სამაგიეროდ, საშინელ ხასიათზეა "შტუტგარტის" დამრიგებელი ბრუნო ლაბადია, რომელმაც "ლევერკუზენთან" მატჩის (2:2) შემდეგ ყველას ჯოვანი ტრაპატონის ლეგენდარული პრესკონფერენცია გაახსენა.
* * *
ლევერკუზენთან 2:2-ის შემდეგ "შტუტგარტის" მთავარ მწვრთნელ ბრუნო ლაბადიას იმდენად ემოციური პრესკონფერენცია ჰქონდა, რომ საფეხბურთო გერმანიაში ყველას ჯოვანი ტრაპატონის ლეგენდარული გამოსვლა გაახსენდა.
ტრაპს, ალბათ, ვერავინ ვერასდროს "გადაუჯოკრავს", მაგრამ ფაქტია, რომ ლაბადიას ეს
შვაბთა 46 წლის დამრიგებლის განრისხების მიზეზი ის იყო, რომ ფანებმა შეხვედრის 77-ე წუთზე ჰოლცჰოიზერის მოედნიდან გაყვანის გამო სტვენა აუტეხეს.
"ამ ბოლო დროს რაღაც-რაღაცები არ მომწონს... არ დავუშვებ იმას, რომ მწვრთნელი ვინმემ უკანასკნელ სულელად გამოიყვანოს. ისე უსტვენდნენ, თითქოს ფეხბურთის გაგებაში არ ვარ. ფანებს რაღაც-რაღაცები არ ესმით და ხანდახან საშინელებებს წარმოიდგენენ ხოლმე.
იქნებ მათ ჰგონიათ, რომ მე ჰოლცჰოიზერი არ მომწონს? თუ ასე ფიქრობენ, ვეტყვი: მე რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ეს ბიჭი "შტუტგარტის" ფეხბურთელი არ იქნებოდა - მის ტრანსფერს ვეტო სწორედ მე დავადე!
რაც შეეხება სტვენას და შეურაცხყოფას - ბუნდესლიგის მწვრთნელი ნაგვის ურნა არ არის! ასეთ რამეს არ ვიმსახურებ", - ყვიროდა ლაბადია მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
ბრუნომ ისიც თქვა, რომ ოდნავადაც არ უკვირს, "შტუტგარტში" მწვრთნელები ხშირად რომ იცვლებიან:
"ნებისმიერი სპეციალისტი, ვისაც აქ მუშაობას შესთავაზებენ, საკუთარ თავს ჰკითხავს, სურს თუ არა გარისკვა. დიდი შანსია, რომ თქვას, მაკოცეთ უკანალზეო... მოთმინების ფიალა ამევსო!"
ეს მისი ბოლო განცხადება გახლდათ, რომლის შემდეგაც "შტუტგარტის" სპორტულმა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა თქვა, ლაბადიას აქვს იმის უფლება, რომ ზუსტად ის ეთქვა, რაც თქვაო, რითაც ყველა მიახვედრა, რომ კლუბის ხელმძღვანელები ბრუნოს გათავისუფლებას არ აპირებენ.
მოგვიანებით ლაბადიას მხარი კოლეგებმაც დაუჭირეს. "ვოლფსბურგის" ასევე უმძიმეს სიტუაციაში მყოფმა თავკაცმა ფელიქს მაგათმა განაცხადა, ბუნდესლიგაში მწვრთნელებს მართლაც ცუდად ექცევიან. თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ყველაფერს სპეციალისტებს აბრალებენო.
შეგახსენებთ, რომ შვიდი ტურის შემდეგ "შტუტგარტს" მხოლოდ ერთი თამაში აქვს მოგებული და მე-15 ადგილზეა...
რიბერი: შეგვიძლია, რომ ჩემპიონები წაგების გარეშე გავხდეთ
"ბაიერნისა" და "ჰოფენჰაიმის" მატჩის დასრულებას ბევრი აღარაფერი აკლდა, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა მატჩისა და ზოგადად, ტურის გმირი ფრანკ რიბერი მოედნიდან რომ გაიყვანა.
29 წლის ფრანგს "ალიანს არენის" პუბლიკა ფეხზე წამოუდგა - "ბაიერნის" ფანებმა რიბერი უდიდესი ოვაციებით გააცილეს. "ჰოფენჰაიმის" კარში ორივე გოლი მან გაიტანა და ბავარიულ გრანდს ოქტობერფესტის საზეიმო საღამოსთვის იდეალური განწყობა შეუნარჩუნა - "ბაიერნს" ხომ შვიდივე თამაში მოგებული აქვს.
"თუ ასე გავაგრძელებთ, ნამდვილად შეგვიძლია, რომ გერმანიის ჩემპიონობა მარცხის გარეშე ვიზეიმოთ. თუ "იუვენტუსმა" ასეთი რამ მოახერხა, ჩვენ რითი ვართ ტურინელებზე ნაკლები?" - აღნიშნა რიბერიმ მატჩის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში "იუვემ" იტალიის ჩემპიონატი წაუგებლად (23 მოგება, 15 ფრე) დაასრულა.
მეტიც, რიბერი ყველა მატჩის მოგებაზე ოცნებობს და ამბობს, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერიაო:
"კარგი იქნება, თუ სეზონის ბოლოს წაგებული მატჩების გრაფაში 0 გვეწერება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ამის გამო წნეხის ქვეშ უნდა მოვექცეთ.
ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ "ბაიერნი" კვლავ გახდეს გერმანიის ჩემპიონი და მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ქულით დავიბრუნებთ "ვერცხლის სინს", - დასძინა რიბერიმ და დაამატა, საფრანგეთის ნაკრების თავკაც დიდიე დეშამს უნდა ვთხოვო, იაპონიასთან ტესტ-მატჩში მაქსიმუმ 30 წუთი მათამაშოს, რადგან გარისკვა აღარ მინდა, ტრავმამ ისედაც ბევრი დრო დამაკარგვინაო.
"ბაიერნის" ფანებს და ხელმძღვანელებს ესეც მოეწონებათ...
ნოვესკი პლუსშია
ამ ტურამდე დიუსელდორფის "ფორტუნა" წაუგებლად ასპარეზობდა და პირველი მარცხი "მაინცმა" მაინცდამაინც ნიკოლჩე ნოვესკის გოლით აგემა.
რატომ გავამახვილეთ ყურადღება ნოვესკიზე? საქმე იმაშია, რომ 33 წლის ცენტრალურ მცველს აქამდე მეტოქის კარშიც იმდენი გოლი ჰქონდა გატანილი, რამდენიც საკუთარ კარში (!).
პირველი ბუნდესლიგის 190 მატჩში "მაინცის" მაკედონიელ უკანახაზელს 6 ავტოგოლი აქვს გატანილი, რითაც "ჰამბურგის" ლეგენდარულ ფეხბურთელ მანფრედ კალცთან ერთად ანტი-რეკორდს ინაწილებს. ახლა კი "ფორტუნას" კარში გატანილი გოლით ნოვესკი პლუსში გავიდა, რადგან მეტოქის კარის ბადე უკვე შვიდჯერ აქვს შერხეული.
"ვიცოდი, რომ ამ თემას წინა პლანზე წამოწევდით, მაგრამ ჩემთვის ეს სულერთია, რადგან ავტოგოლების გამო ნამდვილად არ მინერვიულია. მიხარია, რომ თამაში ჩემი გოლით მოვიგეთ", - განაცხადა ნოვესკიმ მატჩის შემდეგ.
VII ტურის გმირი
ფრანკ რიბერი (ბაიერნი)
"ჰოფენჰაიმის" მარჯვენა მცველი ანდრეას ბეკი თავის პოზიციაზე ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
"ბაიერნთან" მატჩის (0:2) შემდეგ გერმანიის ნაკრების გაფართოებულ სიაში მოაზრებულმა ბეკმა თქვა: "რიბერი მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია. ბურთს რომ მიიღებს, ფლანგზე გაუგონარ და არნახულ ამბებს ატრიალებს. დღეს ძალიან დამჩაგრა!"
29 წლის ფრანგი ბეკს მართლაც კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა. პირველი გოლის დროს ანდრეასი ბავშვივით ჩამოიტოვა და მეკარე კასტეელსს შორეულ კუთხეში გაუტანა, მეორე გოლის მომენტში კი კროოსის დროული პასით ისარგებლა.
მე-7 ტურში "ბაიერნის" წარმატების უმთავრესი გარანტი სწორედ რიბერი გახლდათ და თამამად უნდა ვთქვათ, რომ ფრანკი დღესდღეობით საუკეთესო ბავარიელია.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: "ბაიერნს" არასდროს წაუგია ის მატჩი, რომელშიც რიბერიმ გოლი გაიტანა.
საუკეთესო ფეხბურთელები
VII ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. რენე ადლერი ჰამბურგი 7 1.79
2. თომას მიულერი ბაიერნი 6 2.10
3. ფრანკ რიბერი ბაიერნი 4 2.13
4. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 6 2.20
5. კევინ ტრაპი აინტრახტი 7 2.21
6. სებასტიან როდე აინტრახტი 7 2.29
7. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 7 2.33
8. ილქაი გიუნდოგანი ბორუსია (დ) 5 2.50
9. აარონ ჰანტი ვერდერი 7 2.50
10. ფაბიან გიფერი ფორტუნა 7 2.57
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 6 3 7 10
2. თომას მიულერი ბაიერნი 6 4 6 10
3. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 7 6 1 7
4. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 7 3 3 6
5. ტაკაში ინუი აინტრახტი 7 3 3 6
6. ხუან არანგო ბორუსია (მ) 7 2 5 7
7. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 5 2 3 5
8. ლუის ჰოლტბი შალკე 7 3 2 5
9. ანდრეას ივანშიტცი მაინცი 7 2 3 5
10. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 7 4 1 5
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი |
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | ბაიერნი | 7 | 7 | 0 | 0 | 21-2 | 21 |
2. | აინტრახტი | 7 | 5 | 1 | 1 | 16-10 | 16 |
3. | შალკე | 7 | 4 | 2 | 1 | 15-7 | 14 |
4. | ბორუსია (დ) | 7 | 3 | 3 | 1 | 17-9 | 12 |
5. | ჰანოვერი | 7 | 3 | 2 | 2 | 15-10 | 11 |
6. | ლევერკუზენი | 7 | 3 | 2 | 2 | 11-9 | 11 |
7. | ფორტუნა | 7 | 2 | 4 | 1 | 6-3 | 10 |
8. | ჰამბურგი | 7 | 3 | 1 | 3 | 9-10 | 10 |
9. | მაინცი | 7 | 3 | 1 | 3 | 7-8 | 10 |
10. | ბორუსია (მ) | 7 | 2 | 3 | 2 | 9-12 | 9 |
11. | ფრაიბურგი | 7 | 2 | 2 | 3 | 11-10 | 8 |
12. | ვერდერი | 7 | 2 | 1 | 4 | 10-13 | 7 |
13. | ჰოფენჰაიმი | 7 | 2 | 1 | 4 | 10-14 | 7 |
14. | ნიურნბერგი | 7 | 2 | 1 | 4 | 7-14 | 7 |
15. | შტუტგარტი | 7 | 1 | 3 | 3 | 7-14 | 6 |
16. | აუგსბურგი | 7 | 1 | 2 | 4 | 5-11 | 5 |
17. | ვოლფსბურგი | 7 | 1 | 2 | 4 | 2-13 | 5 |
18. | ფიურტი | 7 | 1 | 1 | 5 | 2-11 | 4 |
ბომბარდირები
6 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 4 - კისლინგი (ლევერკუზენი), ა. მაიერი (აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი), როისი (ბორუსია /დ/), სონი (ჰამბურგი), შაჰინი (ფორტუნა).
მომდევნო ტური
19 ოქტომბერი
ჰოფენჰაიმი-ფიურტი
20 ოქტომბერი
ბორუსია (დ)-შალკე, ლევერკუზენი-მაინცი, ვოლფსბურგი-ფრაიბურგი, აინტრახტი-ჰანოვერი, ფორტუნა-ბაიერნი, ვერდერი-ბორუსია (მ)
21 ოქტომბერი
ნიურნბერგი-აუგსბურგი, ჰამბურგი-შტუტგარტი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტური: მიუნხენში ქეიფის დროა! [VIDEO]