იუპ ჰაინკესმა მათიას ზამერი პოპულისტობაში დაადანაშაულა

AutoSharing Option
ბატე-სთან მოულოდნელი და უსიამოვნო მარცხის შემდეგ "ბაიერნის" მწვრთნელ იუპ ჰაინკესსა და სპორტულ დირექტორ მათიას ზამერს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

ეს არ იყო მხოლოდ ამ წაგების ბრალი - უბრალოდ, როგორც ჩანს, სეზონის პირველი წაგება (ბავარიელებს მანამდე ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდათ) რეკორდმაისტერის თავკაცის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

დაპირისპირება გასულ უქმეებზე, ბრემენში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაიწყო, როცა, მიუხედავად მოგებისა, "ბაიერნის" 45 წლის სპორტულმა დირექტორმა გუნდი და მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკა.

ზამერმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების შემართებით უკმაყოფილო იყო და დასძინა, მწვრთნელმა არ უნდა დაუშვას, რომ
ფეხბურთელები მოდუნდნენო. რაკი "ვერდერთან" მატჩის ჩათვლით "ბაიერნს" ყველა ოფიციალური მატჩი მოგებული ჰქონდა, 67 წლის ჰაინკესმა ზამერს ასეთი განცხადება პოპულისტობაში ჩაუთვალა. ოღონდ "დონ იუპმა" ეს სწორედ ბატე-სთან განცდილი მარცხის შემდეგ თქვა.

"მე არ მომეწონა მათიასის ტონი და ამას არც ვმალავ. ვფიქრობ, ასეთ განცხადებას არ ვიმსახურებდით და ზამერის კრიტიკა აშკარად გადამეტებული იყო. მიმაჩნია, რომ თუ მას რამე არ მოსწონს, ეს საჯაროდ კი არა, პირადად უნდა მითხრას. სხვა შემთხვევაში, ეს პოპულიზმია," - განაცხადა ჰაინკესმა ბატე-სთან მატჩის შემდეგ.

მწვრთნელის შეტევას სპორტული დირექტორის მყისიერი კონტრშეტევა მოჰყვა. ზამერმა თქვა, არც მე მომწონს ჰაინკესის განცხადებაო.

ერთი სიტყვით, ხდება ის, რაც ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ჯერ კიდევ ზაფხულში, იმ დროს იწინასწარმეტყველეს, როცა ზამერის სპორტულ დირექტორად დანიშვნა გადაწყდა.

"ბილდის" ცნობით, 4 ოქტომბერს ზამერი და ჰაინკესი ერთმანეთს ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან ერთად შეხვდნენ.

ოფიციალური კომენტარები აღარ გაკეთებულა, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მომხვდურები შერიგდნენ, თუმცა არავინ იცის, რამდენად გულახდილია ეს შერიგება.

მოგვიანებით კომენტარი მხოლოდ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გააკეთა:

"სპორტულ დირექტორს აქვს იმის უფლება, რომ ასეთი განცხადებები გააკეთოს, თუმცა მიმაჩნია, რომ ზამერმა კრიტიკისთვის ცუდი დრო აირჩია.

მოგებული მატჩებისა და ასპროცენტიანი შედეგის დროს გუნდებს და მწვრთნელებს არ აკრიტიკებენ! თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჰაინკესი წნეხის ქვეშაა, ძალიან ცდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ჰაინკესსა და ზამერს შორის დაპირისპირება ამით დამთავრდება."


გერმანელი ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა არათუ არ დამთავრებულა, არამედ ახლა იწყება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული