იტალიელები ენაწყლიანები არიან, ბევრი ლაპარაკი უყვართ, მაგრამ მიკელემ თავი ჩაქინდრა და მხოლოდ ორი სიტყვით მიპასუხა: "NO SPETTACOLO"...
იტალია
NO SPETTACOLO
სამწუხაროდ, არ არსებობს ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ როგორი იყო პირველი მილანური დერბი, რომელიც ზუსტად 104 წლის წინათ შვეიცარიულ კიასოში გაიმართა.
სამაგიეროდ, ცნობილია, რომ გუნდებმა 50 კილომეტრი ერთად გაიარეს, მატარებელში ბანქოს თამაშობდნენ, სალიამისა და წითელ ღვინოს ინაწილებდნენ და ვისკიც წრუპეს.
ეს
როგორც ირკვევა, 1908 წლის 18 ოქტომბერს "ინტერმა" და "მილანმა" კარგი საფეხბურთო სპექტაკლი დადგეს, რადგან "გაძეტა დელო სპორტი" წერდა, ეს იყო ბრწყინვალე დუელი, იდეალური საფეხბურთო სანახაობა და ტექნიკურად სრულყოფილი ფეხბურთი, რადგან მოთამაშეებს ერთმანეთის კართან ბურთი ძალიან მოხდენილად მიჰქონდათო...
კვირას მილანური დერბი შედგა და "ინტერმა" 1:0 მოიგო. პირველი დერბისგან განსხვავებით, ამჯერად ფეხბურთელებს ბურთი უმეტესად ერთი ფლანგიდან მეორე ფლანგზე გადაჰქონდათ და ვინც მატჩი ნახა, ყველა დაგვეთანხმება, რომ უსიამოვნო მოლოდინი, რომლის მიხედვითაც, ეს ერთ-ერთი ყველაზე უსახური "მადონინა" იქნებოდა, გამართლდა.
მილანურმა გრანდებმა ზაფხულში ფულის დაზოგვა/შოვნა გადაწყვიტეს და როგორც ჩანს, შეეგუენ იმას, რომ "სპეტაკოლოები" ახლა სხვაგან, კერძოდ, ტურინსა და ნეაპოლში იდგმება.
სილვიო ბერლუსკონის ალღომ, რა თქმა უნდა, ისევ არ უღალატა: მილანურ დერბიზე დასწრებას მან ვლადიმირ პუტინის მე-60 დაბადების დღის აღსანიშნავ ზეიმზე, სანკტ პეტერბურგში წასვლა ამჯობინა - ცხადია, არც ვისკი მოაკლდებოდა და არც სინიორინები...
ისევ კლოზე
"ლაციოსა" და "პესკარას" მატჩში, რომელიც რომაელებმა 3:0 მოიგეს, მიროსლავ კლოზემ "ლაციალეს" ფორმით მეოთხე დუბლი შეასრულა, რის გამოც იტალიელი ჟურნალისტები მასზე კვლავ უკიდურესად აღმატებით ფორმაში წერდნენ.
ზოგმა "უცხოპლანეტელი" უწოდა, ზოგმა "გერმანული ლოკომოტივი", "კორიერე დელო სპორტი" კი კვლავ ზედმეტებში გადავიდა: "ოქროს კლოზე! ევროპის ტირანი! მარადიული გოლეადორი! კლოზე დამშეულია და არასდროს ნაყრდება. ასეთი ფეხბურთელები ხშირად არ იბადებიან!"
საფეხბურთო იტალიას ფენომენები ენატრება...
სერსე კოზმის ფილოსოფია
"სიენასა" და "იუვენტუსის" მატჩში მასპინძელთა დამრიგებელმა სერსე კოზმიმ წითელი ბარათი უცნაურ ვითარებაში დაიმსახურა - "წითელი ჯვრის" წარმომადგენელს (?!) ლანძღვა-გინებით მივარდა და კისერში სწვდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ფეხბურთელს ბურთი დროულად არ მიაწოდა, რის გამოც კოზმი მაშინვე ტრიბუნაზე მიაბრძანეს.
მატჩის შემდეგ კოზმის "იუვენტუსის" სათადარიგო მწვრთნელი მასიმო კარერა შემოელანძღა. თამაშამდე ამ უკანასკნელმა მრავლისმნახველი კოზმი გააკრიტიკა, რაზეც სერსემ ასე უპასუხა: "კარერა? მე მხოლოდ "პორშე კარერა" ვიცი, რომლის ყიდვა, რა თქმა უნდა, არ შემიძლია.
ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, მე იტალიის ქვედა ლიგებშიც მიმუშავია და ვიცი, რას ნიშნავს წაგება ან მოგება, კარგ გუნდში მუშაობა და ცუდ გუნდში მუშაობა. პრობლემას ვერ ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ადამიანი მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს."
...მათ შორის, "პორშე კარერასაც"!..
ინგლისი
ისე რა ტური
პრემიერლიგაში განსაკუთრებული ჯახი არ გამართულა, თუმცა იყო ლონდონური დერბი, რომელზეც საუბარი ნამდვილად ღირს. "არსენალისა" და "ვესტ ჰემის" მატჩში, რომელიც "მეთოფეებმა" 3:1 მოიგეს, ვნახეთ მოჰამედ დიამესა და თეო უოლკოტის მშვენიერი გოლები, ოლივიე ჟირუს პირველი გოლი "არსენალში" და სანტი კასორლას მოხდენილი და, რაც მთავარია, ზუსტი "გასროლა" 20 მეტრიდან.
იყო ვენგერისთვის შეურაცხმყოფელი სიმღერები და ტრავმებიც - გი დემელი, ვინსტონ რეიდი და ვას ტე დაშავდნენ. ამრიგად, "ჩელსისთან" 1:2-ის შემდეგ "არსენალი" დაბრუნდა, თუმცა ვენგერის გუნდი დი მატეოს სამწყსოს შვიდი ქულით ჩამორჩება და მე-7 ადგილზეა.
ე. კოულის გასაჭირი
ეშლი კოულს მძიმე დღეები აქვს. ჯერ იყო და მისმა ყოფილმა ცოლმა შერილმა ავტობიოგრაფიული წიგნი (?!) დაწერა, რომელშიც ეშლისთვის არასასიამოვნო რაღაცებს ვკითხულობთ (შერილი წერს, მხოლოდ უკანალში ვიტამინების შეშხაპუნება მეხმარებოდა იმაში, რომ ეშლისთან ურთიერთობა დამელაგებინაო), პარასკევს კი დისციპლინარულმა კომისიამ ჯონ ტერის პროცესის განაჩენი გამოიტანა, რომელშიც კოულს ჩვენების ტერის სასარგებლოდ გადაკეთებაში ადანაშაულებდნენ და შედეგად, ინგლისის ნაკრებში თავის მე-100 შეხვედრას დიდხანს უნდა ელოდოს. ეშლი "ჩელსიმაც" დასაჯა, მაგრამ მხოლოდ ფულით - ასე რომ, მის საკლუბო კარიერას საფრთხე არ ემუქრება.
სიტყვის კაცი ჰენრი
"ქუინზ პარკ რეინჯერსთან" მატჩში შეცვლის შემდეგ მარიო ბალოტელი პირდაპირ გასახდელისკენ გაიქცა, რობინ ვან პერსის კაბაიესთვის იდაყვის ჩარტყმის გამო დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრება, რობერტ ჰუთმა ლუის სუარესი მოცელა - ეს ყველაფერი არც ისე საინტერესოა...
"დრიბლინგისთვის" საუკეთესო ინგლისური ისტორია "დეილი ტელეგრაფის" ჟურნალისტ ჰენრი ვინტერს გადახდა.
ამ უკანასკნელმა 2010 წელს, "ნიუკასლში" ალან პარდიუს დანიშვნისას დაწერა, თუ ეს სპეციალისტი თავის კონტრაქტს ბოლომდე შეასრულებს, მდინარე "თაინს" გადავცურავო.
წინა კვირაში "ნიუკასლის" ბოსებმა პარდიუს ახალი, 8-წლიანი (!) ხელშეკრულება გაუფორმეს და ვინტერი კვირას მართლაც გადახტა ძალიან ცივ წყალში! ამასთან, ჰენრიმ ბობი რობსონის ფონდისთვის ფულიც შეაგროვა.
პარდიუმ მას "ნიუკასლის" პირსახოცი და ღია ბარათი გაუგზავნა, რომელზეც ეწერა: "ჰენრი, შენ სიტყვის კაცი ხარ!"
ესპანეთი
ორიოდე სიტყვა კლასიკოს შესახებ
"ბარსელონა" VS "რეალი", მოურინიო VS ვილანოვა, მესი VS რონალდო, კატალონია VS ესპანეთი - კლასიკოს ინტრიგები არც ამჯერად აკლდა, რის გამოც, ფაქტობრივად, არავის დაუჩივლია იმაზე, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი ჯახი იყო "ბარსას" და "რეალს" შორის იმ დაპირისპირებებში, რაც ბოლო წლებში გვინახავს.
მართალია, 4 გოლი ვნახეთ, მაგრამ ყველას გვახსოვს 6:2 2008/2009 წლებში, ანაც მომდევნო სეზონში დაფიქსირებული 5:0. თუმცა დამსწრე საზოგადოებას ბილეთში გადახდილი ფული არ უნანია და არც ჩვენ ვინანეთ, "კლასიკოს" რომ ვუყურეთ, რაც იმ ორი "უცხოპლანეტელის" დამსახურებაა, რომლებმაც გოლები გაიტანეს...
უცხოპლანეტელები
ჯერ კიდევ მატჩამდე ვიცოდით, რომ თამაშისა და საერთოდ, ტურის გმირი ან ლიონელ მესი უნდა ყოფილიყო, ანაც კრიშტიანო რონალდო და კითხვას "მაინც რომელი" ამომწურავად მაინც ვერ ეპასუხა.
"მონსტრების კორპორაციის" ანგარიშზე ამჯერად ოთხი გოლიაო, წერდა "მარკა" და ისევ მაგიური ციფრები უნდა მოვიშველიოთ: მესის პრიმერადივიზიონის 221 მატჩში 177 გოლი აქვს, ხოლო რონალდოს მხოლოდ 108 შეხვედრაში - 120.
ეს იმდენად ფენომენალური შედეგებია, რომ "მარკამ" მოითხოვა, 2012 წელს ორი ოქროს ბურთი უნდა დამზადდესო. მესიმ კლასიკოებში გატანილი გოლების რაოდენობა 17-მდე გაზარდა და ალფრედო დი სტეფანოს რეკორდამდე ერთიღა აკლია...
ხუანის კუთხური
ხუან კარლოსი მხოლოდ სამხრეთამერიკული სერიალების გმირებს ჰქვიათ და ერთი ასეთი გმირი "ბეტისსაც" ჰყავს.
"რეალ სოსიედადთან" მატჩში ხუანმა საუკუნის კუთხური მოაწოდა. მოაწოდა? არაფერიც არ მოუწოდებია!
გამოქანებულმა ფეხი ბურთის ნაცვლად კუთხურის ალამს დასცხო და გადაამტვრია! (იხილეთ ვიდეო) ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ მომენტამდე ოთხი წუთით ადრე მის კუთხურს "სოსიედადის" კარში გატანილი გოლი მოჰყვა...
გერმანია
უბედური ლაბადია
ბრუნო ლაბადიას შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება - როგორც კარგის, ისე ცუდის. ერთი ეგაა, რომ ამ ბოლო დროს ბრუნოზე მხოლოდ ცუდს ლაპარაკობენ. უფრო სწორად, სულ დასცინიან. "ლელოს" 9 ოქტომბრის ნომერი ალბათ წაიკითხეთ და იცით, როგორ ლანძღა "შტუტგარტის" მწვრთნელმა ჟურნალისტები, რომლებსაც სულელად გამოჰყავთ და ფანები, რომლებმაც ჰოლცჰოიზერის შეცვლის გამო უსტვინეს.
არადა, ლაბადია ერთადერთი მწვრთნელია მთელ მსოფლიოში, რომელსაც საკუთარმა ფანებმა ტრავმირებული ფეხბურთელის შეცვლის გამო შეიძლება უსტვინონ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"