გერმანელები 4:0-ს იგებდნენ, საფინალო სასტვენამდე ნახევარი საათიღა იყო დარჩენილი და თუ რომელიმე გუნდს გოლის ან გოლების გატანას კიდევ ვუწინასწარმეტყველებდით, მხოლოდ გერმანიას.
62-ე წუთიდან კი დაიწყო ის, რასაც არავინ ელოდა და ვერავინ წარმოიდგენდა - შვედებმა მანუელ ნოიერის კარში 4 გოლი გაიტანეს და დააფიქსირეს ანგარიში, რომელიც ისტორიას დარჩება (იხილეთ ვიდეო).
თუ გოლების ქრონოლოგიასაც გავითვალისწინებთ, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მატჩი უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც ყველა
არა იმიტომ, რომ ფეხბურთში 4-ბურთიანი ჩამორჩენის ამოქაჩვა რთულია, არამედ იმის გამო, რომ ეს გერმანიას დაემართა - გუნდს, რომელიც თვითონაა ცნობილი ჩამორჩენების ამოქაჩვით.
ყველამ იცის, რომ გერმანიას რა ანგარიშითაც არ უნდა უგებდე, ბოლო წუთამდე უმაღლესი კონცენტრაციით უნდა ითამაშო და ამიტომაც ვთქვით, რომ სასწაულზე მეტია ის, რაც შვედეთის ნაკრებმა მოახერხა.
ამას თქმა არ სჭირდება, მაგრამ მაინც: გერმანიის ნაკრებმა, რა თქმა უნდა, პირველად გაანიავა 4-ბურთიანი უპირატესობა. ამასთან, ბუნდესგუნდმა დიდი ტურნირების საკვალიფიკაციო მატჩებში ზედიზედ 13 გამარჯვების შემდეგ ვერ მოიგო და ჯგუფში უმთავრეს კონკურენტს პირველი ადგილისთვის გაბრძოლების შანსი დაუტოვა.
გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვის სახე მე-60 წუთისთვის რადიკალურად განსხვავდებოდა საფინალო სასტვენის შემდეგ მიღებული გამომეტყველებისგან და მას მერე, რაც ბუნდესმწვრთნელი ჰქვია, იოგი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პირველად ეძებდა სიტყვებს.
"ამ ყველაფერს ვერაფრით ავხსნი. ერთი საათის განმავლობაში ყველაფერი იდეალურად იყო... კარგად ვთამაშობდით. ჰო, კარგად ვთამაშობდით და სოლიდური ანგარიშითაც ვიგებდით. რაც მერე მოხდა, ჩემთვის აუხსნელი ფენომენია.
4-ბურთიანი უპირატესობის ნახევარ საათში განიავება შეუძლებელია. გასახდელში ახლა სამარისებური სიჩუმეა.
მაგრამ ეს წაგება წელში ვერ გაგვტეხავს. როგორც ყოველთვის, სწორ დასკვნებს გავაკეთებთ და რაღაცებს ვისწავლით. ეს თამაში ჩვენთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს," - ძლივს ამოღერღა ლიოვმა.
ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" 74 000 ქომაგი მივიდა და უნდა გენახათ, როგორ ზეიმობდნენ დედაქალაქელი ფანები შესვენებაზე და მერეც, როცა მესუთ იოზილმა შვედეთის ნაკრების კარში მეოთხე გოლი გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ კი სტადიონზე მხოლოდ სტვენა ისმოდა და ისიც ალაგ-ალაგ - გერმანელი გულშემატკივრები მომხდარით იმდენად შოკირებულები იყვნენ, რომ მასირებული და ხმაშეწყობილი სტვენის თავიც არ ჰქონდათ...
გამოხმაურება გერმანულ პრესაში
ბილდი: "იოგი, ეს იყო სიბრიყვე!"
შპიგელი: "სენსაცია: გერმანიამ 4:0 გაანიავა!"
კიკერი: "ლიოვის გუნდის კოშმარული ნახევარი საათი - შვედებმა შეუძლებელი შეძლეს"
ფრანკფურტერ ალგემაინე: "4:4 4:0-ის შემდეგ - გერმანია მოიშალა!"
ზუდდოიჩე ცაითუნგი: "გროტესკულად დაკარგული გამარჯვება"
გამოხმაურება შვედურ პრესაში
მეტრო: "ზლატანი ბერლინის სასწაულის შემდეგ: მომხდარს ვერაფრით ავხსნი"
დაგენს ნიჰეტერი: "ელმი: ეს იყო ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი!"
ექსპრესენი: "დანქე! დანქე! დანქე! მიეცით ჩვენს ნაკრებს ნობელის პრემია!"
გამოხმაურება ევროპულ პრესაში
გაძეტა დელო სპორტი: "გერმანიის ნახევარსაათიანი კოშმარი: შვედეთმა ისტორია დაწერა, ანგელა მერკელს სახეზე ღიმილი შეაშრა!"
დეილი მირორი: "გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: შვედეთმა გერმანიას ბერლინში ნახევარ საათში 4 გოლი გაუტანა. სპექტაკლის დასასრული: 4:4"
მარკა: 4:4 4:0-ის შემდეგ - დაუჯერებელია! ბერლინში ვნახეთ ის, რაც ათწლეულებია, არ გვინახავს."
სოვეტსკი სპორტი: "ამ მატჩის შემდეგ გარი ლინეკერი თავის ლეგენდარულ გამონათქვამს შეცვლის."
მატჩის ანალიზი: როგორ მოხდა ეს ყველაფერი
* გერმანიის ნაკრებმა მეტოქეს პირველივე წუთებიდან მაღალი ტემპი და კრეატიული შეტევები დაუპირისპირა. მესუთ იოზილი ბევრს მოძრაობდა და ყველგან იყო. თომას მიულერი ხშირად იწევდა ცენტრში, რითაც ბოატენგს სივრცეს უთავისუფლებდა, რასაც ეს უკანასკნელი უმეტესად კარგად იყენებდა.
* შვაინშტაიგერი და კროოსი მოედნის ცენტრს იდეალურად ინაწილებდნენ. ბასტიანი ბურთის გამნაწილებელიც იყო და თან კროოსზე რამდენიმე მეტრით უკან იდგა და მას კარგად აზღვევდა. კროოსი კი ხშირად მიდიოდა წინ და შვედეთის საჯარიმოს მისადგომებიდან ქმნიდა ხიფათს.
* მიუხედავად იმისა, რომ შვედები ორი ხაზით იცავდნენ თავს და საკმაოდ კომპაქტურად იდგნენ, გერმანელები მაინც ახერხებდნენ მოკლე პასებით ჩინებული კომბინაციების გათამაშებას. კროოსი, იოზილი და როისი ერთმანეთს იდეალურად უგებდნენ.
* შვედეთის ნაკრები დაცვაში ხშირად უშვებდა შეცდომებს. ვერნბლუმმა და ელმმა პირველ ტაიმში მოედნის ცენტრში მხოლოდ სამი ორთაბრძოლა მოიგეს. განსაკუთრებით მოისუსტებდნენ შვედი ფლანგის მცველები, რასაც გერმანელებმა ალღო სწრაფად აუღეს და უმეტესად სწორედ ფლანგებიდან უტევდნენ.
* იბრაჰიმოვიჩი და ელმანდერი თავიდან მეტწილად ერთ ხაზზე იდგნენ. ზლატანი ძალიან დიდხანს, უფრო ზუსტად, მანამდე იყო უსაქმოდ, სანამ გოლი არ გაიტანა, რომლითაც ანგარიში 1:4 გახდა.
* თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველი 60 წუთი გერმანიის ნაკრებმა იდეალურად ითამაშა, ზლატანის გოლის შემდეგ კი ბუნდესგუნდი რატომღაც აიჭრა. შვედებმა ორჯერ გაგზავნეს მაღალი ბურთი ცენტრიდან გერმანიის ნაკრების საჯარიმოში, ბადშტუბერსა და ლამს შორის და ბადშტუბერი ორივეჯერ პოზიციურად შეცდა.
* აუხსნელი და გერმანიის ნაკრებისთვის ძალიან საშიში ფენომენია ის, თუ როგორ შეძლო შვედეთმა კიდევ სამი გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება. დასკვნით ფაზაში გერმანელებმა მხოლოდ ორჯერ შეძლეს რეაქციის ჩვენება (იოზილისა და კროოსის შორეული დარტყმები).
* გერმანიის ნაკრების უკანა ხაზის უსუსურობას ვერც მანუელ ნოიერმა უშველა. შვედების მეორე გოლის დროს ბუნდესგუნდის მეკარე ცუდად გამოიყურებოდა და მას მეოთხე გოლშიც მიუძღვის ბრალი.
* შვედეთის ნაკრები 60 წუთის განმავლობაში ძალიან სუსტი იყო, მერე კი გერმანიას ნახევარ საათში 4 გოლი გაუტანა, რაც ორივე გუნდისთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა.
კომენტარები
ფილიპ ლამი (გერმანიის ნაკრების კაპიტანი): "როცა 4:0-ს იგებ და თამაში 4:4 დამთავრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე ცუდადაა.
როცა შვედებმა მეორე გოლი გაგვიტანეს, მარტივ მამრავლებად დავიშალეთ, რაც გერმანიის ნაკრების დარ გრანდს არ ეპატიება. მეორე ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და წესრიგი დავკარგეთ."
ტონი კროოსი (გერმანიის ნაკრები): "სიმართლე გითხრათ, მომხდარის ახსნა არ შემიძლია. ეს მატჩი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება დაგემართოს, როცა კონცენტრაციას დაკარგავ.
შვედებმა მეორე ტაიმში მაგრად იბრძოლეს და ეს შედეგი მართლაც დაიმსახურეს. მათი პირველი და მეორე გოლი ჩვენთვის ნიშანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც ვერ აღვიდგინეთ კონცენტრაცია."
ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანიის ნაკრები): "არ მეგონა, თუ ოდესმე ასეთი მატჩის მომსწრე გავხდებოდი. დაუშვებელი და მიუღებელია ის, რომ გერმანიის ნაკრებმა 4:0 გაანიავოს. მეორე ტაიმში ყველამ რაღაც დავაკელით.
შვედეთის ნაკრებთან ფრე კატასტროფა არ არის, მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა, ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასია. ფაქტია, რომ ახლა გარკვეული დისკუსიები დაიწყება, მაგრამ ეს, სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს."
ერიკ ჰამრენი (შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ეს ისტორიული მატჩი იყო. ბედნიერი ვარ, რომ შვედეთის ნაკრებმა ასეთი რამ ჩემი ხელმძღვანელობით შეძლო, მაგრამ ახსნას ვერ ვუძებნი იმას, რაც მოხდა. ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება! ვამაყობ ჩემი ბიჭებით, ეს დღე არასოდეს დამავიწყდება."
რასმუს ელმი (შვედეთის ნაკრების ფეხბურთელი, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა): "თავიდან გერმანელები აკეთებდნენ იმას, რაც უნდოდათ, მე კი ზლატანის გოლის მერეც არ მჯეროდა, რომ ბერლინიდან ქულას წავიღებდით. ჩემი გოლის მომენტში უკვე ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია, უბრალოდ, დავარტყი."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"