მიუნხენის ”ბაიერნს” როდე აინტერესებს

AutoSharing Option
ფრანკფურტის „აინტრახტის“ სენსაციური სვლის (4 მოგება, 1 ფრე, მეორე ადგილი) ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 21 წლის უნიჭიერესი საყრდენი ნახევარმცველი სებასტიან როდეა, რომელმაც ბუნდესლიგის პირველ ტურებში მთელი საფეხბურთო გერმანიის ყურადღება მიიპყრო.

შესაბამისია მიუნხენის „ბაიერნის“ რეაქციაც: ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, რეკორდმაისტერი ამ ფეხბურთელით სერიოზულად დაინტერესდა.

ცნობა „ბაიერნის“ სებასტიან როდეთი დაინტერესების შესახებ 27 სექტემბერს „მიუნხენერ თაგესცაითუნგმა“ საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. მართალია, ბავარიელებმა ზაფხულში ხავი მარტინესის სახით უძვირფასესი საყრდენი ნახევარმცველი გადაიბირეს და ამ ტრანსფერის შემდეგ რეკორდმაისტერის შუა ხაზში უდიდესი კონკურენციაა, მაგრამ გამოჩნდა ახალგაზრდა გერმანელი, რომელიც
შესანიშნავად ასპარეზობს და არცაა გასაკვირი, „ბაიერნს“ ამ შანსის ხელიდან გაშვება რომ არ უნდა.

გასაკვირი არც ისაა, რომ გაიგეს რა „ბაიერნის“ დაინტერესების შესახებ, „აინტრახტის“ ხელმძღვანელებმა როდესთან კონტრაქტის ნაადრევად გაგრძელება მოისურვეს. გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრს ფრანკფურტულ კლუბთან ხელშეკრულება 2014 წლამდე აკავშირებს. თუმცა იდეა პირველივე დღეს ჩიხში შევიდა - სებამ ამ ეტაპზე მოლაპარაკებების წამოწყება იუარა.

„როდემ გვითხრა, რომ ახლა არ სურს ახალ კონტრაქტზე ლაპარაკი, რადგან ეს ფაზა მის კარიერაში უმნიშვნელოვანესია და უნდა, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იყოს კონცენტრირებული. ჩვენთვის ეს აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია,“ - აცხადებს „აინტრახტის“ სპორტული დირექტორი ბრუნო ჰიუბნერი გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მიუხედავად ამისა, ჰიუბნერი 21 წლის ტალანტის ნაადრევ ტრანსფერს გამორიცხავს - როდეს ჩვენთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ფაქტია, რომ ამ ორ წელიწადში მის გაშვებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და არანაირ კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთო.

თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ფულის შეთავაზების შემთხვევაში „აინტრახტი“ უპრობლემოდ დანებდება. სხვა საქმეა, უღირს თუ არა „ბაიერნს“ როდე ძვირად ახლა, როცა ბასტიან შვაინშტაიგერის, ხავი მარტინესის, ლუის გუსტავოსა და ანატოლი ტიმოშჩუკის სახით 4 კარგი საყრდენი ჰყავს. შეგახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ პოზიციაზე თამაში ტონი კროოსსაც შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული