ბუნდესლიგაში გოლი ჯერ არ გაუშვია. მერე კი „შალკეს“ ორი მნიშვნელოვანი საშინაო მატჩი ელის ჯერ „ვოლფსბურგთან“, მერე კი საფრანგეთის ჩემპიონ „მონპელიესთან“ ჩემპიონთა ლიგაში.

ჰუნტელაარი მიდის?
ამასობაში, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „შალკეს“ ხელმძღვანელებმა ჰუნტელაარის შემცვლელის ძებნა დაიწყეს. „ვალდებული ვარ, ასე მოვიქცე, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, გააფორმებს თუ არა ჰოლანდიელი ჩვენთან ახალ კონტრაქტს. ყველა შემთხვევისთვის მზად უნდა ვიყოთ,“ - განუცხადა „შალკეს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლემენს ტიონიესმა ჟურნალ „შპორტ ბილდს“.

შეგახსენებთ, რომ ჰუნტელაარს გელზენკირხენელებთან ხელშეკრულება 2013 წლის ივნისამდე აკავშირებს და თუ ახლო მომავალში ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, ზაფხულში „შალკედან“ წასვლა ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეეძლება. ცნობილია, რომ ჰუნტელაარს ბევრი მთხოვნელი ჰყავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული