მიუნხენის "ბაიერნს" დავიდ ალაბა დაუბრუნდა

AutoSharing Option
ლოდინს ბოლო მოეღო: მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ავსტრიელი მარცხენა მცველი დავიდ ალაბა გამოჯანმრთელდა და საკმაოდ ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ 11 ოქტომბერს პირველად მოირგებს რეკორდმაისტერის ფორმას.

ბავარიელებს "შპორტპარკზე" "უნტერჰახინგთან" ტესტ-მატჩი აქვთ, რომელშიც 20 წლის უნიჭიერესი ავსტრიელი აუცილებლად იასპარეზებს.

წესით, მას "ჰოფენჰაიმთანაც" (2:0) უნდა ეთამაშა, მაგრამ ექიმებმა ბოლო მომენტში "ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესს ალაბას მოედანზე გაყვანისგან თავის შეკავება ურჩიეს, "უნტერჰახინგთან" ამხანაგური დაპირისპირებისთვის კი ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბა 21 ივლისს, "ნაპოლისთან" ტესტ-მატჩში დაშავდა და გამოჯანმრთელებისთვის ორთვენახევარი დასჭირდა.

უკვე ცხადია
ისიც, რომ ალაბა 20 ოქტომბერს, დიუსელდორფის "ფორტუნასთან" კალენდარული მატჩისთვისაც მზად იქნება და ჰაინკესი მას მინიმუმ განაცხადში შეიყვანს. მანამდე კი დავიდს ავსტრიის ნაკრებში უხმეს.

ავსტრიელები პარასკევს ყაზახეთს ხვდებიან და ამ შეხვედრაში ბაიერნელი ვერ იასპარეზებს; სამშაბათს კი იმავე მეტოქესთან მოედანზე გასვლის უფლება, სავარაუდოდ, მიეცემა. მანამდე ჰაინკესი ავსტრიის ნაკრების თავკაც მარსელ კოლერს დაელაპარაკება და ალბათ ალაბას დასვენებას სთხოვს.

ფაქტია, რომ ისედაც ძალიან კარგ ფორმაში მყოფ "ბაიერნს" ალაბას დაბრუნება კიდევ უფრო გააძლიერებს - მის არყოფნაში ჰაინკესი დაცვის მარცხენა ფლანგზე ხომ ნომინალურ ცენტრალურ მცველ ჰოლგერ ბადშტუბერს ათამაშებდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული