გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტურის წინ: იქნებ "ვერდერმა" შეძლოს?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მეექვსე ტური 28 სექტემბერს, "ფორტუნას" და "შალკეს" დაპირისპირებით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

29 სექტემბერს ორი უაღრესად საინტერესო მატჩია: "ვერდერისა" და "ბაიერნის" დაპირისპირება ბრემენში და "ბორუსიების" ჯახი დორტმუნდში.

ჰამბურგი იუბილეს აღნიშნავს და "ჰანოვერს" ეთამაშება, ხოლო გასავარდნ ზონაში მყოფ "შტუტგარტს" "ნიურნბერგთან" ექნება საქმე.

30 სექტემბერს მეორეადგილოსანი "აინტრახტი" "ფრაიბურგს" მასპინძლობს, კრიზისულ სიტუაციაში მყოფი "ვოლფსბურგი" კი "მაინცს" მიიღებს.

მოიგებს ჰამბურგი იუბილეზე?
"ჰამბურგს" VII ტურში გამარჯვება განსაკუთრებით სჭირდება, რადგან ბუნდესლიგის "უკანასკნელი დინო" 125 წლის გახ
და და კლუბი უდიდეს საიუბილეო ზეიმს გეგმავს, რომელსაც "ჰანოვერთან" მოგება ნამდვილად დაამშვენებდა.

"გლადბახთან" 2:2-ის შემდეგ მწვრთნელ ტორსტენ ფინკს დისკვალიფიკაციამოხდილი ირაჩეკი უბრუნდება, რომელსაც ალბათ ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

ფაქტია, რომ "ჰანოვერი" "ჰამბურგს" იოლად არაფერს დაუთმობს. მირკო სლომკას გუნდი ჩინებულ ფორმაშია, რაც წინა ტურშიც დადასტურდა: "წითლებმა" "ნიურნბერგი" 4:1 გაანადგურეს და ერთადერთი, რამაც სლომკა დაამწუხრა, ლეონ ანდრეასენის მორიგი მძიმე ტრავმაა, რადგან ეს უკანასკნელი "ჰანოვერისთვის" უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურაა.

თუმცა, რაც მთავარია, ჰანოვერელებს მწყობრში ჰყავთ უნგრელი შემტევი ნახევარმცველი ჟაბოლჩ ჰუშტი, რომელიც 5 ტურის შემდეგ (ერთი ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა) ლიდერობს როგორც საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგს "კიკერის" შეფასებების მიხედვით (საშუალო შეფასება 1.17), ისე გოლს პლუს პასის რეიტინგსაც (3-7).

ცენტრალური მატჩი ბრემენში
ფრანკფურტის "აინტრახტმა" "დორტმუნდთან" ქულები რომ დაკარგა (3:3), ამით "ბაიერნის" წისქვილზე დაასხა წყალი - რეკორდმაისტერი ახლა უკვე ერთპიროვნული ლიდერია.

ხუთი თამაში, ხუთი მოგება, ბურთების შეფარდება 17:2 - "ბაიერნმა" არსებობის ისტორიაში ბუნდესლიგაში საუკეთესო სტარტი აიღო, რაც იმასაც ნიშნავს, რომ მიუნხენში ოქტობერფესტისთვის იდეალური განწყობაა.

"ვოლფსბურგთან" მატჩის (3:0) შემდეგ, ბავარიელთა სპორტული დირექტორი მათიას ზამერი იძულებული გახდა, ეიფორია შეეჩერებინა - ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია და ფეხბურთელების ქება-დიდება ძალიან ადრეაო.

"არ მინდა, შექმნილი სიტუაცია ნეგატიურად შევაფასო, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს და ამის თავიდან ასაცილებლად მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე დგომა და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო", - აღნიშნა ზამერმა.

თანაც, "ბაიერნს" 29 სექტემბერს საკმაოდ რთული მატჩი ელის "ვერდერთან" - რეკორდმაისტერი ყველაზე ხშირად ხომ სწორედ ბრემენში მარცხდება (19 წაგება) ხოლმე.

"მუსიკოსებმა" შუა კვირაში "ფრაიბურგი" 2:1 დაამარცხეს და ცუდად არ უთამაშიათ, მაგრამ ფაქტია, რომ თომას შააფის გუნდს "ბაიერნთან" წარმატების მისაღწევად გაცილებით მეტი მონდომება სჭირდება. აარონ ჰანტმა პირდაპირ თქვა, "ფრაიბურგთან" კი მოვიგეთ, მაგრამ ძალიან ცუდად ვითამაშეთო.

აქვე ვთქვათ, რომ "ვერდერს" მარჯვენა მცველი თეოდორ გებრე სელასიე გამოუჯანმრთელდა. "ბაიერნიდან" მცირე ტრავმები აწუხებთ და კითხვის ნიშნის ქვეშაა ხავი მარტინესის, არიენ რობენისა და თომას მიულერის თამაში.

დიდი შანსია, რომ ბავარიელთა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა მარიო მანჯუკიჩი დაასვენოს და თავდასხმაში კლაუდიო პისარო ათამაშოს, რომელიც ყოფილი ბრემენელია, მიუნხენში კი ამ ზაფხულს გადავიდა.

სხვათა შორის, "ვერდერის" ცენტრფორვარდი ნილს პეტერსენი "ბაიერნის" საკუთრებაა და "მუსიკოსებში" არენდით თამაშობს...

სავარაუდო შემადგენლობები
ვერდერი (4-1-4-1): მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი, სოკრატისი, ფრიტცი - იუნუზოვიჩი - არნაუტოვიჩი, დე ბრუინი, ჰანტი, ელია - პეტერსენი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - რობენი (ან შაჩირი), კროოსი, რიბერი - პისარო.

ვინ გამოსწორდება: ნიურნბერგი თუ შტუტგარტი?
მეხუთე ტურში "ნიურნბერგმა" (1:4 ჰანოვერში) და "შტუტგარტმა" (0:3 ჰოფენჰაიმთან) სამარცხვინო მარცხი იწვნიეს, შაბათს კი ერთმანეთს უპირისპირდებიან და თუკი "ნიურნბერგის" მდგომარეობას არა უშავს, შტუტგარტელები უკვე კრიტიკულ სიტუაციაში არიან.

ბრუნო ლაბადიას თავმომწონე გუნდს მხოლოდ 2 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.

"ჰოფენჰაიმთან" კატასტროფულად ვითამაშეთ და იმედია, ასეთი რამ აღარ განმეორდება", - ეს ლაბადიას სიტყვებია, რომელსაც დისკვალიფიკაციამოხდილი ლიდერი მარტინ ჰარნიკი უბრუნდება.

ცვლილებებს გეგმავს ნიურნბნერგელთა დამრიგებელი დიტერ ჰეკინგიც და დიდი შანსია, რომ ექს-შტუტგარტელი გებჰარტი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სასტარტოში ათამაშოს.

აუგსბურგს ქულები სჭირდება
ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "ჰოფენჰაიმმა" ორი თამაში მოიგო და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. შესაბამისად, მარკუს ბაბელის გუნდის მიზანი "აუგსბურგთან" მოგებათა სერიის სამამდე გაზრდაა.

ბაბელს ძირითადი შემადგენლობის შეცვლის მიზეზი არ აქვს, თანაც, მეკარე ტიმ ვიზე ჯერ კიდევ ტრავმირებულია.

"აუგსბურგი" ერთი ქულით ბოლო ადგილზეა და მიუხედავად ამისა, ფეხბურთელებიცა და ხელმძღვანელებიც ახალგაზრდა მწვრთნელ მარკუს ვაინცირლს მხარში უდგანან - ამ სპეციალისტის შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართო.

სხვათა შორის, "აუგსბურგმა" წინა სეზონიც ამაზრზენად დაიწყო და მხოლოდ მეცხრე ტურში შეძლო პირველი თამაშის მოგება, საბოლოოდ კი მიზანს მაინც მიაღწია და პირველ ბუნდესლიგაში დარჩა.

"თუმცა "ჰოფენჰაიმთან" მინიმუმ ერთი ქულა გვჭირდება", - ეს აუგსბურგელთა სპორტული დირექტორის, მანფრედ პაულას სიტყვებია.

ლევერკუზენის შანსი
"ლევერკუზენმა" აუგსბურგში კი მოიგო (3:1), მაგრამ მწვრთნელები მაინც უკმაყოფილო დარჩნენ - გაცილებით ლამაზი ფეხბურთი უნდა გვეთამაშაო.

გამოსწორების შანსი "ფარმაცევტებს" 29 სექტემბერს "ფიურტთან" საშინაო მატჩში მიეცემათ. მთავარი მწვრთნელი სამი ჰიიპია ტრავმირებულ რაინარტცს ვერ გამოიყენებს, რომელსაც სავარაუდოდ ჰოსოგაი შეცვლის.

"დებიუტანტმა" "ფიურტმა" სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ მერე მოუკლო და ხუთი ტურის შემდეგ მე-16 ადგილზეა, თუმცა მწვრთნელ მაიკ ბიუსკენსს ამაზე მეტად გული წინა ტურში, "ფორტუნასთან" წაგების გამო სწყდება, რადგან თუ "ფიურტს" გადარჩენა უნდა, უშუალო კონკურენტებთან მაინც უნდა მოიგოს.

ბიუსკენსმა თქვა, "ლევერკუზენთან" აქტიურად და თამამად უნდა ვითამაშოთო...

ბორუსიების დუელი: როისი ყურადღების ცენტრში
29 სექტემბერს საღამოს მატჩი სეხნიების დაპირისპირებაა, რომელიც დორტმუნდში გაიმართება.

რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრშია ბუნდესლიგის წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მარკო როისი, რომელიც BVB-მ 17 მილიონ ევროდ შეიძინა და ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

"ეს შეხვედრა პირადად ჩემთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია, მაგრამ ბავშვობიდან "დორტმუნდის" ფანი ვარ და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშისას მაქსიმალურად მოტივირებული ვიქნები", - უთხრა როისმა "კიკერს".

"დორტმუნდმა" ბოლო ორ ტურში ექვსი გოლი (სამი "აინტრახტისგან", სამიც "ჰამბურგისგან") გაუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედი ჩემპიონის მცველები მოწოდების სიმაღლეზე ვეღარ დგანან. დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ამიტომაც თქვა, დაცვას უნდა მივხედოო.

შესაძლოა, მოედანზე გასვლა შეძლოს საყრდენმა ნახევარმცველმა სვენ ბენდერმა, რომელსაც ჯერ ტრავმა, მერე კი გრიპი აწუხებდა.

"მარკო როისი ჩვენთვის უკვე წარსულია და მე არ სურს წარსულზე ლაპარაკი", - განაცხადა მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "გლადბახის" თავკაცმა ლუსიენ ფავრმა. მიონხენგლადბახელთა რეალობა ისაა, რომ გუნდს, რომელმაც წინა სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა, ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული.

თუმცა "გლადბახმა" "ჰამბურგთან" (2:2) დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ ბრძოლისუნარიანი გუნდია - ანგარიში ათი ფეხბურთელით გაათანაბრა. ფავრი VI ტურში შტრანცლს მოისაკლისებს - "ჰამბურგთან" სწორედ ეს უკანასკნელი გააძევეს.

სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, კელი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი (ან გროსკროიტცი) - ლევანდოვსკი.
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, ბრუვერსი, ალვარო დომინგესი, დემსი - ნორდტვეიტი, ჯაკა - ჰერმანი, არანგო - ჰანკე, ლ. დე იონგი.

აინტრახტიც შეუჩერებელია?
"აინტრახტი" უკვე მოვლენაა: ვისაც ოთხივე თამაშიც მოგების შემდეგ მაინც ეპარებოდა ეჭვი ფრანკფურტელთა შესაძლებლობებში, მეხუთე ტურში საბოლოოდ დარწმუნდებოდა, რომ არმინ ფეეს გუნდი ნამდვილად არ იგებს შემთხვევით - "აინტრახტმა" "დორტმუნდთანაც" (განსაკუთრებით მეორე ტაიმში) ძალიან კარგად ითამაშა და 3:3-ს მიაღწია.

30 სექტემბერს ფეეს გუნდს ერთი შეხედვით იოლი მატჩი ელის "ფრაიბურგთან", თუმცა ბრაისგაუელთა თავკაცი კრისტიან შტრაიხი იმუქრება, ფრანკფურტში არაფრისდიდებით არ უნდა წავაგოთო და ჩვენ ვიცით, რომ შტრაიხმა "სხვანაირი" მუქარა იცის...

კვირის მეორე მატჩი "ვოლფსბურგისა" და "მაინცის" ჯახია. "ბაიერნთან" წაგების (0:3) შემდეგ ფელიქს მაგათმა ვარჯიშები გაამკაცრა და მოიტანს თუ არა ეს შედეგს, ამას 30 სექტემბერს გავიგებთ...

გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტური
28 სექტემბერი
ფორტუნა-შალკე  2:2
გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (13), 0:2 მატიპი (20), 1:2 დ.შაჰინი (48), 2:2 დ.შაჰინი (77)

29 სექტემბერი
ლევერკუზენი-ფიურტი 17:30
ტრავმა: რაინარტცი - ტირალა, ფალი

ვერდერი-ბაიერნი 17:30
დისკვალიფიკაცია: ლუკიმია (ვერდერი)
ტრავმა: რედერი, ალაბა, გომესი (ყველა ბაიერნი)

ნიურნბერგი-შტუტგარტი 17:30
ტრავმა: ჰლუშეკი, მენდლერი - ჰუგლანდი, აუდელი, დიდავი, თორუნი

ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 17:30
ტრავმა: ვიზე, კრისი, იაისლე - იენტცში, ს. ლანგკამპი, ფილპი, კალსენ-ბრაკერი, კოო, მუსონა, მიოლდერსი

ჰამბურგი-ჰანოვერი 17:30
დისკვალიფიკაცია: რაიკოვიჩი (ჰამბურგი, შიდა)
ტრავმა: აოგო (ვირუსი), ბრუმა, შარნერი - პანდერი, კ. შულცი, ანდრეასენი, სობიეხი

ბორუსია (დ)-ბორუსია (მ) 20:30
დისკვალიფიკაცია: შტრანცლი (ბორუსია /მ/)
ტრავმა: ოვომოიელა, დუკში - ჯაკა (?)

30 სექტემბერი
აინტრახტი-ფრაიბურგი 17:30
ტრავმა: ამედიკი, კუემაა - როზენტალი

ვოლფსბურგი-მაინცი 19:30
ტრავმა: პილარი, პოლაკი, ჰელმესი - ჰ. მიულერი, რისსე

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 5 5 0 0 17-2 15
2. აინტრახტი 5 4 1 0 14-7 13
3. შალკე 6 3 2 1 12-7 11
4. ჰანოვერი 5 3 1 1 14-8 10
5. ფორტუნა 6 2 4 0 6-2 10
6. ბორუსია (დ) 5 2 2 1 11-8 8
7. ვერდერი 5 2 1 2 9-8 7
8. ლევერკუზენი 5 2 1 2 7-7 7
9. ნიურნბერგი 5 2 1 2 7-9 7
10. ბორუსია (მ) 5 1 3 1 7-7 6
11. ჰოფენჰაიმი 5 2 0 3 10-12 6
12. ფრაიბურგი 5 1 2 2 7-8 5
13. ვოლფსბურგი 5 1 2 2 2-8 5
14. ჰამბურგი 5 1 1 3 7-10 4
15. მაინცი 5 1 1 3 4-8 4
16. ფიურტი 5 1 1 3 2-8 4
17. შტუტგარტი 5 0 2 3 3-12 2
18. აუგსბურგი 5 0 1 4 2-10 1

ბომბარდირები:
5 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 4 - თომას მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული