გერმანიის აზრი ორად გაიყო - მანუელ ნოიერი თუ რენე ადლერი?

AutoSharing Option
შვედეთთან 4:4-მა გერმანიის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსები არ შეამცირა, მაგრამ საფეხბურთო გერმანიის აზრზე ბუნდესგუნდის მიმართ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია, რისი დასტურიც თუნდაც ეს ფაქტია: ბუნდესმეკარე მანუელ ნოიერი ამ მატჩის შემდეგ ბევრმა ექსპერტმა გააკრიტიკა.

26 წლის კარის დარაჯმა, რომელიც გერმანიის ნაკრების პირველი ნომერი 2010 წლიდანაა, შვედეთთან ცუდად ითამაშა - წუნი ჰქონდა როგორც ბურთის თამაშში შეტანისას, ისე გამოსვლების დროს და ოთხიდან ორი გოლის აღება ნამდვილად მართებდა.

შესაბამისად, ნოიერს ყველაზე ცუდი შეფასება დაუწერეს, გაზეთმა "ბილდმა" კი მყისვე გამოკითხვა ჩაატარა.

კითხვა ასე ჟღერდა:
არის თუ არა ნოიერი დღესდღეობით საუკეთესო გერმანელი მეკარე?

გამოიკითხა 200 000-მდე ქომაგი და როგორც მოსალოდნელი იყო, შედეგი ნოიერისთვის არასახარბიელოა.

მანუელს გერმანიის საუკეთესო მეკარედ მხოლოდ 42 პროცენტი მიიჩნევს. ზუსტად 42 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ბუნდესგუნდის პირველი მეკარის წოდებას დღეს "ჰამბურგის" კარის დარაჯი რენე ადლერი უფრო იმსახურებს, რომელიც მართლაც შესანიშნავ ფორმაშია.

შეგახსენებთ, რომ ნოიერამდე გერმანიის ნაკრების პირველ ნომრად სწორედ 27 წლის ადლერი მიიჩნეოდა, რომელიც იმხანად "ლევერკუზენში" თამაშობდა, მაგრამ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის წინ მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ბუნდესმეკარე ნოიერი გახდა.

მას მერე ადლერს ორი ურთულესი სეზონი ჰქონდა, ახლა კი "ჰამბურგშია", სადაც ძველებურად ათამაშდა და საფეხბურთო გერმანია კვლავ აალაპარაკა.

მიუხედავად ამისა, გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა ადლერი, რომელსაც ბუნდესგუნდში 10 მატჩი აქვს ჩატარებული, ირლანდიასთან და შვედეთთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის არ გამოიძახა. ახლა კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იოგი რენეს ბუნდესგუნდში მალე დააბრუნებს.

საინტერესოა ისიც, რომ ლიოვის გუნდის მეორე და მესამე ნომრებად აღიარებულმა მეკარეებმა ქომაგებისგან ძალიან ცოტა ხმა მიიღეს - მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ქვეყნის საუკეთესო გოლკიპერად გამოკითხულთა მხოლოდ 11 პროცენტი მიიჩნევს, ჰანოვერელმა რონ-რობერტ ცილერმა კი სულაც ხმების 5 პროცენტი მიიღო.

გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ საფეხბურთო გერმანია ლიოვს ნაკრებში ადლერის დაბრუნებას სთხოვს.

იოგიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რენესთვის ბუნდესგუნდის კარი ღიაა და თუ ასე გააგრძელებს, აუცილებლად გამოვიძახებო.

ვფიქრობთ, ყოველივე ზემოთქმულის ფონზე ადლერის გერმანიის ნაკრებში დაბრუნებას საკმაოდ მალე, მაგალითად, ნოემბერში დაგეგმილი ტესტ-მატჩისთვის (ამსტერდამში, ჰოლანდიასთან) უნდა ველოდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული