ბუნდესგუნდის თავკაცი იოახიმ ლიოვი შვედეთთან მატჩში სავარაუდოდ სამი ხედირას ვერ გამოიყენებს.
მადრიდის "რეალის" 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი პარასკევს დაშავდა და შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. გაირკვა, რომ ხედირას კუნთი აქვს დაჭიმული და შვედეთთან მისი თამაში ძალიან სარისკო იქნება.
ირლანდიასთან, ხედირა მეორე ტაიმში ტონი კროოსმა შეცვალა და "ბაიერნის" 22 წლის ნახევარმცველმა დუბლინში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშისთვის მზადაა - მეხუთე და მეექვსე გოლები ტრაპატონის გუნდს სწორედ ტონიმ გაუტანა.
გიოტცე და ლამი ბრუნდებიან
თეორიულად შესაძლებელია, რომ იოგის 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, ბასტიან შვაინშტაიგერის გვერდით, მეორე საყრდენად მარიო გიოტცემ ითამაშოს.
20 წლის დორტმუნდელმა დუბლინში მცირე ტრავმის გამო ვერ იასპარეზა, შვედეთთან მატჩისთვის კი სრულ მზადყოფნაში იქნება.
გიოტცეს ლიოვის ხელში საყრდენ ნახევარმცველად ადრეც უთამაშია, მაგრამ ამ პოზიციაზე კარგად არ გამოიყურებოდა, რის გამოც უნდა ვივარაუდოთ, რომ ხედირას არყოფნის შემთხვევაში ლიოვი მეორე "ექვსიანად" ისევ კროოსს დააყენებს, გიოტცეს კი სათადარიგოთა სკამზე დასვამს.
სკამზე ჯდომის საფრთხეს ვერსად გაექცევა ლუკას პოდოლსკიც, რომელიც ბოლო დროს ბუნდესგუნდში იშვიათად ჩანს, რაც როისის "ბრალია" - მარკომ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თავი დაიმკვიდრა, პოდოლსკი კი სკამზე ჯდომისთვის გაწირა.
შვედეთთან შეხვედრაში ბუნდესგუნდს ფილიპ ლამიც დაუბრუნდება - გერმანიის ნაკრების 28 წლის კაპიტანმა დუბლინური ზეიმი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ლამის დაბრუნება დაცვის ცენტრზე იქონიებს გავლენას, სადაც ორი ადგილისთვის სამნი, ჰოლგერ ბადშტუბერი (23 წლის), პერ მერტეზაკერი (28) და ჟერომ ბოატენგი (24) იბრძოლებენ.
აქვე ვთქვათ, რომ ირლანდიასთან მარჯვენა მცველი ბოატენგი გახლდათ. დაცვის მარცხენა ფლანგზე კი ისევ მარსელ შმელცერის გამოჩენას უნდა ველოდოთ, რომელმაც ირლანდიასთან ძალიან კარგად ითამაშა და კრიტიკოსები, რომლებიც სანაკრებო დონეზე თამაშს უწუნებდნენ, დროებით მაინც გააჩუმა.
გერმანია შვედეთისგან წინააღმდეგობას ელის
საფეხბურთო გერმანია შვედეთის ნაკრებისგან ირლანდიაზე გაცილებით მეტ წინააღმდეგობას ელის და ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ არა მარტო ელის, არამედ ითხოვს კიდეც, რადგან: ბუნდესგუნდისთვის ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქე სწორედ შვედეთია და გერმანიის ნაკრებს ძლიერი მეტოქეები სჭირდება იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათანადოდ მოემზადოს.
პარასკევს შვედებმა ფარერებთან გასვლითი მატჩი ჩაატარეს და კინაღამ შერცხვნენ - 57-ე წუთიდან აგებდნენ, მაგრამ კაჩანიკლიჩმა და იბრაჰიმოვიჩმა თამაში შვედთა სასარგებლოდ შეატრიალეს.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შვედეთმა გერმანიისთვის ძალები დაზოგა. ასეა თუ ისე, ფაქტია ისიც, რომ სამშაბათისთვის სკანდინავიელებს იოჰან ელმანდერიც ეყოლებათ, რომელმაც ფარერებთან მატჩისთვის დაისვენა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"