ბუნდესლიგაში იაპონელი ფეხბურთელების ბუმია

AutoSharing Option
ერთი მეკარეც და ბუნდესლიგაში მოთამაშე იაპონელი ფეხბურთელებისგან კარგი გუნდი შეიკვრებოდა, რადგან გერმანიის ჩემპიონატში იაპონიიდან ექვსი ნახევარმცველი, სამი მცველი და ერთი თავდამსხმელი ასპარეზობს...

ფაქტია, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების საუკეთესო ოთხეულიდან ყველაზე მეტი იაპონელი ფეხბურთელი სწორედ ბუნდესლიგაში თამაშობს და ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ მათი რაოდენობა მალე კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მოქნილი, ტექნიკური და მებრძოლი იაპონელები, როგორებიც არიან ტაკაში ინუი (24 წლის, აინტრახტი), ტაკაში უსამი (20, ჰოფენჰაიმი) ან ჰიროში კიოტაკე (22, ნიურნბერგი), თავიანთი კლუბების ფანებს მართლაც აღაფრთოვანებენ.

"ადრე იაპონელი ფეხბურთელების გერმანული კლუბებისთვის
შეთავაზებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ინტერესი არ არსებობდა, მაგრამ მას მერე, რაც შინჯი კაგავამ "დორტმუნდში" სახელი გაითქვა და "მანჩესტერ იუნაიტედში" 20-ჯერ ძვირად გაიყიდა, გერმანული კლუბები იაპონელებით უფრო და უფრო ინტერესდებიან",
- აცხადებს გერმანიაში დაბადებული და გაზრდილი იაპონელი აგენტი კენ ვაკაცუკი, რომელსაც იაპონიიდან გერმანიაში ფეხბურთელები ჩაჰყავს.

2011 წელს მან მიუნხენის "ბაიერნში" პირველი იაპონელი ფეხბურთელი ჩაიყვანა. მართალია, უსამიმ რეკორდმაისტერში თავი ვერ დაიმკვიდრა, მაგრამ ახლა "ჰოფენჰაიმშია" და იქ ძალიან კარგად გამოიყურება - ამ სეზონში უკვე ორი გოლის გატანა მოასწრო.

აინტრახტელმა ინუიმ სულაც სამი გოლი გაიტანა, ნიურნბერგელმა კიოტაკემ კი მხოლოდ ერთი, მაგრამ, სამაგიეროდ, ფრანკებს 4 საგოლე პასითაც შეეწია. ინუიცა და კიოტაკეც უკვე იყვნენ ტურის გმირები და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდნენ.

მიდგომა შეიცვალა, იაპონელები დააფასეს
"ფეხბურთი შეიცვალა და თანამედროვე სტილს იაპონელი ფეხბურთელები უფრო და უფრო შეესაბამებიან," - ამბობს ვაკაცუკი.

დღეს მთელი მსოფლიო "ბარსელონას" შენატრის, სადაც ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი ბრწყინავენ.

ისინი ტანდაბალი ფეხბურთელები არიან, "ბარსა" კი სწრაფი მოკლე პასებით თამაშობს. ამ სტილს ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა და ამ სტილში იაპონელი ფეხბურთელები მართლაც სამაგალითოდ ჯდებიან.

გერმანელი მრჩეველი თომას კროთი იაპონელ ფეხბურთელებს 1995 წლის შემდეგ ეძებს და იაპონიაში საუკეთესო კონტაქტები აქვს. მისი თქმით, ევროპულმა გრანდებმა ახლაღა დაიწყეს იაპონელი ფეხბურთელების დაფასება.

"ადრე ამბობდნენ, იაპონელი მოთამაშეები ზედმეტად დაბლები და სუსტები არიანო, მაგრამ მე მათ ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ სწორედ ესაა იაპონელი ფეხბურთელის მთავარი პლუსები. რაც მთავარია, ეს ბიჭები ყოველთვის ბრძოლისუნარიანები არიან და თავს არასდროს ზოგავენ.

სისუსტე და ტანდაბლობა კი ტექნიკურობას და სისწრაფესაც ნიშნავს. გერმანულმა კლუბებმა იაპონელ ფეხბურთელებზე აზრი განსაკუთრებით მას მერე შეიცვალეს, როცა ნახეს, რომ მაკოტო ჰასებემ "ვოლფსბურგში" იმედები გაამართლა და ამ გუნდთან ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა; მერე კი შინჯი კაგავამ აბსოლუტურად ყველას შეაცვლევინა აზრი, რადგან "დორტმუნდში" წამყვანი ფეხბურთელი იყო და "ბორუსიას" ჩემპიონობაში ერთ-ერთი უმთავრესი როლი ითამაშა," - აცხადებს კროთი.

მთავარი პლუსები: დისციპლინა და მონდომება
გერმანულ კლუბებს, პირველ რიგში, იაპონელი ფეხბურთელების მენტალიტეტი და საქმისადმი მიდგომა მოსწონთ.

ისევე, როგორც ზოგადად იაპონელები, იქაური ფეხბურთელებიც სამაგალითოდ დისციპლინირებულები და ნამდვილი პროფესიონალები არიან - მათ მონდომებაზე ლეგენდები დადის. მაგალითად, უსამი წელიწადნახევარია, რაც გერმანიაში თამაშობს და უკვე აღარ სჭირდება თარჯიმანი, რადგან გერმანული ისწავლა.

კროთისა და ვაკაცუკის აზრით, ბუნდესლიგაში იაპონელი ფეხბურთელების ბუმი არ შეწყდება, რადგან "ამომავალი მზის ქვეყანაში" უამრავი ტალანტია, რაც იმის დამსახურებაა, რომ იაპონიის პროფლიგაში, რომელიც 1992 წელს დაარსდა, ბავშვთა ფეხბურთს უკვე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.

უდიდეს პროგრესს განიცდის იაპონიის ნაკრებიც, რომელსაც 59 წლის იტალიელი სპეციალისტი ალბერტო ძაკერონი წვრთნის. ძაკის შეგირდებმა პარასკევს პარიზში საფრანგეთი დაამარცხეს (1:0, გოლი: კაგავა), 16 ოქტომბერს კი ბრაზილიას ეთამაშებოდნენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული