მიონხენგლადბახის "ბორუსია" არის გუნდი, რომელიც შარშანწინ ძლივს გადაურჩა მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას, ხოლო შარშან, ყველასათვის მოულოდნელად, ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
მართალია, ისტორიულად დიდი "გლადბახი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ შეძვრა, მაგრამ ეს ამ გუნდის მიღწევას მაინც ვერ აკნინებს.
ამ სეზონში ლუსიენ ფავრის გუნდი ისევ ძველებურად უნიათოა - ამ უქმეებზე "დორტმუნდთან"
ზედიზედ მეხუთე მოუგებელი მატჩი და 12 მიღებული გოლი - "გლადბახი" ისევ შავ დღეშია, მის შვეიცარიელ დამრიგებელს კი გეგმა B, როგორც ჩანს, არ აქვს.
"ეს უდიდესი დარტყმა იყო. ისე ითამაშეს, თითქოს მოყვარულები არიან და მოედანზე პირველად გავიდნენ. როგორც ჩანს, ზოგიერთს ჰგონია, რომ უკანახაზელებს არ უნდა მიეხმაროს. ბევრმა ვერ გაიგო, რომ წარმატების მისაღწევად ფეხბურთის ინტელიგენტურად თამაშია საჭირო.
დორტმუნდის "ბორუსია" დიდი გუნდი და გერმანიის ზედიზედ ორგზის ჩემპიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდთან წაგება კატასტროფა არ არის, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - ხოლო ის, რაც შაბათს მოხდა, სირცხვილია.
ორი დღეა, ვფიქრობ, აცნობიერებენ თუ არა ზოგ-ზოგიერთები, სად თამაშობენ. ეს ხომ ბუნდესლიგაა", - წუხდა პრესკონფერენციაზე 54 წლის ფავრი.
კაპიტანი: ნუ მივტირით წარსულს!
როგორც ხედავთ, მწვრთნელი მესამე პირში ლაპარაკობს და ეს იმის დასტურია, რასაც ჩვენი გერმანელი კოლეგები რამდენიმე კვირაა ვარაუდობენ - ფავრსა და ფეხბურთელებს შორის "შავმა კატამ გაირბინა". ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ მას მერე, რაც სეზონი დაიწყო, ფავრი ყველა ინტერვიუში იხსენებს იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ზაფხულში გუნდი დატოვეს - როისს, დანტეს და ნოიშტედტერს ვგულისხმობთ.
შვეიცარიელი მუდმივად იმეორებს, ახალი გუნდის შენება დავიწყე და ეს არც ისე იოლიაო.
"ასე ცუდად რომ ვთამაშობთ, ეს სულაც არაა იმის ბრალი, რომ როისმა, დანტემ და ნოიშტედტერმა დაგვტოვეს. გასულ სეზონზე ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ", - კომენტარებში ნერვებს ვეღარ თოკავს 22 წლის მცველი ტონი იანჩკე.
"როისი, დანტე და ნოიშტედტერი "გლადბახისთვის" უკვე წარსულია და თანაც, ამასაც რომ თავი დავანებოთ, გუნდი გაძლიერდა კიდეც და თანაც, ძალიან სერიოზულად", - ეს კი კაპიტან ფილიპ დემსის სიტყვებია.
შაბათს განცდილი კრახის შემდეგ განგაშის ზარებს მიონხენგლადბახელთა მენეჯერმა მაქს ებერლმაც შემოჰკრა:
"ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ წონასწორობას ასე მალე და მარტივად დავკარგავდით. ისეთ ელემენტარულ შეცდომებს ვუშვებთ, რომ გაოგნებული ვარ. ნაცვლად იმისა, რომ ზომიერად აგრესიულები იყვნენ, ყველა ფეხბურთელი კრეატიულობას ცდილობს და ჯამში არაფერი გამოგვდის!"
"გლადბახისთვის" ყველაზე ცუდი ის არის, რომ ლუსიენ ფავრს იდეები მართლა გამოელია - სათადარიგო გეგმის უქონლობაზე აღარაფერს ვამბობთ...
დორტმუნდი დაბრუნდა, იფეთქებს როისი ევროპაშიც?
"გლადბახის" ჯოჯოხეთი "დორტმუნდის" სამოთხეა - გერმანიის ჩემპიონებმა მიონხენგლადბახელთა ძლევით (5:0), რაც, პირველ რიგში, მარკო როისის დამსახურება იყო (დუბლი), მინი-კრიზისს (1 ქულა ბოლო ორ მატჩში) თავი დააღწიეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იურგენ კლოპის გუნდი დაბრუნდა.
მატჩის შემდეგ როისმა თქვა, ვიცი, რასაც გრძნობენ ახლა ჩემი ყოფილი თანაგუნდელებიო. დორტმუნდელ ფანებს ახლა იმის იმედი აქვთ, რომ მარკო ჩემპიონთა ლიგაშიც იფეთქებს და "ბორუსიას" დაეხმარება იმაში, რომ სიკვდილის ჯგუფიდან გავიდეს.
"იმედია, ეს 5:0 თავდაჯერებას შეგვმატებს, რაც "მანჩესტერ სიტისთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ძალიან გვჭირდება", - უთხრა როისმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
კლოპმა კი მალევე იყნოსა, რომ ნამეტანი არც თავდაჯერებულობა ვარგა და თქვა:
"გლადბახი" მიწასთან გავასწორეთ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ხმამაღალი განცხადებები ვაკეთოთ.
"მანჩესტერ სიტი" მსოფლიო დონის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდია. თუმცა მე ვიცი, როგორ უნდა ვითამაშოთ მანჩესტერში, რომ არ წავაგოთ!"
მარიო რომ დაბრუნდება, რა ბედი ეწევა მეორე მარიოს?
მიუნხენში სრული იდილიაა, რასაც, პირველ რიგში, იმით ვხვდებით, რომ "ბაიერნში" მთავარი სალაპარაკო თემა ორი მარიოა - მარიო გომესი და მარიო მანჯუკიჩი.
ხორვატმა თავდამსხმელმა ბრემენში მორიგი გოლი გაიტანა და მის ანგარიშზე ბუნდესლიგის ექვს ტურში ამდენივე გოლია. ზოგადად კი, ამ სეზონში ჩატარებულ 9 ოფიციალურ შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი.
ეს ასპროცენტიანი კვოტაა, რაც რეკორდმაისტერის მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს არ უტოვებს იმის შანსს, რომ გამოჯანმრთელებული გომესი მანჯუკიჩს ამჯობინოს. ასეთი შედეგით ხორვატი თავდამსხმელი "ბაიერნის" ნომერი პირველი გოლეადორია და მისი ფორმიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მანჯუკიჩი გოლების გატანას მომავალშიც არ შეწყვეტს.
ოპერაციის შემდეგ გომესმა მსუბუქად ვარჯიში დაიწყო და მალე სრულ მზადყოფნაში იქნება.
ძალიან საინტერესოა, რა ელის "პირველ მარიოს", რომელსაც შარშან ამ დროს, ბუნდესლიგის ექვს ტურში რვა გოლი ჰქონდა გატანილი...
ბუნდესლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები ლელოს ვერსიით
(4-1-4-1)
ადლერი (2) (ჰამბურგი)
მანსიენი (ჰამბურგი), სუბოტიჩი (ბორუსია /დ/), ნოვესკი (მაინცი), კლოზე (3) (ნიურნბერგი)
გიუნდოგანი (ბორუსია /დ/)
ბლაშჩიკოვსკი (2) (ბორუსია /დ/), სემი (ლევერკუზენი), ა. მაიერი (აინტრახტი), როისი (2) (ბორუსია /დ/)
დ. შაჰინი (2) (ფორტუნა)
VI ტურის გმირი
მარკო როისი
ბორუსია (დ)
ციფრები გნებავთ? ახლავე! სანამ შეცვლიდნენ, მარკო როისმა შაბათს 9.78 კილომეტრი ირბინა, ბურთს 73-ჯერ შეეხო, 21 აჩქარება გააკეთა და მისი პასების 82 პროცენტი ზუსტი იყო.
გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ როისმა ორი მოხდენილი გოლი გაიტანა და დორტმუნდის პუბლიკა აღაფრთოვანა.
მარკოს გოლს, რომელმაც "გლადბახთან" ანგარიში 3:0 გახადა, "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ულამაზესი უწოდა და დასძინა, სწორედ ამიტომ გადავიხადეთ მასში 17 მილიონიო.
როისმა პირველი გოლი საერთოდ არ იზეიმა, მეორე კი მოკრძალებულად აღნიშნა, რადგან პატივს სცემს "გლადბახს" - გუნდს, სადაც, მისივე თქმით, სამი ულამაზესი სეზონი გაატარა.
საუკეთესო ფეხბურთელები
VI ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 5 1.63
2. რენე ადლერი ჰამბურგი 6 1.67
3. კევინ ტრაპი აინტრახტი 6 2.08
4. თომას მიულერი ბაიერნი 5 2.10
5. სებასტიან როდე აინტრახტი 6 2.17
6. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 6 2.20
7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 3 2.33
8. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 6 2.38
9. პირმინ შვეგლერი აინტრახტი 6 2.40
10. აარონ ჰანტი ვერდერი 6 2.42
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 5 3 7 10
2. თომას მიულერი ბაიერნი 5 4 5 9
3. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 6 6 1 7
4. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 6 3 3 6
5. ტაკაში ინუი აინტრახტი 6 3 3 6
6. ჰიროში კიოტაკე ნიურნბერგი 6 1 4 5
7. მაქს კრუსე ფრაიბურგი 6 3 2 5
8. ალექს მაიერი აინტრახტი 6 4 1 5
9. ბასტიან ოჩიპკა აინტრახტი 6 0 5 5
10. მარკო როისი ბორუსია (დ) 6 4 1 5
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტური: სხვა "ბორუსია" სად არის...