ოლივერ ბირჰოფი: მიხაელ ბალაკს არ გავაცილებთ!

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანიის ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა ბუნდესგუნდის ყოფილ კაპიტან მიხაელ ბალაკს გამოსათხოვარი მატჩის ჩატარებაზე უარი უთხრა.

ბირჰოფმა უარი ლოგიკურად ახსნა, თუმცა ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მთავარი მიზეზი ისაა, რომ ოლივერი და მიხაელი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ.

ბირჰოფისა და ბალაკის დაპირისპირების ისტორია ყველამ იცის, თუმცა დეტალების გახსენება ნამდვილად ღირს.

მიხაელმა არაერთხელ შეუტია როგორც ბირჰოფს, ისე გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვსაც.

ბუნდესგუნდის იმჟამინდელ კაპიტან ბალაკს არ მოსწონდა, რომ გერმანიის ნაკრები წაგებული ფინალისა თუ დიდ ტურნირზე მესამე ადგილის დაკავების შემდეგ
სახალხო ზეიმს აწყობდა, რომლის მთავარი ორგანიზატორი ყოველთვის ბირჰოფი გახლდათ.

ბალაკს მიაჩნდა, რომ დიდ ტურნირზე მეორე ან მესამე ადგილის დაკავების შემდეგ საფეხბურთო გერმანია არ უნდა ზეიმობდეს.

დაუვიწყარია ის სცენაც, როცა კაპიტან ბალაკს ლუკას პოდოლსკიმ სახალხოდ სილა გააწნა (უელსთან მატჩის დროს) და ამის გამო არ დაისაჯა, ბალაკი კი ნაკრებს ნელ-ნელა ჩამოაშორეს.

რამდენიმე დღის წინ ბალაკმა გამოსათხოვარი მატჩის გამართვის სურვილი გამოთქვა, რაზეც ბირჰოფისგან უარი მიიღო:

"პირადად მე მიმაჩნია, რომ გამოსათხოვარი მატჩების ეპოქა დასრულდა, - განაცხადა ბუნდესგუნდის მენეჯერმა გადაცემა "აკტუელე შპორტშტუდიოში", - გერმანიის ნაკრების ისეთ ფეხბურთელებსაც კი არ ჰქონიათ სპეციალური მატჩი, როგორებიც იყვნენ იურგენ კოლერი და იურგენ კლინსმანი. თანაც, კალენდარი იმდენად გადატვირთულია, რომ ასეთი მატჩის ჩატარება უკვე შეუძლებელია."

ბირჰოფმა ბალაკს გაახსენა, რომ მიხაელს 2011 წელს ბრაზილიასთან ტესტ-მატჩში მონაწილეობა და ამ შეხვედრისთვის მისი გამოსამშვიდობებელი თამაშის სტატუსის მინიჭება შესთავაზა, რაზეც ბალაკმა მაშინ უარი თქვა.

აღსანიშნავია, რომ იმხანად ბალაკს გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვირიშვილები. ბალაკი ბოლო წლების საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი იყო
merabi
15:10 15-10-2012
0

სიახლეები პოპულარული